სკოლის პირველი დღე ეკრანთან — რას ფიქრობენ მშობლები და მასწავლებლები
კორონავირუსმა გეგმები კვლავ შეცვალა. 15 სექტემბერს სკოლები ბავშვებით უნდა გავსებულიყო, თუმცა პანდემიის გამო საქართველოს დიდ ქალაქებში, აჭარასა და კიდევ ზოგიერთი მუნიციპალიტეტში ბავშვები ისევ კომპიუტერებთან დასვეს.
პირველკლასელების ნაწილმა თანაკლასელების გაცნობა და მათთან ერთად თამაშიც ვერ მოასწრო, ისე მოუწია ვირტუალურად მისალმება და მათთვის ხელის დაქნევა.
6 წლის ანა თავის მასწავლებელს პირველად ონლაინში შეხვდა. როგორც დედამისი, მაია On.ge-სთან ყვება, ბავშვს კომუნიკაციაში შესვლა ისედაც უჭირს და ამიტომაც დისტანციურად ახალ მოცემულობასთან შეგუება კიდევ უფრო გაუჭირდა.
"სად ერთი ერთზე კომუნიკაცია, საკლასო სივრცე და საკლასო გარემო და სად ბავშვს რომ სახლში კომპიუტერი ჩავურთე, და "გამარჯობა შენ სკოლაში ხარ"?! ცოტა ვერ აღიქვა", — გვიყვება მაია.
ბავშვი კერძო სკოლაში დადის და როგორც მაია ამბობს, მასწავლებელმა გადაწყვიტა, დამატებითი სტრესის თავიდან ასაცილებლად ჯერჯერობით გაცნობითი ხასიათი შეხვედრები ჰქონდეთ და სასწავლო კომპონენტი მოგვიანებით შემოიტანონ.
ანას გარდა, მაიას კიდევ ერთი შვილი, მეორეკლასელი ალექსანდრე ჰყავს. იმის გამო, რომ კერძო სკოლებში ბავშვებს კომპიუტერებს/ბუკებს არ აძლევენ, მაიამ დამატებითი ლეპტოპი იყიდა. ამასთან, სამსახურში დისტანციურად მუშაობს.
"მე რომ სახლში არ ვიყო, სხვაგვარად გამორიცხულია. დედაჩემი არის სახლში, მაგრამ მას ასე ტექნიკასთან ურთიერთობა არ შეუძლია. ამას ვერავინ უზრუნველყოფდა. ბავშვები ცალ-ცალკე ოთახებში მოვათავსე და ოთახიდან ოთახში დავრბივარ", — აღნიშნავს მაია.
მაიას თქმით, ბავშვის ჯანმრთელობა პრიორიტეტი უნდა იყოს, თუმცა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის უფრო ეფექტური გამოსავალი უნდა მოეძებნათ და არც მოსწავლეების საერთო კონტექსტში განეხილათ.
სკოლის ეზოში ორი საათით კლასელებისა და მასწავლებლის გაცნობა მოახერხა 6 წლის ანასტასიამ. როგორც დედა, თაკო რეხვიაშვილი გვიყვება, სკოლაში სულ ორი საათით იყვნენ და ბავშვებსაც იქაური გარემო მოეწონათ. ახლა ანასტასია სკოლაში წასვლას ითხოვს და ბუკთან მუშაობაც არ უნდა.
"რომ ვთქვა, დიდად მოწადინებულია ონლაინსწავლებისთვის-მეთქი, არა. იმიტომ, რომ როცა კომპიუტერს ხედავს, თამაში უნდება", — ამბობს თაკო.
როგორ წარიმართება ონლაინსწავლება, არ იცის. თუმცა სამი შვილის დედა აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში გაკვეთილის დროს ანასტასიას გვერდით უნდა იყოს.
დისტანციური სწავლების წინააღმდეგია ხატია გვარამაძე და ამბობს, რომ ამას ბევრი მშობელიც ეწინააღმდეგება. როგორც იგი აღნიშნავს, მისი შვილი, ილია სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა და ახლა გულდაწყვეტილია.
"გაკვეთილებზე რომ ზის, დიდად მაგას ვერ აღიქვამს. უბრალოდ იცის, რომ გაკვეთილებია. საგაკვეთილო პროცესიც, როგორც ასეთი, არ ჰქონია. ვნახოთ, როგორ აუღებენ ალღოს. ეჭვი მეპარება ისე, რომ რამე გაიგონ", — ამბობს იგი.
