დედამიწაზე სიცოცხლე, შესაძლოა, მეტეორის კრატერიდან დაიწყო — კვლევა
გავრცელებული თეორიის თანახმად, დინოზავრების გადაშენება მეტეორის დედამიწაზე შეჯახებამ გამოიწვია. თუმცა, ახალი კვლევა ჩვენს პლანეტაზე უძველეს დროში მოხვედრილ ამ ციურ სხეულებს კიდევ უფრო მნიშვნელოვან მოვლენას — თავად სიცოცხლის დაწყებას უკავშირებს.
დიდი ხანია, რაც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მეტეორიტებს თან დააქვთ ის ინგრედიენტები, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლის დასაწყებად იქნებოდა საჭირო. მაგრამ ახალი კვლევა იმასაც ამტკიცებს, რომ თავად იმ კრატერებში, რომელიც მეტეორის პლანეტაზე შეჯახებისას წარმოიქმნა, სიცოცხლის გაჩენისთვის იდეალური პირობები იქნებოდა. ამ დაშვების საფუძველზე მკვლევრები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე კოსმოსურმა სააგენტოებმა მთვარეზე, მარსზე თუ მათ მიღმა პლანეტებზე სიცოცხლის ნიშნების ძებნისას განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მსგავს კრატერებს უნდა დაუთმონ.
უშუალოდ შეჯახების შემდგომ პერიოდში ადგილი, სადაც მეტეორი დედამიწაზე დაეცა, ჯოჯოხეთის მსგავსი, სიცოცხლისთვის სრულად გამოუსადეგარი იქნებოდა. მაგრამ გარკვეული დროის გასვლის მერე კრატერი, შესაძლოა, ნალექებით, მკვებავი ნივთიერებებით და ახლადშექმნილი ჰიდროთერმული არხებით გავსებულიყო.
"ამ კრატერებმა, არსებითად, სიცოცხლისთვის ოაზისები შექმნეს", — ამბობს კვლევის თანაავტორი გორდონ ოსინსკი. ის ასევე ურთავს, რომ მილიარდობით წლის განმავლობაში მიმდინარე ეროზიებისა და სხვა ტიპის გეოლოგიური აქტივობების გამო, შესაძლოა, ვერასდროს შევძლოთ იმის აღმოჩენა, თუ როგორ დაიწყო დედამიწაზე სიცოცხლე. სამაგიეროდ, ჩვენ შეგვიძლია, მსგავსი ოაზისები მარსზე დაგეგმილი იმ მისიების დროს ვიკვლიოთ, რომელთა მიზანიც წარსული თუ ახლანდელი სიცოცხლის ნიშანწყლის ძიებაა.
კარგი ამბავი ისაა, რომ მარსი მეტეორის შეჯახებით დატოვებული კრატერების სიმწირეს ნამდვილად არ უჩივის.
კომენტარები