პატარა ცხენი, სახელად კურტი, სახეობის გადარჩენის იმედის სიმბოლო გახდა. ის 2020 წლის 6 აგვისტოს დაიბადა და პრზევალსკის სახეობის წარმომადგენლის წარმატებული კლონირების მაგალითია. პრზევალსკის ცხენები ცენტრალურ აზიაში არიან გავრცელებულნი, უფრო სწორად, იყვნენ გავრცელებულნი, სანამ მათ არსებობას საფრთხე შეექმნებოდა.

კურტი გასაოცარი კიდევ იმითაა, რომ მისი კლონირება 40 წლის წინ შენახული გენეტიკური მასალის მეშვეობით მოხერხდა.

"ვიმედოვნებთ, რომ ის გენეტიკურ ვარიაციას დააბრუნებს, რაც პრზევალსკის ცხენების პოპულაციის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს ზოოლოგი ბობ ვიესი.

პრზევალსკის ცხენების (Equus ferus przewalskii) პოპულაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან შემცირდა. ეს ნაწილობრივ იმან განაპირობა, რომ მის საცხოვრებელ არეალში დიდი რაოდენობით მსხვილფეხა საქონელი აღმოჩნდა, რომელსაც ცხენი საკვების მოპოვების კონკურენციაში ვერ ჯობნიდა. პოპულაციის შემცირების კიდევ ერთი მიზეზი ნადირობა და დაუნდობელი ზამთრებია.

ზოოპარკებში და გამრავლების პროგრამებში მხოლოდ 12 ასეთი ცხენი იყო დარჩენილი. თუმცა, წარმატებული კონსერვაციისა და შეჯვარებების შედეგად, მსოფლიოში ახლა დაახლოებით 2 000 პრზევალსკის ცხენია.

როცა რაიმე სახეობის პოპულაცია მნიშვნელოვნად მცირდება, ის შესაძლოა გადარჩეს ან გადაშენდეს. გადაშენების ალბათობა მაშინ იზრდება, თუ პოპულაციაში გენეტიკური მრავალფეროვნება არ არის. ნაკლები ვარიაცია სახეობაში ნიშნავს, რომ სახეობას ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი ნაკლებად აქვს.

პატარა პოპულაციებზე უფრო მეტად აისახება ეგრეთ წოდებული გენეტიკური დრეიფი. ბიოლოგიაში დრეიფი პოპულაციის გენეტიკური ელემენტების შემთხვევით ფლუქტუაციას ეწოდება. ანუ, შემთხვევითი მუტაციების შედეგად გარკვეული ნიშანთვისებები ქრება, რაც პოპულაციის გენეტიკურ მრავალფეროვნებას დამატებით ამცირებს.

პატარა პოპულაციებში გენეტიკურად ახლოს მყოფი წარმომადგენლების გამრავლებაც (inbreeding) ხშირია, რაც დაავადებების და არასასურველი ნიშანთვისებების გავრცელებას იწვევს. ეს კი პოპულაციის გადარჩენის შანსებს ამცირებს.

კონსერვაციულ და გამრავლების პროგრამაში მყოფ პრზევალსკის ცხენებს ხშირად მოშინაურებულ ცხენებთან აჯვარებდნენ, რამაც "წმინდა" პრზევალსკის ცხენების რაოდენობა და ვარიაცია დროთა განმავლობაში დამატებით შეამცირა.

სწორედ აქ შემოდის სურათში ცხენი კუპოროვიკი, რომელიც 1975 წლიდან 1998 წლამდე ცხოვრობდა და რომლის წინაპრებიც უნიკალური ველური ცხენები იყვნენ. იმ პერიოდში არსებულ სხვა ცხენებს ასეთი საინტერესო გენეტიკური შემადგენლობა არ ჰქონდათ, ასე რომ, 1980 წელს მეცნიერებმა მისი დნმ აიღეს და სან დიეგოს "გაყინულ ზოოპარკში" შეინახეს.

კუპოროვიკმა, ცხადია, შთამომავლობა დატოვა, თუმცა კურტი, რომელიც მისი გარდაცვალებიდან 20 წელში მოევლინა ქვეყანას, მისი ზუსტი ასლია.

კურტის სუროგატი დედა ჩვეულებრივი შინაური ცხოველი იყო. სახელი მას "გაყინული ზოოპარკის" დამფუძნებლის, კურტ ბენირშკეს პატივსაცემად დაარქვეს.

"ცხენი სრულიად ჯანმრთელია და რეპროდუქციულადაც ნორმალურია", — განაცხადა უფროსმა მეცნიერმა, შონ ვოქერმა", — "ის დაჟინებით ითხოვს რძეს სუროგატი დედისგან და ბრაზობს, როცა მის სივრცეს არღვევენ".

კურტი იმის ნათელი დემონსტრაციაა, რომ სახეობები გადარჩენის მიზნით გენეტიკური მასალის ხანგრძლივად შენახვა ამართლებს. მანამდე მეცნიერებმა 20 წლის მანძილზე გაყინული სპერიმისგან შავფეხა ქრცვინის გამრავლებაც შეძლეს.

Revive & Restore-ში იმედოვნებენ, რომ მსგავსი მიდგომით მომავალში ისინი მამონტების "გაცოცხლებასაც" შეძლებენ.