NASA ახალდაბადებულ ვარსკვლავებზე დაკვირვებას გიგანტური ჰაერბურთის მეშვეობით, დედამიწის ატმოსფეროდან გეგმავს.

JPL-ის (რეაქტიული ძრავების ლაბორატორია) მისია ASTHROS-ის გაშვებას 2023 წლის დეკემბრისთვის გეგმავს. გეგმის მიხედვით, დაახლოებით 121-მეტრიანი ჰაერბურთი ანტარქტიდის თავზე 40 კილომეტრ სიმაღლეზე იფრენს. მართალია, ეს სიმაღლე ოფიციალურად აღიარებულ კოსმოსად არ ითვლება, თუმცა საკმარისია იმისთვის, რათა იმ შორ ინფრაწითელ უბანზე დაკვირვება გახდეს შესაძლებელი, რომელსაც დედამიწის სქელი ატმოსფერო ბლოკავს.

"ASTHROS-ის მეშვეობით ვგეგმავთ, რომ ისეთი ასტროფიზიკური დაკვირვებები ვაწარმოოთ, რომლებიც აქამდე არასდროს წარმოებულა. ASTHROS სამომავლო მისიებისთვის ნამდვილად გაკვალავს გზას", — განაცხადა JPL-ის ინჟინერმა და ASTHROS პროექტის მენეჯერმა ჯოის საილსმა.

როდესაც ჰაერბურთი სრულად გაიბერება და გაეშვება, მიწაზე მყოფი მეცნიერები მისთვის მიმართულების ზუსტად განსაზღვრას შეძლებენ. მისიის ფარგლებში ჰაერბურთი სამხრეთ პოლუსზე 3-4 კვირის განმავლობაში ორ ან სამ მარყუჟს შეასრულებს. ამის შემდეგ მის ქვეშ განთავსებული ტელესკოპი ჰაერბურთისგან განცალკევდება და დედამიწაზე პარაშუტის მეშვეობით დაბრუნდება. აქ კი მას მეცნიერები შემდეგი გაფრენისთვის შეაკეთებენ.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ შორ ინფრაწითელ უბანზე დაკვირვებით ახალდაბადებული ვარსკვლავების გარშემო არსებული ღრუბლების მოძრაობასა და სიჩქარეს გაზომავენ. მათი მიზანი ამ გაზის ღრუბლების მოძრაობისა და მათი ვარსკვლავების ჩამოყალიბებაზე არსებული გავლენის დეტალური 3D რუკის შექმნაა. მკვლევრები მიღებული მონაცემების წყალობით ვარსკვლავების ჩამოყალიბების პროცესზე ბევრად მეტის გაგებას შეძლებენ და ეს მათ უკეთესი სიმულაციების შექმნაში დაეხმარება.

JPL 256 სანტიმეტრის სიგრძის ტელესკოპის და სხვა ინსტრუმენტების ინტეგრირებასა და გამოცდას აგვისტოს დასაწყისში გეგმავს. ეს ინსტრუმენტები გიგანტური ჰაერბურთის ქვეშ განთავსდება.