მეცნიერთა ჯგუფი ეჭვობს, რომ რუსული ვაქცინის კვლევის მონაცემები გაყალბებულია
მეცნიერთა ჯგუფი ჟურნალში The Lancet გამოქვეყნებულ COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის კვლევის მონაცემებს აკრიტიკებს. ავტორთა მისამართით გამოქვეყნებულ ღია წერილში ისინი ცალსახად მიანიშნებენ, რომ სტატიაში გამოყენებული მონაცემები, შესაძლოა, კოპირებული იყოს. მათი განცხადებით, ნაშრომში მოყვანილი მონაცემები ჩაუშლელად არის მოწოდებული, რის გამოც რთულდება იმაზე მსჯელობა, თუ კონკრეტულად რა ფაქტობრივ მტკიცებულებას ეყრდნობა მიღებული შედეგები.
"რადგანაც სტატიაში აღწერილი კვლევა დიდი მნიშვნელობის მატარებელია, წარმოდგენილი მონაცემები ერთდროულად რამდენიმე ეჭვს ბადებს, რაც შემდგომი სრული გამოძიებისთვის ძირეულ მონაცემებთან წვდომას საჭიროებს", — ვკითხულობთ ღია წერილში
რუსული ვაქცინა რეკომბინანტულ ადენოვირუსულ ვაქცინას წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ორგანიზმში შესაღწევად ჩვეულებრივი გაციების გამომწვევი ადენოვირუსების ჯგუფის წარმომადგენელს იყენებს. ამ უკანასკნელთან SARS-CoV-2-ის სპაიკ-ცილაა დაკავშირებული, რომელსაც იმუნიტეტი ამოიცნობს და მის წინააღმდეგ იმუნური პასუხის გამომუშავებას იწყებს.
ვაქცინაზე ორი არა-რანდომიზებული, I და II ეტაპის კვლევა ჩატარდა, რომელშიც ჯამში 76 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი ასაკი 18-დან 60 წლამდე მერყეობდა, ხოლო კვლევა ივნისიდან აგვისტოს დასაწყისამდე, მოსკოვის ორ ჰოსპიტალში მიმდინარეობდა. როგორც ავტორები აღნიშნავენ, აცრიდან 42 დღის მანძილზე გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა, ხოლო 21 დღეზე ნაკლებ პერიოდში ორგანიზმმა ანტისხეულები გამოიმუშავა. ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა რუსეთის ხელისუფლებისთვის, რათა ვაქცინის ფართო გამოყენებაზე ნებართვა გაეცა. მათი ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე თვეში იგი ფართო მასებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.
ამგვარმა აჩქარებამ მკვლევარებს შორის აზრთა სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ ვაქცინის მასიურ გამოყენებაზე ნებართვის საფუძველი უფრო დიდი, პოპულაციური კვლევები უნდა იყოს — ამ ეტაპს რუსული ვაქცინა გადაახტა.
შესაძლო კოპირება
ღია წერილი მოლეკულური ბიოლოგის, ენრიკო ბუჩის ბლოგზე გამოქვეყნდა. სწორედ ის გახლდათ ერთ-ერთი პირველი, ვინც სტატიაში გამოქვეყნებულ მონაცემებში დაეჭვდა. მაგალითად: ერთ-ერთ სურათზე მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები, სადაც სხვადასხვა ვაქცინით აცრილი 9 მოხალისისგან შექმნილი ორი ჯგუფის შედეგებია შედარებული. როგორც სურათზე ჩანს, მათ სისხლში გაზომილი იმუნურ უჯრედთა რაოდენობა ერთ დონეზეა. "იმის ალბათობა, რომ ეს სრულიად შემთხვევითია, საოცრად დაბალია", — განმარტავს ბუჩი.
ასეთი დამთხვევები სტატიაში რამდენჯემე მეორდება:
"ერთმანეთთან კავშირში არმყოფი გაზომვების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთნაირი შედეგები ძალიან იშვიათია. ეს შეუსაბამობა უმნიშვნელო ნამდვილად არ გახლავთ", — ბუჩის სკეპტიციზმს იზიარებს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტანტინ ანდრეევი. ეს უკანასკნელი ვირუსული ინფექციური სნეულებების მკვლევარია და სტატიის წაკითხვის შემდეგ მას ეს ეჭვები დამოუკიდებლადაც გაუჩნდა. იგი სხვა 37 მეცნიერთან ერთად ღია წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი გახლავთ.
რუსულმა ვაქცინამ კლინიკური კვლევის III ეტაპი 26 აგვისტოს დაიწყო. მასში ათი ათასობით ადამიანი იქნება ჩართული.
"სტატიის თანმხლები მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. ჩვენ ამ მონაცემებთან, განსაკუთრებით კი მათ პრეზენტაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვაქვს. შესაძლოა, მონაცემები ჭეშმარიტია — ამას ვერ განვსჯით", — აღნიშნავს ეპიდემიოლოგი მიხაელ ფავოროვი. მისი თქმით, სტატიის თანმდევი მონაცემების გარეშე გამოქვეყნება ძალიან უცნაურია. შედარებისათვის: The Lancet-ში გამოქვეყნდა AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის კვლევის შედეგებიც. სტატიას თან ახლდა დიდი მოცულობის მონაცემები, რომელთაც მეცნიერები განსაკუთრებული დაკვირვებით შეისწავლიან.
რუსული ვაქცინის შესახებ სტატიის ავტორი, გამალეის სახელობის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის პროფესორი, დენის ლოგუნოვი ჟურნალ Nature-ის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა ღია წერილზე, არ გამოეხმაურა. თუმცა, მან რუსულ საინფორმაციო პორტალთან, Meduza, საუბარში განაცხადა, რომ ღია წერილზე პასუხის გაცემას არ გეგმავს. იგი მის სტატიაში რაიმე შეცდომას გამორიცხავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაზომილი ანტისხეულების რაოდენობა "ზუსტად იმდენი იყო, როგორც ეს სტატიაშია აღნიშნული".
ჟურნალმა The Lancet თავის სტატიებში კლინიკური კვლევების მონაცემების წარდგენის სარედაქციო პოლიტიკაზე საუბრისგან თავი შეიკავა. მათ განაცხადეს, რომ "სტატიის ავტორები მოიწვიეს, რათა ენრიკო ბუჩის ღია წერილით გაჩენილ კითხვებს პასუხი გასცენ" და რედაქცია მოვლენათა განვითარებას განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება.
კომენტარები