ძაღლები სიტყვებს ადამიანების მსგავსად აანალიზებენ — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც ძაღლებს ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გადაუღეს, მათი ტვინი ჩვენ მიერ ნათქვამ სიტყვებს იერარქიულად აანალიზებს, რაც ძალიან ჰგავს ადამიანის ტვინის მიერ სიტყვების ორმაგი დონის იერარქიულ ანალიზს.
კვლევაში 12 ძაღლი მონაწილეობდა, მათი ასაკი კი 2-დან 10 წლამდე მერყეობდა. ძაღლები სამი განსხვავებული ჯიშისანი იყვნენ: 6 მათგანი ბორდერ-კოლი გახლდათ, 5 — ოქროსფერი რეტრივერი და ერთიც გერმანული ნაგაზი.
ძაღლებთან ურთიერთობისას გამოყენებულ ტონებს, რომლებიც ემოციებთან არის დაკავშირებული, მკვლევრები ემოციურ პროსოდიას უწოდებენ. როგორც წესი, ადამიანები ძაღლებთან მაღალ ტონს იყენებენ — ისეთს, როგორსაც ბავშვებთან ურთიერთობისას მივმართავთ ხოლმე.
მაინც, როგორ აანალიზებს ძაღლის ტვინი ჩვენ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს? პირველ რიგში, ძაღლის ტვინის ქერქქვეშა რეგიონები საუბრის ინტონაციას აანალიზებენ და ცდილობენ დაადგინონ იგი პოზიტიურია, ნეგატიური თუ ნეიტრალური. შემდეგ კი ქერქოვანი არეები სიტყვების მნიშვნელობის დადგენას ცდილობენ.
სანამ ძაღლები fMRI-ში უმოძრაოდ იყვნენ მოთავსებულნი, მკვლევრები აკვირდებოდნენ, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ მათ ტვინებს სამ განსხვავებულ უნგრულ სიტყვაზე: azaz (სულ ესაა), ugyes (ჭკვიანი) და jol van (ყოჩაღ). ამ სამ სიტყვას მწრთვნელი ხან პოზიტიური, ხან ნეიტრალური ტონით გამუდმებით იმეორებდა.
შემდეგ კი ცხოველებს შემთხვევით არჩეულ, უმნიშვნელო სიტყვებს ასმენინებდნენ, რომლებსაც ასევე პოზიტიურ და ნეიტრალურ ტონში წარმოთქვამდნენ. საბოლოოდ, მკვლევრებმა ფრაზული სიტყვებისა და უმნიშვნელო სიტყვების გაგების დროს ტვინის რეაქციები შეადარეს, რომლებიც ხან პოზიტიური, ხან ნეიტრალური ტონით იყო წარმოთქმული და მათი გააზრების იერარქია დაადგინეს.
"ჩვენი კვლევის მიხედვით, ძაღლები, ადამიანების მსგავსად, წარმოთქმულ სიტყვებში ემოციური პროსოდიის მინიშნებებს ტვინის ქერქქვეშა რეგიონებით იგებენ, ლექსიკურ ინფორმაციას კი — ტვინის აუდიტორულ აღქმაზე პასუხისმგებელი რეგიონებით. როგორც აღმოჩნდა, ინტონაციის გადამუშავება ლექსიკური სტიმულებისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს და იგი, ამასთან, ლექსიკური ინფორმაციის გადამუშავებაზე ახდენს გავლენას", — ნათქვამია კვლევაში.
ამ კვლევის მიხედვით, ტვინის ქერქქვეშა რეგიონები, როგორც წესი, უფრო მარტივ, ემოციურად დატვირთულ სტიმულებს აანალიზებენ, რომლებიც წარმოთქმული სიტყვების ინტონაციიდან მოდის როგორც ძაღლის, ასევე ადამიანის ტვინში. ხოლო უფრო კომპლექსური და ნასწავლი ფრაზები ტვინის უფრო მეტად თანმიმდევრულ ქერქოვან რეგიონებში ანალიზდება.
კომენტარები