"ინტერესი მქონდა, რომ ჩვენი წინაპრების სახელი დარჩენილიყო" — ჭიბონის ოსტატი ქედიდან
ქედაში მცხოვრები მურად თავართქილაძე იმ იშვიათი ადამიანებს მიეკუთვნება, ვისაც ჭიბონზე დაკვრა და მისი დამზადებაც შეუძლია. როგორც გვითხრა, აჭარაში ასეთი სულ ხუთია.
ჭიბონი საუკუნოვანი ისტორიის მქონე ჩასაბერი საკრავია. უძველესი დროიდან ჭიბონზე დამკვრელები სალხინო სუფრის სასურველი სტუმრები იყვნენ. 2019 წელს ამ მუსიკალურ ინსტრუმენტს მესტვირეობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
მიუხედავად საკრავის უნიკალურობისა, დროთა განმავლობაში მასზე მოთხოვნამ იკლო, დამზადების ტრადიციული მეთოდები კი ახალი თაობებისთვის უცხო გახდა. სწორედ ამ ტრადიციების შენახვასა და მომავლისთვის გადაცემას ცდილობს მურად თავართქილაძე.
ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ქორწილიდან დაბრუნებულმა მამამ და ერთ-ერთმა ცნობილმა შემსრულებელმა, ვასო ირემაძემ ჭიბონზე დაუკრეს. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ ამ საკრავის ოსტატობა სურდა.
"14 წლიდან ვუკრავ. 45 წელია ვუკრავ და ვაკეთებ. ბევრ ფესტივალზე, კონცერტზე ვარ ნამყოფი როგორც ქვეყანაში, ისე საზღვრებს გარეთ", — ამბობს მურად თავართქილაძე.
ამ ხნის განმავლობაში 300-ზე მეტი ჭიბონი დაამზადა. ბევრი აქვს გაყიდული უცხოეთში, მათ შორის თურქეთში, ესტონეთში, რუსეთში. დასამზადებლად დღემდე ძველ ტრადიციულ მეთოდებს იყენებს.
საკრავის შესაქმნელად დაახლოებით ათი დღე სჭირდება. დამზადებაში საკვანძო ადგილი კი გუდას უჭირავს, რომელიც თხის ტყავისგან მზადდება. ის ბალნისგან კარგად უნდა იყოს გასუფთავებული და დამუშავებული.
"ყველაზე მთავარი ესაა და მერე ენების ერთმანეთთან დაჯენა. ტყავი აუცილებელია, რადგან ისე ჰაერს ვერ მიაწვდი, რომ მუდმივად დაუკრა", — ამბობს აჭარელი ოსტატი.
სხვა გუდასტვირებისგან განსხვავებით, ჭიბონი სიმღერის გარდა, ცეკვის დროსაც მოსახერხებელია. მურად თავართქილაძე გვიყვება, რომ საკრავის "წინაპარი" შოტლანდიური გუდასტვირია, თუმცა აჭარული მისგან განსხვავდება:
"მწყემსმა მოიფიქრა ეს. სულ პირველად მწყემსმა [სტვირები] გააკეთა გოგრის ღეროდან. მერე გადავიდა ხეზე. მერე პატარა გუდასავით მოარგეს, რომ ჩაუბერონ და დაუკრან, მოგვიანებით მოიფიქრეს გუდის თხის ტყავისგან გაკეთება. ორასი წლის წინ მოიგონეს საკრავი და შემოვიდა. მაშინ არც სხვა ასეთი ინსტრუმენტები არ იყო. ხალხის გასართობად ამაზე დიდი მოთხოვნა იყო ქორწილებში".
თავის ცოდნას ახალგაზრდებს უსასყიდლოდ გადასცემს. იყო დრო, როცა სოფელ-სოფელ დადიოდა და შეგირდებს ეძებდა.
"არეული წლები იყო. მოთხოვნაც აღარ იყო. ბავშვებსაც ინტერესი არ ჰქონდათ. ვიფიქრე, რომ დავაინტერესებდი ბავშვებს, შემხვდება ისეთი, რომელსაც სურვილი გაუჩნდება და შერჩება. ასეთები გამოჩნდნენ შუახევში, ბათუმში, რომლებიც ახლა ანსამბლებში უკრავენ და მღერიან. რამდენი ბავშვიც გამიზრდია, ყველას უსასყიდლოდ ვასწავლე", — ყვება ოსტატი.
ფოლკლორული ინსტრუმენტის ტრადიციის შენარჩუნებისთვისა და მომავალი თაობების გადაცემისთვის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, ქედა ლიდერის ფარგლებში სოფელ კოლოუტარში ჭიბონის სახელოსნოს აწყობს. ამბობს, რომ არ სურს, მისი წინაპრების ცოდნა დაიკარგოს:
"ამის ინტერესი მქონდა, რომ არ დაიკარგოს და ჩვენი წინაპრების სახელი დარჩეს, რომლებმაც მოიგონეს და ჩვენამდე მოიტანეს".
სხვადასხვა ასაკის ბავშვები ჰყოლია, ყველაზე პატარა სამი წლის იყო. ამჟამად ექვსი მოსწავლე ჰყავს და, როგორც ამბობს, უკვე გამოზარდა ისეთი, რომელმაც დაკვრაც და ჭიბონის დამზადებაც იცის.
კომენტარები