თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

რუსული და სხვა ქვეყნების ინტერნეტსივრცეები უფრო და უფრო მეტად ხდება იმ პოსტებით და კომენტარებით მოცული, რომელთა უკანაც პროფესიონალი ტროლები დგანან. მათი უმეტესობა ინტერნეტში კრემლის ნარატივის გავრცელების სანაცვლოდ საშუალოზე მაღალ ანაზღაურებას იღებს.

ტვიტერზე, ფეისბუქზე, LiveJournal-სა და vKontakte-ზე ათასობით ყალბი ანგარიში არსებობს და ყველას ყურადღება განსაკუთრებითაა გამახვილებული კრემლის ინტერესების დაცვასა და გამართლებაზე. ბევრი მათგანის ორკესტრირება რუსეთის ყველაზე ცნობილი "ტროლების ქარხნიდან", ინტერნეტკვლევის ცენტრიდან, ხდება. ეს დაწესებულება სანქტ-პეტერბურგში სავუშკინას ქუჩაზე მდებარე მოკრძალებულ შენობაშია განთავსებული, სადაც პროპაგანდის გასავრცელებლად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. რამდენიმე წლის წინ ზოგიერთმა ყოფილმა თანამშრომელმა გადაწყვიტა, რადიო თავისუფლებასთან ღიად ესაუბრა ტროლების ქარხანაში არსებულ ყოველდღიურობაზე, სადაც ასობით ადამიანი ერთხმად მუშაობს. 12-საათიანი ცვლის სანაცვლოდ კი ისინი კუთვნილ ანაზღაურებას, თვეში 40 ათას რუბლს (1700 ლარი) ან მეტსაც კი იღებენ.

სანქტპეტერბურგელმა ბლოგერმა, მარატ ბურკხარდმა, ორი თვე გაატარა ინტერნეტკვლევის ცენტრში. განყოფილებას, სადაც იგი მუშაობდა, რუსეთის სახელისუფლებო გვერდების და ფორუმების კრემლის მხარდასაჭერი კომენტარებით გადავსება ევალებოდა. წინამდებარე ინტერვიუში ბურკხარდი ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს აღგვიწერს და შესასრულებელი დავალებების სახეებზე საუბრობს.


მარატ ბურკხარდი

მარატ ბურკხარდი

ფოტო: Courtesy Image

მარატ, თქვენს ბლოგზე წერთ, რომ ინტერნეტკვლევის ცენტრში გატარებულმა დრომ იმდენი მასალა მოგცათ, მთელი წიგნის დაწერა შეიძლება. რატომ გადაწყვიტეთ ამის დაწერა? გასართობად? თუ ეს, უბრალოდ, ავანტიურიზმია?

დიახ, ვფიქრობ, ავანტიურიზმი შესაფერისი სიტყვაა. რადგან, ჩემი აზრით, ამგვარი სამუშაო სხვაგან არსად არსებობს.

ამ სამსახურში აყვანის პროცესი რთული იყო?

კი, ნამდვილად რთული იყო. თავდაპირველად სანიმუშო ტექსტები უნდა დაწერო საჩვენებლად, შემდეგ კი გადაწყვეტენ, რამდენად შესაფერისი კადრი ხარ მათი სამუშაოსთვის. ასეთი გზით ცხრილავენ კანდიდატებს.

რა ტიპის ტექსტებზეა საუბარი?

თავდაპირველად რაიმე ნეიტრალურ თემაზე გაწერინებენ — ვეგეტარინელობა: მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამის შემდეგ დავალებები უფრო მეტად იღებს კონკრეტულ მიმართულებას, მაგალითად — რას ვფიქრობ დონეცკში სამშვიდობო ძალების ყოფნაზე?

გაიძულებდნენ, თქვენი რეალური შეხედულებები დაგემალათ?

