უძველესი შოტლანდიური სამარხების საკნებს "თავდაყირა" აგებდნენ — კვლევა
ათასობით წლის წინ, ნეოლითურ პერიოდში შოტლანდიის ორკნის კუნძულების მაცხოვრებლები კომპლექსურ დამკრძალავ ყორღანებს აგებდნენ, სადაც გარდაცვლილებს ათავსებდნენ (მათ შორის, ძაღლებსაც).
ამ მღვიმეებიანი და საკნებიანი სამარეებიდან უდიდესი, რომელსაც Maeshowe ეწოდება, განსაკუთრებით საინტერესო და შთამბეჭდავია. უძველესმა შოტლანდიელებმა სტრუქტურა მზის ადგილმდებარეობასთან მიმართებით იმგავრად ააგეს, რომ ზამთრის ნაბუნიაობამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ყორღანებში გამოკვეთილ კორიდორებში სინათლეს შეეღწია.
ახალი კვლევის მიხედვით, Maeshowe-ის შიდა დიზაინს დამატებითი დანიშნულებაც ჰქონდა: მას დაღუპულისთვის საიქიოში მოხვედრა უნდა გაეადვილებინა. კვლევაში ნათქვამია, რომ სამარის სამი გვერდითა საკანი მთავარი სექციის უკუპროპორციულადაა აგებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სექციები "სტილისტურად ამოყირავებულია".
ნეოლითის ხანის ადამიანებმა Maeshowe-ს ასაგებად მშრალი ქვა გამოიყენეს — ესაა მეთოდი, როცა ქვები ერთმანეთზე შეკირვის გარეშეა დაწყობილი.
"ქვის კედლები შპალერს ჰგავს: როცა მათ გარკვეულ ადგილებში უკუღმა აკრავ, თვალი ამ განსხვავებებს მარტივად აღიქვამს", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა, — "სამარხის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე არქიტექტურული შტრიხი გვერდითა საკნებში მთავარი საკნისგან საპირისპირო მხარესაა განთავსებული".
მკვლევრების აზრით, საფლავების მშენებლებმა გვერდითა საკნები ამოყირავებული დიზაინით იმიტომ შექმნეს, რომ ისინი საიქიო სამყაროში გასასვლელების როლს თამაშობდნენ.
"ჩვენი აზრით, გვერდითა საკნები საიქიოს ნაწილად აღიქმებოდა. მთავარი საკნის კედლები კი ამ ცხოვრების და შემდეგი ცხოვრების ერთგვარი გამყოფი გახდლათ", — განაცხადეს მკვლევრებმა.
არქეოლოგების თქმით, ეს რელიგიური და ცერემონიული ნაგებობა დაახლოებით 5 ათასი წლის წინ აშენდა — სტოუნჰენჯსა და ეგვიპტის პირამიდებზე გაცილებით ადრე.
ისტორიკოსების მიერ ჩატარებული სკანირებების მიხედვით ისიც დადგინდა, რომ Maeshowe-ს აღმოსავლეთ ნაწილი სიგანეში 35 მეტრი, სიმაღლეში კი 7 მეტრია.
Maeshowe ასევე კედლის უძველესი მხატვრობითაცაა ცნობილი. მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ვიკინგებმა საფლავების კედლები მოხატეს და იგი "ვიკინგების გრაფიტის" ერთ-ერთ საუკეთესო კოლექციად აქციეს.
"Meashowe დიდი ხანია, რაც არქეოლოგების ყურდაღების ცენტრშია, თუმცა იგი ჩვენს გაკვირვებას და ახალი საიდუმლოების გამჟღავნებას არ წყვეტს. ეს კვლევა ამ მონუმენტის გამოყენებისა და გააზრების ახალ გზებს გვთავაზობს და მას ნეოლითური ეპოქის სხვა კონსტრუქციების შესწავლაზე საკამოდ დიდი გავლენა აქვს", — განაცხადა ერთ-ერთმა არქეოლოგმა, ნიკ ქარდმა.
კომენტარები