როგორც ცნობილია, ნელამავალნი გამძლეობით და სიძლიერით გამორჩევიან, ახალი კვლევის წყალობით კი, შესაძლოა, გავიგოთ, რა იწვევს ამ მიკროსკოპული ორგანიზმების ასეთ გამძლეობას.

მათი დამცველობის უნარი, გარკვეულწილად, დაზიანების ჩამხშობი სპეციალური ცილის, Dsup-ის დამსახურებაა. თუმცა ზუსტად როგორ მუშაობს ეს მოლეკულური ჯავშანი, უცნობია. ახლახან შექმნილი კომპიუტერული მოდელი, რომელიც ცილისა და დნმ-ის ურთიერთქმედებას ასახავს, შესაძლოა, ამ პროცესის შესწავლის საწყისი წერტილი იყოს.

ნელამავალნი ჭიისებრი ცხოველების ტიპს წარმოადგენენ, რომლებიც ექსტრემალურ პირობებშიც ახერხებენ გადარჩენას. მეცნიერებმა დნმ-ის დაცვის პროცესში Dsup-ის პოტენციალი აქამდეც იცოდნენ და ამის დასამტკიცებლად უამრავ ექსპერიმენტს ატარებდნენ.

ცილა უჯრედებში რენტგენის სხივების დოზისგან მიღებულ დაზიანებებს დაახლოებით 40%-ით ამცირებს. ასევე, როგორც ჩანს, მას დნმ-ის ჰიდროქსილის რადიკალების ეფექტისგან დაცვაც შეუძლია. იგი ნუკლეური მჟავების თითოეული ჯაჭვის ჩაკეტვას ახერხებს და შემდეგ უსარგებლო და საშიშ ელემენტებს სახეს უცვლის ან შთანთქავს.

უფრო მეტის გასაგებად მკვლევრებმა ნელამავალნის გენომის მიმდევრობის დადგენა გადაწყვიტეს, რათა Dsup-ის ამინომჟავების განლაგება ევარაუდათ. იმისთვის, რომ ის რაიმესთვის შეედარებინათ, მათ სხვა ცილის მსგავსი მოდელი შექმნეს. შედეგებმა აჩვენა, რომ Dsup დნმ-ის სტრუქტურას მთლიანად ერგება — იგი ფორმას იცვლის, რათა დნმ-ს ჯავშანივით შემოერტყას.

"ჩვენმა შედეგებმა აჩვენა, რომ ცილა სრულიად უწესრიგო და არეულია, რაც მას საშუალებას აძლევს, თავისი სტრუქტურა დნმ-ის ფორმას მოარგოს", — აცხადებენ მკვლევრები.

მსგავსი უწესრიგობა და მოქნილობა იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ორ მოლეკულას შორის არსებულ ელექტროსტატიკურ ურთიერთობას, რომელიც ამ დამცველობით უნარს უზრუნველყოფს, რაღაც განსაკუთრებული ახასიათებს. ასევე, იმ ჰიპოთეზის წამოყენებაც შეგვიძლია, რომ ეს ცილა გარკვეულ გენეკიტურ გარე ჩონჩხს წარმოადგენს, რომელსაც დნმ-ის დაცვა და გამაგრება შეუძლია.

ამ ცილის შესწავლა არა მხოლოდ ნელამავალნის სიმტკიცისა და სიძლიერის მიზეზების გააზრებაში გვეხმარება, არამედ მისი წარმოების შესაძლებლობასაც იძლევა, რაც ჩვენთვის, ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. მაგალითად, კოსმოსური მოგზაურობა ჩვენთვის ჯერ კიდევ უამრავ საფრთხესთან არის დაკავშირებული, ეს ცილა კი ამ პრობლემის მოგვარებაში შეიძლება დაგვეხმაროს.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.