კი, მე პროდასავლურ მიმართულებას ვუჭერ მხარს. ჩემთვის ეს ძალიან ბუნებრივია, მათთვის კი, რასაკვირველია, არა. ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე არაფერს ვწერდი. სხვა შემთხვევაში, არც დამიქირავებდნენ, ან მაშინვე გამაგდებდნენ. ისინი გამუდმებით ამოწმებენ იდეოლოგიურ პათოსს ყველაფერში, რასაც კი წერ. რამდენჯერმე დამიჭირეს უპასუხისმგებლო ქცევისთვის.

ხელფასად 45 ათასი რუბლი მაშინვე შემოგთავაზეს თუ თანდათანობით გაიზარდა ამ ოდენობამდე?

არა, მაშინვე მივიღე, როგორც კი ჩემი წილი სამუშაო შევასრულე. ეს ნამდვილი ქარხანაა. განსაზღვრულია პროდუქციის წილი, ხოლო წილის შესრულებისას 45 ათას რუბლს იღებ. შესრულებულ წილად 12-საათიან ცვლაზე 135 კომენტარი ითვლება.

რამდენი განყოფილებაა ინტერნეტკვლევის ცენტრში?

თანამედროვე შენობაა, ოთხსართულიანი. არის LiveJournal-ის განყოფილება, ახალი ამბების განყოფილება, განყოფილება, სადაც ყველანაირი სურათი და დემოტივატორი იქმნება [დემოტივატორი არის სატირული სურათი, რომელიც მიზანში ამოღებული სუბიექტის თუ ობიექტის რეპუტაციის შელახვას ემსახურება] და განყოფილება, სადაც ვიდეოებს ქმნიან. თუმცა ამ განყოფილებებიდან არცერთში არ ვყოფილვარ. თითოეულ მათგანს გამოყოფილი აქვს ოფისი, სამუშაო მაგიდები და კომპიუტერები, ერთი ადგილიდან მეორეში კი უკითხავად არავინ გადადის. ყველა თავის სამუშაო სივრცეში რჩება.

თქვენს განყოფილებაში რამდენი ადამიანი მუშაობდა?

ოცი.

დღეში 12 საათს მუშაობდით?

კი. არის დღის ცვლა და ღამის ცვლა.

აუცილებელი იყო, ოფისში მჯდარიყავით თუ სახლიდანაც შეიძლებოდა მუშაობა?

დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა არ არის. ღამით სხვა ცვლა მოდის. მე კი დღისით ვმუშაობდი.

ანუ ოფისში 12 საათი გარეთ გაუსვლელად მუშაობდით? რატომ ასეთი ხანგრძლივი ცვლა?

ორი დღე მუშაობ, ორი დღე ისვენებ. ამდენად, მათი გათვლით, 8-ის ნაცვლად 12 საათი უნდა იმუშაო გადაბმულად.

და რას აკეთებდა თქვენი განყოფილება?

ჩვენი განყოფილება პოსტებზე აკომენტარებდა. რუსეთში თითოეულ ქალაქსა და სოფელს საკუთარი მუნიციპალური გვერდი აქვს კომენტარების ფორუმით. ვიღაც დაწერდა ფორუმზე რაღაცას — რაიმე ახალ ამბავს — ჩვენი დავალება კი მასზე დაკომენტარება იყო. ამას სამკაციან ჯგუფებად დაყოფით ვაკეთებდით. ერთი იქნებოდა "ცუდი ტიპი" — ადამიანი, ვინც არ ეთანხმება ფორუმზე დაწერილს და აკრიტიკებს ხელისუფლებას, რათა მეტად დამაჯერებელი იყოს ის, რასაც ვაკეთებთ. დანარჩენი ორი კი მას ეწინააღმდეგება: "არა, შენ მართალი არა ხარ; აქ ყველაფერი სწორია". ერთ-ერთი რაიმე დიაგრამას ან კონტექსტისთვის შესაფერის სურათს ჩააგდებდა, მეორე კი ისეთი მასალის ბმულს გააზიარებდა, რაც არგუმენტის გასამყარებლად გამოდგებოდა. ხედავთ? ცუდი ტიპი, სურათი, ბმული.