სწავლის დაწყება გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა მასწავლებლებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლების რამდენიმეთვიანი პრაქტიკა მათ უკვე აქვთ, პირველკლასელებთან მუშაობა დამატებით სირთულეებს უკავშირდება.
დონარი ირემაძე აჭარაში, მახუნცეთის საჯარო სკოლის პედაგოგია. კლასში ექვსი მოსწავლე ჰყავს და ბავშვებს პირველად ვირტუალურად შეხვდა. როგორც ამბობს, ბავშვები მორიდებით ისხდნენ და ვერ იაზრებდნენ, რა ხდებოდა მათ გარშემო.
"ვეხვეწებოდი შემოეხედათ, ყურადღება მოექციათ. დღეს უკვე მეორე გაკვეთილი იყო, უფრო შემეჩვივნენ, უფრო აქტიურობდნენ, მაგრამ საკლასო ოთახში შეხვედრა უკეთესი იქნებოდა", — აღნიშნავს ის.
ფიქრობს, რომ ონლაინრეჟიმში ვერ შეძლებს მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემას და ასე მუშაობა გაუჭირდება. იმედი აქვს, პირველი ოქტომბრის შემდეგ მოსწავლეებს უფრო დაუახლოვდება:
"ამ ბავშვებს ხელის მოკიდება უნდა, ისე უნდა ასწავლო წერა, კითხვა... მხოლოდ ასე, ეკრანზე, ვფიქრობ, ძალიან გაჭირდება. მშობლებიც ძალიან წუხან და მათზე მეტად ბავშვები".
სწავლის დაწყების პრობლემებზე საუბრობს კიდევ ერთი მასწავლებელი, რომელმაც კონფიდენციალურად დარჩენა ისურვა. ნანა (სახელი შეცვლილია) ბათუმში, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლაში მუშაობს.
იგი On.ge-სთან ყვება, რომ საჯარო სკოლაში Microsoft Teams-ში დარეგისტრირებისთვის მოსწავლეების ელექტრონული პოსტის მისამართები და ერთჯერადი კოდები სწავლის დაწყების დღეს მიიღეს. ამის გამო კი, პირველი ორი დღე, ფაქტობრივად, გაკვეთილი ვერ ჩაატარა, რადგან მშობლებს რეგისტრაციის გავლა უჭირთ.
გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ Teams-ის პროგრამა ხარვეზით მუშაობს. ამასთან, მშობლებიც არ არიან მობილიზებული და არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ. ნანა ფიქრობს, რომ ონლაინსწავლებისთვის განათლების სამინისტროც არ იყო მზად. რაც შეეხება ონლაინში ბავშვებისთვის ანბანისა და წერა-კითხვის სწავლას, იგი ამბობს:
"ეს რომ აბსურდია, ამაზე არ ვსაუბრობ. ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა. სწავლას რომ ვიწყებთ, პირველი ორ კვირა გვაქვს წინასაანბანო პერიოდი და ორი კვირა სავსებით შესაძლებელია ონლაინში სწავლება გვქონდეს, მაგრამ ბოლომდე ვერა. პირველკლასელებს ძალიან გაუჭირდებათ. მაშინ ჩათვალეთ, რომ მშობლებმა უნდა შეითავსონ".
ახლა იმედი აქვს, რომ Teams-ში მოსწავლეების რეგისტრაცია მოხერხდება და გაკვეთილების ჩატარებასაც დაიწყებს:
"პედაგოგები არიან სასწაულ სტრესში. სტრესში ხარ და ბავშვს უნდა გაუღიმო, შენს ემოციას ხომ არ გადასცემ".
იქედან გამომდინარე, რომ კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი საქართველოში მზარდია და ყოველდღე ახალ-ახალი ანტირეკორდებია, პირველ ოქტომბერს აღდგება თუ არა საკლასო ოთახებში სწავლა დარწმუნებით ვერავინ ამბობს, თუმცა მთავრობა, როგორც 14 სექტემბრის შემთხვევაში, ამჯერადაც ირწმუნება, რომ პირველ ოქტომბერს ბავშვები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან.
ამავე თემაზე:
კომენტარები