კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
ფოტო: Kate Flock/Massachusetts General Hospital
გამოცემა Lancet medical journal-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში მეცნიერები გვიყვებიან კაცზე, რომლის ორგანიზმშიც ღორის გენმოდიფიცირებულმა თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა. ეს ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში მას დიალიზი არ დასჭირვებია.
სპეციალისტების თქმით, 271 დღე რეკორდულად ხანგრძლივი პერიოდია, რომელიც ოფიციალურადაა დოკუმენტირებული. არსებობს ცნობები პაციენტი ქალის შესახებ, რომელმაც ღორის თირკმლით უკვე 285 დღე იცოცხლა, მაგრამ მისი შემთხვევა ჯერ მეცნიერულად აღწერილი არაა.
ცხოველთა ორგანოების გადანერგვას ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება. ამ გზით ექიმები ცდილობენ, პაციენტები ადამიანი დონორების გამოჩენამდე აცოცხლონ. მხოლოდ აშშ-ში თირკმლის გადანერგვის რიგში დაახლოებით 100 000 ინდივიდია, როცა ყოველწლიურად 25 000-ამდე მსგავსი ოპერაცია ტარდება. ეს ნიშნავს, რომ დონორების რაოდენობა შეზღუდულია.
პაციენტი ტიმ ენდრიუსიც სწორედ ამ გამოწვევის წინაშე დადგა. მას უთხრეს, რომ რიგში წინა ადგილის დაკავებას 7 წელი დასჭირდებოდა, არადა დიალიზზე მყოფი ადამიანები, როგორც წესი, 5 წელი ცოცხლობენ. კაცისთვის ღორის თირკმლის ტრანსპლანტატი ბოლო იმედი აღმოჩნდა, მისი თქმით — "სინათლე გვირაბის ბოლოს".
ღორები ქსენოტრანსპლანტაციისთვის იდეალურ ცხოველებად მიიჩნევიან. მათი და ადამიანების ორგანოების ზომა ერთმანეთს მეტ-ნაკლებად შეესაბამება, თუმცა პირდაპირ გადანერგვა საფრთხეს შეიცავს. ამ დროს იმუნიტეტის მიერ უცხო სხეულის იდენტიფიცირება გარდაუვალია, რასაც შესაბამისი რეაქცია მოჰყვება და ტრანსპლანტატიც ნადგურდება.
ამის თავიდან ასაცილებლად მეცნიერებმა იუკატანის მინიატიურული ღორები გენეტიკურად შეცვალეს. სულ 69 მოდიფიკაცია გახდა საჭირო, რათა მათი ორგანოები "გაადამიანურებულიყო". კერძოდ, ღორის უჯრედებში ისეთი მახასიათებლები გააუვნებლეს, რომლებსაც ჩვენი იმუნური სისტემა ამოიცნობს და უტევს. ასევე, ერთგვარი კამუფლაჟისთვის და ინფექციების რისკის შესამცირებლად ადამიანის დნმ-იც დაამატეს.
2025 წლის 25 იანვარს ტიმ ენდრიუსს სწორედ ასეთი თირკმელი გადაუნერგეს. მას საკუთარი ორგანო მეორე ტიპის დიაბეტის გამო დაუზიანდა. ოპერაციის შემდეგ ტრანსპლანტატმა დაუყოვნებლივ დაიწყო ფუნქციონირება და ასე 271 დღე გაგრძელდა.
ექიმების ცნობით, იმუნური სისტემის მიერ თირკმლის უარყოფის ადრეული ნიშნები დაფიქსირდა, მაგრამ ამას სათანადო მედიკამენტებით უმკურნალეს. ოპერაციიდან დაახლოებით 6 თვეში ღორის თირკმლის სისხლძარღვები დაზიანდა, ანთებითი პროცესი დაიწყო და ორგანოს ფუნქციონირება შეფერხდა. მიზეზი უცნობია, რადგან უცხო სხეულის საწინააღმდეგო ანტისხეულები არ აღმოუჩენიათ.
საბოლოოდ, კაცის ორგანიზმიდან ტრანსპლანტატი ოქტომბერში ამოიღეს. 82 დღის განმავლობაში მას დიალიზი დასჭირდა, მიმდინარე წლის იანვარში კი პაციენტს დონორის თირკმელი გადაუნერგეს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს შემთხვევა იმედისმომცემიცაა და იმ გამოწვევებსაც ცხადყოფს, რომელთა წინაშეც ქსენოტრანსპლანტაცია ჯერ კიდევ დგას.

კომენტარები