ანუ თქვენ სამნი ერთად ისხედით და თანხმდებოდით, ვინ რას გააკეთებდა ამ ოპერაციაში?

ჰო, ასეთი აბსურდი ხდებოდა ზუსტად. ბევრს არ ვლაპარაკობდით, რადგან ყველა დაკავებული იყო. ერთი კომენტარი 200 ასო-ნიშანზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. უნდა იჯდე მხოლოდ და წერო და წერო დაუსრულებლად. არ ვლაპარაკობდით იმიტომაც, რომ ჩვენით შეგვეძლო, წაგვეკითხა, სხვები რას წერდნენ, მაგრამ რეალურად არც წაკითხვა იყო დიდად საჭიროდ, რადგან ყველაფერი სრულ უაზრობას წარმოადგენდა. ახალი ამბავი იწერება და ვიღაც აკომენტარებს მასზე. თუმცა, მეეჭვება, ნამდვილი ანგარიშების მფლობელები ამ ყველაფრის წაკითხვით იწუხებდნენ თავს.

ასე რომ, ჩვენი პატარა სამეული მთელ ქვეყანაში დაქროდა და კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე ყოველ ფორუმზე ჩერდებოდა. ამ ფორუმებზე რეალური აქტიურობის ილუზიას ვქმნიდით. ჯერ ვწერდით, შემდეგ კი ერთმანეთს ვპასუხობდით. ვიყენებდით საკვანძო სიტყვებს და ტეგებს საძიებო სისტემებისთვის. მაგალითად, მოცემული გვაქვს ხუთი საკვანძო სიტყვა: "შოიგუ", "თავდაცვის მინისტრი", "რუსული არმია". სამივე ჩვენგანი უნდა დარწმუნებულიყო, რომ ეს სიტყვები ჩვენს კომენტარებში ჩნდებოდა. მათი უღლება ან ბრუნებაც კი არ შეიძლება. ზოგჯერ ძალიან რთულია წერა, როცა ბრუნვის არცერთი ფორმის გამოყენების უფლება არ გაქვს!

სანქტ-პეტერბურგის ინტერნეტკვლევის ცენტრი

სანქტ-პეტერბურგის ინტერნეტკვლევის ცენტრი

ფოტო: Viktor Rezunkov (RFE/RL)

ერთი რიგითი დავალება

თემა: NATO-ს ჯარები უკრაინულ სამხედრო ძალებთან ალიანსში არიან.

საკვანძო სიტყვები: უკრაინის ამბები, რუსეთი და უკრაინა, უკრაინის პოლიტიკა, უკრაინა, NATO, PMC (სამხედრო კერძო კომპანია)

დავალება: ამ თემის 35 მუნიციპალურ ფორუმზე წამოწევა.

მუშაობა მას შემდეგ იწყება, რაც სხვა განყოფილების ტროლის დაწერილი სასიგნალო პოსტი ქვეყნდება LiveJournal-ის სოციალურ ქსელში, მომხმარებლის სახელით "flcrbgrjn". პოსტში საუბარია იმაზე, რომ უცხოელი დაქირავებული მებრძოლები უკრაინელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვიან. მას თან ერთვის ვიდეოს ბმული, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთაღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მყოფი ორი ამერიკელი ჯარისკაცის მხილებას.

