ბოლო 50 წელიწადში ადამიანებმა ველური ბუნების 2/3 გაანადგურეს
ამ თვეში გამოქვეყნებული ორი დიდი მოხსენებიდან ნათლად ჩანს, რომ ჩვენი პლანეტის ველური ბუნება დიდი განსაცდელის წინაშეა.
ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) Living Planet Report-ის მიხედვით, რომელიც წინა კვირას გამოქვეყნდა, ადამიანურმა აქტივობამ ბოლო ნახევარ საუკუნეში მსოფლიოს ველური ბუნების პოპულაციები საშუალოდ 68 პროცენტით გაანადგურა.
კვლევამ ძუძუმწოვრების, თევზების, ფრინველების, ქვეწარმავლებისა და ამფიბიების 4 392 სახეობა გააანალიზა 1970 წლიდან 2016 წლამდე. კვლევის ინფორმაციით, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის პოპულაციები ყველაზე მეტად შემცირდა — მთელი საზარელი 94 პროცენტით. WWF-ის თქმით, მთლიანობაში ამ კვლევაში დაფიქსირებული მკვეთრი კლება "იმას მიანიშნებს, რომ ადამიანებსა და ბუნებას შორის ურთიერთობა ძირეულადაა დარღვეული".
WWF-ს მოხსენების მიხედვით, ადამიანების მიერ ჰაბიტატების განადგურება მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების მთავარი საფრთხეა. მაგალითად, მტკნარი წყლის ძუძუმწოვრების, ფრინველების, ამფიბიებისა და ქვეწარმავლების პოპულაციები 1970 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად საშუალოდ 4%-ით მცირდებოდა.
"ჩვენ ნელ-ნელა ბუნების ჩამოშლის სურათს ვხედავთ. ეს ძალიან შემაშფოთებელია — თანაც 'შემაშფოთებლის' ჩვენეული სტანდარტებითაც კი შემაშფოთებელი. მტკნარი წყლის ეკოსისტემებში ძალიან შესამჩნევ კლებას ვხედავთ, რაც დიდწილად იმითაა გამოწვეული, თუ როგორ ვაგუბებთ მდინარეებს და როგორ ვიყენებთ მტკნარი წყლის რესურსებს მზარდი მოსახლეობისთვის საჭირო საკვების საწარმოებლად მსოფლიოს მასშტაბით", — განაცხადა WWF-ის მთავარმა მეცნიერმა რებეკა შოუმ CNN-თან საუბრისას.
სამშაბათს, 15 სექტემბერს, გაერომ Global Biodiversity Outlook-ის მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც 2010 წელს Aichi Biodiversity Targets-ზე ხელმომწერი 196 ქვეყნის პროგრესი — თუ მისი არარსებობა — იყო შეჯამებული. ამ 10-წლიან გეგმაში დასახული იყო ამბიციური მიზნები, თუ როგორ უნდა შეჩერებულიყო მსოფლიოს მასშტაბით ბიომრავალფეროვნების კოლაფსი. მიუხედავად ამისა, გაეროს მოხსენების მიხედვით, ბოლო ათწლეულში მსოფლიომ ამ მიზნებიდან თითოეულში სრული კრახი განიცადა.
თუმცა გაეროს მოხსენებაში მცირეოდენ სასიხარულო ინფორმაციებიც იყო. მაგალითად, ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ადამიანების მიერ წარმოებული ბუნების დაცვის მცდელობების ეფექტურობას, მაგალითად, პაკისტანში არსებულ პროგრამას, რომელიც ირბისებს, იგივე თოვლის ლეოპარდებს, იცავს, და ჩინური ივეოსის გადაშენებისგან დაცვის კამპანიას. ბუნების დაცვის მცდელობები რომ არა, კვლევის გამოთვლებით, ბოლო ათწლეულში გადაშენებული ფრინველებისა და ძუძუმწოვრების რიცხვი ორჯერ უფრო დიდი იქნებოდა.
გარდა ამისა, ქვეყნებმა გაეროს ზოგიერთი მიზანი ნაწილობრივ მაინც შეასრულეს, მათ შორის "ინვაზიური სახეობების პრევენცია" და "დაცული ადგილების კონსერვაცია".
"ბიომრავალფეროვნების კლების სიჩქარე კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტოა და ის ჯერ კიდევ იზრდება", — განაცხადა გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის აღმასრულებელმა მდივანმა ელიზაბეტ მარუმა მრემამ.
"დედამიწის ცოცხალი სისტემები საფრთხის ქვეშაა. რაც უფრო მეტად აზიანებს კაცობრიობა ბუნებას არამდგრადად და ადამიანებისადმი მის ამაგს არ აფასებს, მით უფრო ვუთხრით ძირს საკუთარ კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას", — დაამატა მრემამ.
WWF-ისა და გაეროს თქმით, COVID-19-ის პანდემია გლობალური ბიომრავალფეროვნების კლებით გამოწვეული ადამიანური საფრთხის ერთ-ერთი მაგალითია. ივლისში გამოქვეყნებული გაეროს წინა მოხსენების მიხედვით, თუკი ადამიანები გააგრძელებენ ეკოსისტემების დარღვევას, იმის საშიშროება, რომ ზოონოზური დაავადებები ცხოველებიდან ადამიანებზე გადმოვა, გაიზრდება.
რებეკა შოუს თქმით, შემზარავი მონაცემების მიუხედავად, გლობალური საზოგადოების მხრიდან მყისიერ მოქმედებებს ჯერ კიდევ შეუძლია ბიომრავალფეროვნების კლების ყველაზე ცუდი ტრენდების შეცვლა. NPR-ის კორესპონდენტ ნათან როტის თქმით, წინა კვირაში Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მკვლევრებმა WWF-ის მოდელები გამოიყენეს იმის საჩვენებლად, თუ რა გზები არსებობს ბიომრავალფეროვნების კლების "მრუდის გადასახრელად". ამ გზებს შორისაა მიწების დაცვის გაზრდა და საკვების გლობალური წარმოების გადაკეთება.
მიუხედავად ამისა, როტი აღნიშნავს, რომ მოხსენება იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანთა მზარდმა მოსახლეობამ "ეკოლოგიური უწონასწორობა" გამოიწვია, რომელშიც ადამიანებს გადასარჩენად იმაზე მეტი რესურსი სჭირდებათ, ვიდრე ბუნებას შეუძლია წარმოება. მოდელებზე დაყრდნობით მკვლევრები ასკვნიან: "ადამიანებს ახლა 1.56-ჯერ მეტი რესურსი სჭირდებათ, ვიდრე დედამიწას შეუძლია აღადგინოს".
კომენტარები