ველური ბუნების სახალისო ფოტოების ჯილდოს 20 ფინალისტი გამოვლინდა
ველური ბუნების სახალისო ფოტოების ჯილდო ფოტოგრაფების საერთაშორისო კონკურსია, რომელიც 2015 წელს დააფუძნეს პოლ ჯოინსონ-ჰიქსმა და ტომ სალემმა. მისი მიზანია ველური ბუნების დაცვის პოპულარიზაცია, ამის განსახორციელებლად კი სახალისო და პოზიტიური გზა გამოიყენება — ცხოველებისთვის კომიკური ფოტოების გადაღება, რომელიც ღიმილს მოგგვრით სახეზე. კონკურსი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება — მისი საშუალებით გამოიცა სამი წიგნი, რომელიც ბესტსელერად იქცა; ასევე, ეწყობა გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, სულ ახლახან კი პროექტს ახალი მიმართულებაც დაემატა — შინაური ცხოველების სახალისო ფოტოების ჯილდო.
ამჯერად, გთავაზობთ, წლევანდელი კონკურსის ფინალისტების ნამუშევრებს.
1. გაოცებული ღიმილები, ბოგორიას ტბა, კენია
ბოგორიას ტბის სამხრეთ ნაპირებზე სეირნობისას ფოტოგრაფმა ჯუჯა მანგუსტების ჯგუფი შენიშნა, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ჩხაკუნანივთიანი ადამიანის დანახვით სასიამოვნოდ გაოცებული იყვნენ.
2. რბოლა, ინდოეთი
"მე და ჩემი მეგობრები ინდოეთის პატარა ქალაქ ჰამპის ცენტრისკენ გავემართეთ, რომლის მახლობლადაც ველოსიპედების პარკი იყო. მოულოდნელად, ველოსიპედებზე ლანგურები დახტნენ და თამაში დაიწყეს. ვფრთხილობდით, რომ არ შეგვეშინებინა, ამიტომ, რაც შეიძლება, შორიდან დავიწყე ფოტოების გადაღება, თუმცა, როცა მივუახლოვდით, აინუნშიც არ ჩავუყრივართ და თამაში განაგრძეს".
3. იოგას გაკვეთილი, გალაპაგოსის კუნძულები
"გაოცებულები ვიყავით, როცა შევნიშნეთ, რომ ზღვის ლომები აქტიურად არიან იოგით დაკავებულნი. თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარი ძენიც კი სჭირდებათ".
4. ძალიან ცხელია, იაპონია
პატარა მაიმუნი ცხელ აბაზანას იღებს.
5. მაიმუნების საქმე, კინაბატანგანის მდინარე ბორნეოში, ინდონეზია
"ბორნეოში მოგზაურობისას, შესაძლებლობა მქონდა, მაიმუნების ურთიერთობისთვის მეყურებინა. თუმცა, ამ გოჭისკუდა მაკაკებმა იმაზე საინტერესო სანახაობა მომიწყეს, ვიდრე მოველოდი".
6. ლამის ადგომის დროა, ვირჯინია, აშშ
7. სამუშაოზე დარჩენა გვიანობამდე მომიხდა, ჩუბუტი, არგენტინა
"პატაგონიაში მცხოვრებ სამხრეთის ზღვის სელაპებს საოცარი ჟესტებით კომუნიკაცია შეუძლიათ".
8. გოდებანი დათვისა პოლარულისა, შპიცბერგენი, ნორვეგია
9. ხარხარი, კეითნესის საგრაფო, შოტლანდია
"ახალგაზრდა სელაპი სანაპიროზე ისვენებს. მსუქანი კანი ქვის ნაპრალებში ეფლობა. რომ შეხედავ, იფიქრებ, გულიანად ხარხარებსო, თუმცა, რეალურად, იგი ამთქნარებს".
10. დამალობანა, დევონის საგრაფო, ინგლისი
"ეს ლურჯთვალა ნემსიყლაპია ნელ-ნელა იღვიძებს და ჩემს იქ ყოფნას არ იმჩნევს. ფრთხილად ვცდილობდი, მისი ფრთები და სხეული გადამეღო, თუმცა, ნემსიყლაპიამ ბოლოს მაინც შემნიშნა და ჩემსა და მას შორის მოთავსებულ ბალახის ღეროზე მარშის მოწყობა გადაწყვიტა. რა გაეწყობოდა, ფოტო მაინც გადავიღე, თუმცა მხოლოდ მოგვიანებით შევნიშნე, რამდენად სახასიათო სურათი გამოვიდა".