"კიევის სამხედრო ხუნტა მუდმივად მომართავს საკუთარ მედიას რუსეთის წინააღმდეგ, ისინი კი ცრუობენ უსირცხვილოდ და დაუდევრად. ისინი ირწმუნებიან, რომ რუსული სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე იბრძვიან, სამხილის წარმოდგენაზე კი უარს აცხადებენ (რადგან ის არც არსებობს). თუმცა, როცა საქმე უკრაინის სამხედრო ძალებს ეხება, ამერიკის მარიონეტები კიევში ამტკიცებენ, რომ მათ რიგებში უცხოელი დაქირავებული მებრძოლების და დასავლელი სადაზვერვო აგენტების ყოფნის არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს — ისინი იტყუებიან და არც კი წითლდებიან ამაზე!"

ეს პოსტი, ანბანური სიის მიხედვით, პირველად ასტრახანის ქალაქის ფორუმზე ჩნდება. შემდეგ "ცუდი ტიპის" როლის შემსრულებელი, Yana24-ის სახელით მომუშავე ტროლი ტრიოს სამუშაოს იწყებს და აკომენტარებს იმ თემაზე, რასაც flcrbgrjn-ის პოსტი ეხება:

"რომელ NATO-ს სამხედროებზე ლაპარაკობ? ვიღაც ამერიკელი გადაიღეს ვიდეოთი, მერე რა? ისიც გაურკვეველია, რას აკეთებდნენ ისინი იქ. რუსეთი, ტრადიციულად, უკრაინას ადანაშაულებს იმაში, რასაც თავად ჩადის. ყველა თქვენს სამხედროებზე საუბრობს კარგა ხანია, თქვენ კი ისინი ტერიტორიიდან ჯერ კიდევ არ გამოგიყვანიათ".

შემდეგ "ბმულის ტროლი" გაბრაზებული პასუხობს "ცუდ ტიპს", უარყოფს Yana24-ის არგუმენტს და აზიარებს სტატიის ბმულს, სადაც ამტკიცებენ, რომ ამერიკელი სამხედროები მარიუპოლში იმყოფებოდნენ:

"ტექსტი საერთოდ წაიკითხეთ? თუკი თვალყურს ადევნებთ ამ თემას, წესით, უნდა იცოდეთ, რამდენი დამამტკიცებელი საბუთი არსებობს უკვე, რომელიც ნათლად მიუთითებს, რომ უკრაინაში ომი გრძელდება, რადგან დასავლეთს და პოროშენკოს მშვიდობა არ სურთ. იპოვეს ნივთები, რომლებიც დასავლეთის მებრძოლებს ეკუთვნით, ახლა კი თავად მებრძოლებსაც მიაგნეს. უპოვიათ რაიმე სამხილი, რომ უკრაინაში რუსი მებრძოლები არიან? ან თავად სამხედროები თუ დაუნახავთ? არა!"

შემდეგ ჩნდება "სურათის ტროლი", რომელიც დასავლეთს ფარისევლობაში ადანაშაულებს და მეტი სიმძაფრისთვის დემოტივატორსაც ამატებს:

"დასავლეთი ძალიან ორპირია: უკრაინის კონფლიქტის თემაზე ყველა დისკუსიაში ისინი რუსეთს ადანაშაულებენ და ამ დროს თავად ეხმარებიან უკრაინის სამხედრო ძალებს PMC-ის ჯარისკაცებით, რომლებიც NATO-ს წარმოადგენენ. ეს ორმაგი სტანდარტებია".

"ორმაგი სტანდარტები ასე გამოიყურება! — უკრაინა, აღდექ! / სამხრეთ-აღმოსავლეთო, იჯექი, ნუ გვეწინააღმდეგები და ითმინე!"

"ორმაგი სტანდარტები ასე გამოიყურება! — უკრაინა, აღდექ! / სამხრეთ-აღმოსავლეთო, იჯექი, ნუ გვეწინააღმდეგები და ითმინე!"

ფოტო: Web Screenshot

ასტრახანის შემდეგ ბიისკი მოდის. შემდეგ, ბრიანსკი, ველიკი ნოვგოროდი, ვლადივოსტოკი, ვოლგოგრადი, ორი ფორუმი ვორონეჟში, რამდენიმე ქვეყნის მასშტაბის ფორუმი — მაგალითად, ჩუპაკაბრა — და ბოლოს, ქალაქები, რომელთა სახელებიც რუსული ანბანის ბოლო ასოებზე იწყება, ჩიტა და ჩერეპოვეცი.

