აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება საარჩევნო პროცესში უცხო ქვეყნის ჩარევის საშიშროებაც, რომელიც, ძირითადად, ინტერნეტის მეშვეობით დეზინფორმაციის გავრცელების სახეს იღებს.

მსგავსი ტიპის ჩარევასთან საბრძოლველად მკვლევართა გუნდმა შეიმუშავა მანქანურ დასწავლაზე დაფუძნებული ალგორითმი, რომელიც ინტერნეტ ტროლების გამოვლენით იქნება დაკავებული. პროგრამისტების თქმით, მსგავსი მეთოდი სოციალურ ქსელებს აძლევს საშუალებას, აღკვეთოს ნებისმიერი კოორდინირებული ქმედებები, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევას ემსახურება.

Science Advances ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, აღნიშნული ალგორითმი სწავლობს იმ ტროლების ხელწერას, რომლებიც ქსელში აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას და ასეთი სახით საზოგადოების განწყობაზე ახდენენ გავლენას. მაგალითად, რუსეთის მიერ შექმნილი ტროლების ანგარიშები ხშირად აქვეყნებდნენ ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის ვებგვერდების ბმულებს, თუმცა სტატიები მსგავს საიტებზე შინაარსობრივად ხშირად არ ემთხვეოდა სტატიის სურათს ან მის სათაურს. ვენესუელელი ტროლები ამ დროს ძირითადად ყალბ ვებ-გვერდებს აზიარებდნენ.

მსგავსი ტიპის ცოდნიდან გამომდინარე ალგორითმი მარტივად აგნებს საეჭვო ანგარიშებს და პოსტებს.

მკვლევართა თქმით, ტროლებთან ბრძოლის ახალი ინსტრუმენტი სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე მუშაობს და ტესტირებისას მან წარმატებით გამოავლინა ყალბი ანგარიშები ტვიტერსა და Reddit-ზე.

"შედეგების მთავარი ღირებულება ისაა, რომ მათი გადატანა სხვადასხვა პლატფორმაზე ძალიან მარტივია", — ამბობს Business Insider-თან საუბარში კოდი ბანტეინი, ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინფორმატიკის კათედრის ასისტენტ-პროფესორი, — "იგი პლატფორმებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში ადევნონ თვალი ტროლების აქტივობას და მსგავს ფაქტებზე დროულად მოახდინონ რეაგირება".

ბანტეინის თქმით, სოციალურ ქსელებში, შესაძლოა, უკვე იყენებენ კიდეც მანქანური დასწავლის მეთოდებს ტროლების გამოვლენისა და მათი წაშლის მიზნით, თუმცა მისი გუნდის მიერ შექმნილი მოდელი კომპანიებს ძალისხმევის კოორდინირების საშუალებას აძლევს. ალგორითმს ასევე შეუძლია დეზინფორმაციის ახალი კამპანიის გამოვლენა და მსგავსი კამპანიის წამოწყების პროგნოზირებაც კი. ახალ ალგორითმს ასევე უკვე გამოვლენილი ტროლების მეშვეობით სრულიად ახალი ყალბი ანგარიშების იდენტიფიცირების უნარი აქვს.

"პროგნოზირების შესაძლებლობა სოციალური ქსელის პლატფორმას დროული ჩარევის საშუალებას აძლევს", — ამბობს ბანტეინი.

ტვიტერზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ ახალ ალგორითმს ტროლების გამოვლენა სრულიად ახალი ანგარიშების შემთხვევაშიც შეუძლია.

მოდელმა ასევე წარმატებით გაარჩია ტროლები ჩვეულებრივი, ნამდვილი ადამიანებისგან, რომლებიც აქტიურად აზიარებდნენ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს.

ბანტეინი და მისი გუნდის სხვა წევრები ალგორითმს დაინტერესებულ კომპანიებს სრულიად უფასოდ სთავაზობენ, თუმცა, მათივე თქმით, იდეის ავტორებს იმ კომპანიებთან სურთ თანამშრომლობა, რომლებიც ალგორითმის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ.

გარდა ამისა, ბანტეინი აღნიშნავს, რომ კომპანიებმა ამ ალგორითმის გამოყენების შემთხვევაში გარკვეული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან შედეგები, შესაძლოა, 100%-იანი სიზუსტით ყოველთვის არ დაემთხვეს.

"პრობლემა შემდეგ კითხვაში მდგომარეობს — რა ხდება, როცა ალგორითმი ცდება?", — აცხადებს ბანტეინი.

მისივე თქმით, ყოველ რამდენიმე კვირაში ერთხელ ალგორითმის ხელახლა გამოწვრთნა მის ეფექტიანობას გააუმჯობესებს. თუმცა, როცა მნიშვნელოვანი მოვლენები ან ცნობილი პოლიტიკოსები ცალკეულ პლატფორმაზე ტრენდულნი ხდებიან, ალგორითმს სიტუაციასთან გასარკვევად რამდენიმე დღე სჭირდება. ამ დაგვიანებული რეაქციის გათვალისწინებით, ტროლების გამკონტროლებელი ადამიანების როლი კვლავ მნიშვნელოვანია.