11. ღიმილა, ელ-ჰიერო, კანარის კუნძულები
12. სერიოზულად, ცოტას მაინც არ გამიყოფ? შოტლანდია
"ატლანტიკური ცულთავები შესანიშნავი მფრინავები და მეთევზეები არიან. თუმცა, როგორც ხედავთ, ზოგიერთი სხვებს სჯობნის. უბრალოდ, მეორე ცულთავას მზერას დააკვირდით, თითქოს, ეუბნება, ერთს მაინც არ მომცემო?!"
13. ჯაფარა-მასხარა, შოტლანდია
"იმედი მქონდა, ეს ალკუნი, რომელმაც თევზი მოინადირა, თევზაობის ამკრძალავ ნიშანზე დაჯდებოდა. სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, როცა ზუსტად ასე მოიქცა. ცოტა ხანში კი ნადავლიანად გაფრინდა, თუმცა ნიშანზე დაჯდომით, თითქოს, მის დამდგმელს იგდება მასხრად".
14. ფიზიკური დისტანცია დაიცავი, თუ შეიძლება! კაუდულას ეროვნული პარკი, შრი ლანკა
"ეს იმ სცენის დასაწყისია, რომელიც, დაახლოებით, ერთ წუთს გაგრძელდა. პარაკეტი პარნიორის ნისკარტის გასუფთავებას აპირებდა. თუმცაღა ეს სცენა ძალიან ინფორმაციული და საინტერესო იყო, პირველი კადრი, სადაც მამრ ჩიტს ფეხი მაღლა აქვს აწეული, იმდენად მრავლისმთქმელია, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯას თავად მოითხოვს".
15. დედიკო, დაიცადე, ნახე, შენთვის მე რა მაქვს! კაზირანგა, ინდოეთი
"კაზირანგას ეროვნულ პარკში დედა სპილო და მისი სპლიყვი ვიხილეთ, რომლებიც გუბურის გავლით თავიანთ გზაზე მიდიოდნენ. დედა სპილო, როგორც ჩანს, თავის პატარას სუმბულის ჭამას ასწავლიდა — კრეფდა ნორჩ ღეროებს, ფესვს აცლიდა, ხორთუმის მოძრაობით ტალახისგან ასუფთავებდა და მთლიანად ყლაპავდა. სპლიყვს გაკვეთილები აშკარად მოსწონდა და დედის ყოველ მოძრაობას სიხარულით იმეორებდა".
16. დაძაბული მოლაპარაკებები, ისრაელი
17. ახლა გული ამერევა, ფოლკლენდის კუნძულები
"ფოტო მზის ამოსვლისას არის გადაღებული. ჯენტუს სახეობის პინგვინები სანაპიროზე გავიდნენ სათევზაოდ, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი გაჩერდა და აღებინა".
18. მოცინარი ბეჰემოთი, მასაი მარას ეროვნული პარკი, კენია
"პატარა ბეჰემოთი დედას ყურში უჩურჩულებს: 'საოცარი სიზმარი ვნახე. ალექსმა ჩაიზე დამპატიჟა და მაგის კარავში წავედით. ცარიელ სკამზე მიმითითა და დავჯექი. ნეტავ არ მექნა! სკამი გატყდა და ძირს მოვადინე ზღართანი. ალექსმა სიცილი დაიწყო და თავისი სკამისკენ წავიდა დასაჯდომად. თუმცა, როგორც კი დაჯდა, მტვრევის ხმა გაისმა და ისიც მოწყვეტით დაეცა. ტირილამდე ვიცინეთ ორივემ. მერე კი ღიმილით გამეღვიძა'".
19. ო, სოლე მიო! უნგრეთი
"ისე ჩანდა, თითქოს მე მიმღეროდა. მართლაც საოცარი ხმა ჰქონდა".
20. თავპირისმტვრევა, ნამიბია
"ნამიბიელმა სპლიყვმა გვიან შენიშნა, რომ დედამისი მიდიოდა. როცა სცადა, აჩქარებულიყო და დასწეოდა, ფეხები აებლანდა და თავპირისმტვრევით წავიდა მიწისკენ. როცა დედიკომ ეს გაიგო, მაშინვე მობრუნდა მის დასახმარებლად. პატარამაც უვნებლად განაგრძო გზა, მხოლოდ თავმოყვარეობა შეელახა ცოტათი".
კომენტარები