კიდევ რამდენიმე სხვა კომენტარი კია, თუმცა თემა მაინც Yandex-ის თავში ექცევა.

მარატ, შეგიძლიათ, გაიხსენოთ ყველაზე უცნაური ან სასაცილო დავალება, რაც კი თქვენს გუნდს მიუღია?

ყველაზე სასაცილო იყო, როცა აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ინდოეთში საღეჭ რეზინს ღეჭავდა, შემდეგ კი ის პირიდან გადმოაგდო. "უნდა დაწეროთ 135 კომენტარი ამაზე და აზრის გამოხატვა ნუ მოგერიდებათ. უბრალოდ, გამოიყენეთ სიტყვა "ობამა" ხშირად და მიმართეთ ლანძღვა-გინება მისკენ". დავალების ბოლოს ყოველთვის წინასწარგანსაზღვრული დასკვნა უნდა გააკეთო — რომ ობამა შავი მაიმუნია, რომელმაც კულტურაზე არაფერი იცის. შენ უნდა ჩაიხვიო ანტიკური ინდოეთის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ ღეჭავდა ის საღეჭ რეზინს იქ. ერთი მხრივ, სასაცილოა, რომ მზად არიან, ასეთ წვრილმანსაც კი სტაცონ ხელი, მეორე მხრივ კი, საერთოდაც არაა სამხიარულო. ეს აბსურდია და ყოველგვარ ზღვარს სცდება.

ქარხნის მთავარი დავალებაა, ვიზიტორების ფორუმებზე წეროს, კერძოდ, ფორუმებზე, რომლებიც რუსეთის იდეოლოგიურ მტრებს ეკუთვნით. ვინ აკეთებს ამას?

არსებობს უკრაინული განყოფილება და ინგლისური განყოფილება. ისინი ბომბავენ CNN-ის და BBC-ის გვერდებს. კონკრეტული ტიპის სამიზნეებიც ჰყავთ: The New York Times და არა — ქალაქ სამარას გვერდი. ჩვენი სამუშაო, ცხადია, უფრო მარტივია.

"სხვადასხვა განყოფილება ერთმანეთთან დიდად არ ურთიერთობს", — ამბობს მარატ ბურკხარდი, — "მეგობრობა წახალისებული არაა, სისტემა კი ძალიან რეპრესიულია. თუკი წუთით მაინც დააგვიანებ, უკვე 500 რუბლით ჯარიმდები".

"სხვადასხვა განყოფილება ერთმანეთთან დიდად არ ურთიერთობს", — ამბობს მარატ ბურკხარდი, — "მეგობრობა წახალისებული არაა, სისტემა კი ძალიან რეპრესიულია. თუკი წუთით მაინც დააგვიანებ, უკვე 500 რუბლით ჯარიმდები".

ფოტო: Yulia Mihailova

თქვენ უცხო ენებიც იცით. ამის გამო უცხოურ განყოფილებებში მუშაობა არ შემოგთავაზეს?

შემომთავაზეს. გასაუბრებაც მქონდა ინგლისურ განყოფილებაში, თუმცა მათ ჩემს შეხედულებებზე დაიწყეს კითხვების დასმა, მე კი ვუპასუხე, რომ აპოლიტიკური ვარ, არაფერი ვიცი და არაფერს ვემხრობი. როგორც ჩანს, ჩემი დაწინაურების პერსპექტივას მაგით გადავუსვი ხაზი. მათთან სამუშაო რომ დამეწყო, უნდა მეპასუხა, რომ კონკრეტულ იდეოლოგიას და მოსაზრებებს ვემხრობი. უცხო ენის მცოდნე თანამშრომლებისთვის ხელფასი 45 ათას რუბლზე მაღალია — 65 ათასი (2800 ლარი) და მეტიც კი.

