ვაიოლა დევისმა საკუთარი დაბადების დღე წარსულის გახსენებით აღნიშნა.

ოსკაროსანმა მსახიობმა სამშაბათს, 11 აგვისტოს, თავის 55 წლის იუბილეზე Instagram-ზე დაწერა, რომ მან სამხრეთ კაროლინაში მდებარე ის სახლი იყიდა, რომელშიც დაიბადა და რომელიც მონების ყოფილ პლანტაციაზე მდებარეობს.

"ეს ის სახლია, რომელშიც 1965 წლის 11 აგვისტოს დავიბადე. ეს ჩემი ამბის დაბადების ადგილია. დღეს, ჩემი ცხოვრების 55 წლის იუბილეზე... მე მას ვფლობ... მთლიანად", — დაპოსტა მან დაზიანებული სახურავის მქონე ხის სახლის სურათთან ერთად.

მსახიობმა პოსტი ჩეროკების ტომის დაბადების დალოცვით დაასრულა:

"დაე, იმდენ ხანს იცოცხლო, რომ მიხვდე, რატომ დაიბადე".

დევისმა ამ კერძო სახლის ისტორიასა და სიღარიბეში გაზრდაზე 2016 წლის ინტერვიუში ისაუბრა. სახლი მდებარეობს სამხრეთ კაროლინაში, სენტ-მეტიუსში, სინგლტონის პლანტაციაში, სადაც მსახიობის ბაბუა მიწაზე საკუთრების არმქონე გლეხი იყო.

დევისის თქმით, მან და მისმა ოჯახმა მისი დაბადებიდან მალევე დატოვეს ეს სახლი.

"აქ ერთხელ დავბრუნდი ხანმოკლე ვიზიტით, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი ისტორია. მგონი, ერთხელ წავიკითხე ამ პლანტაციაზე მყოფი ვიღაცის მონობის ამბავი და ნამდვილი საშინელება იყო. მიწის 160 აკრი, ბაბუაჩემი კი მიწაზე საკუთრების არმქონე გლეხი იყო. ჩემი ბიძებისა და ბიძაშვილების უმეტესობა ფერმერები არიან. ეს ის არჩევანია, რომელიც მათ ჰქონდათ. ბებიაჩემის სახლი კი ერთოთახიან ქოხს წარმოადგენდა. მობილურში მისი ფოტო მაქვს, რადგან მგონია, ულამაზესი სურათია", — თქვა მან.

ამ ვიდეოინტერვიუში იგივე სურათი იყო ნაჩვენები, რაც დევისმა დაპოსტა თავის დაბადების დღეზე.

2016 წლის ინტერვიუში დევისმა ისიც გაიხსენა, რომ სახლს "მხოლოდ ეზოს საპირფარეშო" ჰქონდა — არ იყო არც წყალი და არც აბაზანები. ამ ღატაკი გარემოს მიუხედავად, დევისის თქმით, მის დაბადების დღეზე მთელი ოჯახი ძალიან ბედნიერი იყო.

"დედაჩემი ამბობს, რომ იმ დღეს, როცა დავიბადე, ყველა ჩემი ბიძა და დეიდა მოვიდა სახლში. ყველა სვამდა, იცინოდა და ბედნიერი იყო. დედამ თქვა, რომ ჩემი გაჩენის შემდეგ მან სარდინის, მდოგვის, ხახვისა და პომიდვრის სენდვიჩი შეჭამა. მიყვარს ეს ისტორია. ჩემთვის დიდებული ისტორიაა — ერთი შეხედვით განადგურებული გარემოს შუაგულში ზეიმის დიდებული ისტორია, თუმცა [აქაც კი] არის ის ბედნიერება და სიცოცხლე, რომელიც შეიძლება მისგან იშვას, რადგან ყველაფერი ყოველთვის მატერიალურ კეთილდღეობამდე არ დადის", — თქვა ვაიოლამ.