იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
ფოტო: NASA/JPL
ასტრონომები იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალ ბუნებრივ თანამგზავრებს ისევ აფიქსირებენ. ამჯერად პირველს 4, მეორეს კი 11 ასეთი ობიექტი შეემატა, რამაც მზის სისტემაში არსებული პლანეტებისა და ჯუჯა პლანეტების "მთვარეების" რაოდენობა 442-ამდე გაზარდა.
იუპიტერის მახლობლად უკვე 101 თანამგზავრია ცნობილი, ხოლო სატურნის ირგვლივ — 285. ამის შესახებ მცირე პლანეტების ცენტრმა განაცხადა, რომელიც ახალი ასტეროიდების, კომეტებისა და ბუნებრივი თანამგზავრების შესახებ გვამცნობს ხოლმე.
ახალაღმოჩენილი ობიექტები განსაკუთრებულად დიდი ზომით არ გამოირჩევა, რადგან მათი საშუალო დიამეტრი 3 კილომეტრამდეა. ეს სხეულები იმაზე ფართო ორბიტებზე მოძრაობს, ვიდრე იუპიტერისა და სატურნის სხვა, უფრო დიდი თანამგზავრები. ასევე, ისინი საკმაოდ მკრთალია, კერძოდ მათი სიკაშკაშე მხოლოდ 25-27 მაგნიტუდას აღწევს. შედარებისთვის, მთვარის ელვარება -12.6 მაგნიტუდით განისაზღვრება (რაც უფრო ნათელია სხეული, მით ნაკლებია მისი მაჩვენებელი მაგნიტუდის სკალაზე).
სწორედ ამის გამო დარჩა ეს ობიექტები აქამდე შეუმჩნეველი. მათ დასაფიქსირებლად დიდი სახმელეთო ტელესკოპების სიღრმისეული დაკვირვებები გახდა საჭირო. მაგალითად, იუპიტერის ახალი თანამგზავრები ასტრონომმა სკოტ შეპარდმა აღმოაჩინა, რისთვისაც ჩილეში მდებარე 6.5-მეტრიანი მაგელან-ბაადეს ტელესკოპი და ჰავაიზე არსებული 8-მეტრიანი სუბარუს ტელესკოპი გამოიყენა.
რაც შეეხება სატურნის 11 თანამგზავრს, ისინი ტაივანის სინიკას აკადემიის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ინსტიტუტში მომუშავე ედვარდ ეშტონის გუნდმა გამოავლინა. მათ ამისთვის კანადა-საფრანგეთ-ჰავაის 3.5-მეტრიანი ტელესკოპი გამოიყენეს, რომელიც ჩამქრალ ვულკან მაუნა-კეაზე მდებარეობს. ცნობისთვის, მან და მისმა კოლეგებმა შარშან სატურნის 128 თანამგზავრსაც მიაგნეს.
მზის სისტემის უდიდესი პლანეტა იუპიტერი ამჟამად თანამგზავრების რაოდენობით სატურნს ჩამორჩება. ამის მიუხედავად, მისკენ ზონდები Europa Clipper და JUICE მიიწევს, რაც ნიშნავს, რომ ადგილზე მისვლისას შეიძლება აპარატებმა უფრო მეტი უცნობი ობიექტი დააფიქსიროს. ეს 2030-იან წლებშია მოსალოდნელი, მანამდე კი სატურნი პირველობას ინარჩუნებს.
სხვა პლანეტების თანამგზავრების რაოდენობა ასეთია:
- დედამიწა — 1;
- მარსი — 2;
- ურანი — 28;
- ნეპტუნი — 16.
შეგახსენებთ, რომ ვენერასა და მერკურის გარშემო ასეთი ობიექტები არაა.
კომენტარები