არიან ადამიანები, ვინც სოციალურ ქსელებზე — განსაკუთრებით, ფეისბუქზე — მუშაობენ?

კი, ზოგი კონკრეტულად ფეისბუქზეც მუშაობს. დაახლოებით, 40 ოთახია, თითოეულში 20 ადამიანი ზის და ყველას საკუთარი დავალებები აქვს. ისინი წერენ და წერენ ყოველდღე და ეს სასაცილო სულაც არაა — სიცილისთვის, შეიძლება, გაგაგდონ კიდეც. ასე რომ, ყოველდღე ნებისმიერი ამბავი დავალებად შეიძლება იქცეს — ეს შეიძლება იყოს ობამა, შეიძლება იყოს მერკელი, შეიძლება იყოს საბერძნეთი ან ჩრდილოეთ კორეა.

ახალგაზრდებს, რომლებიც ამაზე მუშაობენ, არც კი შეუძლიათ, ის განსაზღვრონ, რა არის ამ ამბებში მნიშვნელოვანი. პოლიტიკის მკვლევარსაც კი არ შეუძლია, მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ექსპერტი იყოს, მაგრამ ამ ხალხს ყველაფერზე წერა ევალება. და იმას მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორ წერ; შეგიძლია, შეაქო ან ლანძღო. უბრალოდ, ეს საკვანძო სიტყვები უნდა გამოიყენო.

შემდეგ, პოლიტიკური შინაარსის უკეთ გასაშლელად, ისინი ისეთ ტიპს გზავნიან, ვინც იმ დღის თემაზე ისაუბრებს, რათა თანამშრომლებმა ზოგად ფონზე ცოტათი მეტი შეიტყონ. თუმცა თვითონ ამ გამოგზავნილმაც ძალიან ცოტა იცის, ამდენად ეს ყველაფერი სრულ აბსურდად გამოიყურება. ისინი სასხვათაშორისოდ გვაძლევენ იდეოლოგიურ ტესტს, რომელშიც 15 ან 20 კითხვაა პასუხგასაცემი. ნებისმიერი, ვინც რამდენიმე შეცდომას დაუშვებს, ვალდებულია, თავიდან გააკეთოს იგი. თუმცა თუკი ვიღაც უბრალოდ "უიმედოა", მას სამსახურიდან ითხოვენ.

რას გეკითხებიან ტესტირებაზე?

მაგალითად, "რა სურს რუსეთს, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მოხდეს?" — ეს ძალიან რთული კითხვაა, თან მხოლოდ ორი ან სამი სიტყვით შეგიძლია უპასუხო. ან, მაგალითად, უფრო ადვილი კითხვებია: "ვინ არის საკი?" [ჯენ საკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერია, რომელიც რუსი ტროლების სამიზნე ხშირად ხდება].

უკრაინის თემა ალბათ წამყვანია.

კი, მთელ ენერგიას და ძალებს უკრაინას ახარჯავენ.

როგორ მუშაობდა თქვენი სამეული, როცა დავალება, უკრაინის ან ამერიკის კრიტიკის ნაცვლად, რუსეთისთვის ხოტბის შესხმა იყო?

ერთხელ მქონდა შემთხვევა, როცა დავწერე, რომ გერმანელების უმეტესობა პუტინის პოლიტიკას მხარს უჭერს. ზუსტად ამ სიტყვებით მომცეს დავალება — "თქვი, რომ გერმანელების უმეტესობა პუტინის პოლიტიკას მხარს უჭერს და უკმაყოფილოა მერკელით". საიდან გაიგეს ეს, არ ვიცი, მაგრამ ამის დაწერა მევალებოდა. სასაცილოა, "გერმანელების უმეტესობა..."

