მკვლევრებმა ასტეროიდ რიუგუზე სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო 5 ნივთიერება აღმოაჩინეს
ფოტო: ISAS/JAXA
კოსმოსურმა მისიამ, Hayabusa2-მა დედამიწაზე ასტეროიდი რიუგუს შემადგენელი მასალის ნაწილი (5,4 გრამი) ჩამოიტანა. აქედან ახალი კვლევის ავტორებმა 2 ნიმუში გამოიყენეს. თითოეული 10 მილიგრამს იწონიდა. ერთი მათგანი პირდაპირ რიუგუს ზედაპირიდანაა აღებული, მეორე კი მას შემდეგ მოიპოვეს, რაც ასტეროიდს სპეციალური ჭურვი ესროლეს. ორივე ნიმუშში მკვლევრებმა ხუთი აზოტოვანი ფუძე იპოვეს, დაახლოებით თანაბარი რაოდენობით.
გუნდი განმარტავს, რომ ეს ფუძეები მხოლოდ რიუგუზე არ გვხვდება: მსგავსი ქიმიური შედგენილობა ასტეროიდ ბენუზეც აღმოაჩინეს. მეორე მხრივ, ბენუს შემთხვევაში პირიმიდინებთან უფრო გვქონდა საქმე, კონკრეტულად კი, ციტოზინთან, თიმინსა და ურაცილთან.
მსგავს რამეს მეცნიერები საფრანგეთში 1864 წელს ჩამოვარდნილ მეტეორიტთანაც წააწყდნენ. ავსტრალიაში 1969 წელს ჩამოვარდნილი მერჩინსონის მეტეორიტი ორგანული ნივთიერებებით: პურინებით, ადენინითა და გუანინით იყო გამდიდრებული.
ასევე იხილეთ: ასტეროიდი ბენუ სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს
მიიჩნევა, რომ ბენუც და რიუგუც ერთი და იმავე სხეულიდანაა წარმოშობილი, რომელიც წყლით იყო მდიდარი. ამ ასტეროიდებს შორის მცირე განსხვავებას კი მეცნიერები ამიაკით ხსნიან, რადგან ეს მოლეკულა იმაზე ახდენს გავლენას, თუ რომელი აზოტოვანი ფუძეები წარმოიქმნება.
უცნობია უფრო კონკრეტული დეტალები, მაგალითად, როგორ ან რა პირობებში წარმოიშვა ეს მოლეკულები კოსმოსში. ისიც უცნობია, საბოლოოდ ეს მოლეკულები დედამიწაზე ასტეროიდების საშუალებით მოხვდა თუ არა. მთავარია, რომ ორივე ასტეროიდი მდიდარია ორგანული მოლეკულებით, განსაკუთრებით იმ ნივთიერებებით, რომლებიც სიცოცხლის აღმოცენებაზეა პასუხისმგებელი.
კვლევა გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები