WHO მიმდინარე პანდემიას თავის არსებობაში "ჯანდაცვის ყველაზე მწვავე კრიზისად" აფასებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიას ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში "ჯანდაცვის ყველაზე მწვავე კრიზისი" უწოდა.
გებრეისუსმა ამ მოსაზრების გასამყარებლად სტატისტიკა მოიშველია და მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს და სიკვდილიანობის მაჩვენებელს გაუსვა ხაზი. დღეისთვის ეს მონაცემები ასე გამოიყურება: 16.6 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 656 ათასზე მეტი გარდაცვლილი.
"COVID-19-მა მსოფლიო შეცვალა", — განაცხადა 27 ივლისს გებრეისუსმა, — "პანდემიამ კი დაგვანახა, რისი უნარი აქვთ ადამიანებს — როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური გაგებით".
პრესასთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ იმ მომენტიდან, რაც 6 თვის წინ WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შერაცხა, ინფექციის გავრცელების შესანელებლად გავრცელებული რეკომენდაციები არ შეცვლილა.
"დაიცავით დისტანცია ერთმანეთისგან, დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ ხალხმრავალ და დაკეტილ სივრცეებს და ატარეთ ნიღბები, როცა ეს რეკომენდირებულია", — დაურთო გებრეისუსმა.
მან ასევე შეაქო ის ქვეყნები, რომლებმაც ვირუსის აფეთქება თავიდან აიცილეს და მათ რიცხვში ვიეტნამი, ახალი ზელანდია, კამბოჯა და რუანდა დაასახელა; და ის ქვეყნები, რომლებიც ფართომასშტაბიან აფეთქებას ეფექტიანად გაუმკლავდნენ. მსგავსი შემთხვევების მაგალითებად გებრეისუსმა კანადა, ჩინეთი, გერმანია და სახმრეთ კორეა წარმოაჩინა.
მართალია, WHO-ს დირექტორს ის ქვეყნები არ დაუსახელებია, რომლებიც პანდემიასთან გამკლავების საკითხში წარმატებულნი ვერ აღმოჩნდნენ, თუმცა მან ზოგადად გაუსვა ხაზი შექმნილი ვითარების სიმწვავეს.
"პანდემია ასწრაფებულად განაგრძობს პროგრესირებას", — განაცხადა მან, — "უკანასკნელი 6 კვირის განმავლობაში შემთხვევათა გლობალური სტატისტიკა თითქმის გაორმაგდა".
კომენტარები