ამგვარ დავალებებში "ცუდი ტიპის" როლის შემსრულებელ ტროლს რამე როლი აქვს?

თუკი რაიმე პუტინის მხარდასაჭერი იწერება, "ცუდი ტიპი" ეჭვს გამოთქვამს. მაგალითად, მართლმადიდებლურ შობაზე პუტინი ვორონეჟის მახლობლად, ერთ-ერთი სოფლის ეკლესიის მსახურებაზე დასასწრებად წავიდა, სადაც სითბო და სინათლე იფრქვეოდა. ამბავი გამოქვეყნდა სიტყვებით, თუ "როგორი მშვენიერი, როგორი საოცარი, როგორი დიდებული და როგორი შესანიშნავი კაცია იგი". აქ "ცუდი ტიპის" შემსრულებელი ტროლი არ გვეთანხმება: "კაი რა, პუტინი ვორონეჟში მხოლოდ საზოგადოებაში თავისი პოპულარობის გასაზრდელად ჩავიდა". ამის პასუხად ჩვენ ვწერდით: "რა გჭირს, რომელ პოპულარობაზე საუბრობ? ჰო, ის პოპულარულია, თუმცა ეს მას საერთოდ არ სჭირდება. მას, უბრალოდ, ჩვეულებრივ ხალხთან შეხვედრა სურს". სასაცილო მაგალითია.

შემდეგი დავალება

თემა: დადებითი დამოკიდებულებების გაღვივება ვლადიმერ პუტინის საშინაო პოლიტიკისადმი; პრეზიდენტმა შობა ჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად იზეიმა.

საკვანძო სიტყვები: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, პუტინის ამბები, პუტინის პოლიტიკა, შობა, ვლადიმერ პუტინი

დავალება ისევ LiveJournal-ის ანგარიშით გამოქვეყნებული პოსტით იწყება. პუტინზე პოსტს წამძღვარებული აქვს ციტატა მარინა ცვეტაევას ლექსიდან: "ცოდვაა, ოქროსგუმბათიანი ტაძრის თავზე იფრინო და მასში არ ილოცო", კონტექსტის გათვალისწინებით კი ეს სიტყვები ორმაგ მნიშვნელობას იძენს.

"შობა გვაერთიანებს!

შობის დალოცვილი დღესასწაული მოგვიახლოვდა და ამ საოცარ დღეს, რომელიც რუსეთის ყველა მოქალაქეს აერთიანებს, — მიუხედავად იმისა, მორწმუნე ხართ თუ, როგორც იტყვიან, არაეკლესიური, — ღვთის გზით მავალი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, როგორც ყოველთვის, ხალხთან იყო. სად თუ არა რაიონებში, ქალაქური ხმაურისა და აურზაურისგან შორს, არის შესაძლებელი, რომ ამ დღის მადლი ჭეშმარიტად განიცადო. ამდენად, ამ წელს, ვლადიმერ პუტინი ვორონეჟის მახლობლად მდებარე სოფელ ოტრადნოიეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას ეწვია. და ასეთ დღესასწაულზე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია რუსეთში (და ასევე მთელ ქრისტიანულ სამყაროში), ასეთ რთულ დროს, პრეზიდენტი პუტინი ხალხთან იყო და პირადად მიულოცა მღვდელმსახურებსა და მორწმუნე მრევლს".

ქალაქ ბარნაულის ფორუმზე "ბმულის ტროლი" პრეზიდენტის ქებით იჭრება და 31 დეკემბრის vesti.ru-ის სტატიას აზიარებს, სადაც ნათქვამია, რომ პუტინმა ობამას მიულოცა და მას ურთიერთპატივისცემის პრინციპები შეახსენა.

"შესანიშნავია სტატიაა! სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტმა ახალი წლის წინა დღეს ასევე მიულოცა ამერიკის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერს და სხვა დასავლელ პოლიტიკოსებს. ქების ღირსია, როგორ გამოხატავს იგი თავის მშვიდობიან ნებას და როგორ უძღვება ნორმალურ პოლიტიკას — იმას, რასაც ბარაკ ობამასგან არ უნდა ველოდოთ".

