ბოლო ათწლეულების განმავლობაში კენიაში სპილოების რიცხვი გაორმაგდა
კენიის ველური ბუნების სამსახურმა განაცხადა, რომ ბრაკონიერობის შეჩერების მცდელობების წყალობით, სპილოების რიცხვი ბოლო სამი ათწლეული სგანმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1989 წელს კენიაში 16 ათასი სპილო იყო, 2018 წლისთვის კი ეს რიცხვი 34 ათასზე ავიდა.
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ, რომ ამ ქვეყანაში ბრაკონიერობა გვეკონტროლებინა. მხოლოდ წელს დაახლოებით 170 სპილო დაიბადა", — განაცხადა კენიის ტურიზმის მინისტრმა ნაჯიბ ბალალამ, — "ჩვენ ასევე კენიის ჯადოსნური სპილოების სახელწოდების კამპანიასაც ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიური ფესტივალი გაიმართება, სადაც რეინჯერების დასახმარებლად დაფინანსებებს მოვიპოვებთ".
2020 წელს კენიაში ბრაკონიერების მიერ მოკლული სპილოების რიცხვი წინა წლებთან შედარებით დაბალია — ჯერჯერობით მათ მხოლოდ 7 სპილო იმსხვერპლეს, როდესაც 2019 წელს ეს რიცხვი 34-ს შეადგენდა, 2018 წელს კი 80-ს.
მთელი აფრიკის მასშტაბით, ბრაკონიერობამ ათწლეულების განმავლობაში სპილოთა პოპულაციის საკმაოდ დიდი ნაწილი შეიწირა. 1970-იან წლებშ აფრიკა 1,3 მილიონი სპილოსთვის წარმოადგენდა სახლს, მაგრამ დღეს მათი რიცხვი 500 ათასამდეა შემცირებული. ველურ ბუნებაში კი უფრო ცოტა, 30 ათასი მათგანი ცხოვრობს.
კენიასა და სხვა ქვეყნებში ბოლო წლების განმავლობაში ბრაკონიერობა პოპულარული გახდა, რადგან აზიაში სპილოს ძვლებზე და მარტორქის რქაზე დიდი მოთხოვნაა — მათ ისინი ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ.
კენიის სახელმწიფომ ბრაკონიერობის შესაჩერებლად გარკვეულ ზომებს მიმართა, მაგალითად, დააწესა ჯარიმები და თავისუფლების აღკვეთა მათთვის, ვინც ველური ბუნების წარმომადგენლების მოკვლას შეეცდება.
კომენტარები