მაშინვე ჩნდება გაბრაზებული "ცუდი ტიპის" შემსრულებელი ტროლი:

"და რა მიგაჩნიათ მის საშობაო მილოცვაში სრულიად შესანიშნავად??? არ მესმის!!! ვლადიმერ პუტინი ჩვეულებრივი პიროვნებაა!! და მერე რა, რომ ის პრეზიდენტია?? ტელევიზიით რომ გამოვიდე და ყველას ბედნიერი შობა ვუსურვო, ჩემზეც დაწერთ სტატიას??? როგორც იქნა, რაღაცა ვიპოვეთ სალაპარაკოდ!"

"სურათის ტროლი" არ აყოვნებს, პუტინის ტაძარში ყოფნის ფოტოს აქვეყნებს და დასძენს:

"რა იდიოტობას ამბობ! პუტინი ჩვენი პრეზიდენტია! და მართლაც შესანიშნავი ფაქტია, რომ იგი სოფლის ეკლესიაში მივიდა შობის ყველასთვის მისალოცად. შობა სასწაულია. მრევლის მშურს. ვისურვებდი, მეც იქ ვყოფილიყავი ამ დიდებულ დღესასწაულზე".

ფოტო: Web Screenshot

სხვაგან, ეკატერინბურგის ფორუმზე, "ცუდი ტიპის" შემსრულებელი ტროლი პუტინის შობაზე გამოჩენას აკრიტიკებს და ამ ფაქტს ქვეყნის მნიშველოვანი ეკონომიკური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს:

"მეზობელს წიწიბურის ტომარა აჩუქე წელს!! აი, ესაა მადლიანი საქმე!!! ვლადიმერ პუტინი იმ ყველაფერს წარმოადგენს, რაც მომავალში მოგველის!! ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის სალოცავად და წყალობის მისაღებად მივიდა. მან ქვეყანა პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ გააქანა და ახლა რისი გაკეთება შეუძლია??? ლოცვა, ეს არის და ეს".

"სურათის ტროლი" მას საყვედურობს და საილუსტრაციოდ სოფლის ტაძრის ფოტოს აქვეყნებს:

"ბატონო ჩემო, როგორ ლაპარაკობთ! შობა მადლიანი და ბედნიერი დღესასწაულია, თქვენ კი აქ ილანძღებით. არ ღირს. ყველასთვის სამყოფი წიწიბურა გვაქვს, ჩვენი ქვეყანა კი ანტირუსულ სანქციებს გადაურჩება, პრობლემა არაა. ასე რომ, ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ! განსაკუთრებით, თქვენ!"

ფოტო: Web Screenshot

ასე ატარებს სამეული მთელ დღეს 35 ფორუმზე ძრომიალში.

ვინმე გაუთავისუფლებიათ იდეოლოგიური შეცდომებისთვის?

კი, გაუთავისუფლებიათ. ერთ-ერთი — პირდაპირ ჩემ თვალწინ. მეც კი აღმოვჩნდი შარში. იმდენი კარიკატურა იყო, რომ შემეშალა და პოროშენკოს კარიკატურის ნაცვლად იანუკოვიჩის კარიკატურა გამოვაქვეყნე. იანუკოვიჩის დაცინვა არ შეიძლება. ის "კარგი ტიპებიდან" ერთ-ერთია. მათაც სასწრაფოდ დამიბარეს: "როგორ ბედავ? მართლა არ იცოდი, რომ ეს იანუკოვიჩი იყო?" და ამ ყველაფერს შემაძრწუნებლად სერიოზული სახეებით გეუბნებიან. უამრავი მენეჯერია, ვინც მუდმივად აკვირდება და აკონტროლებს ყველას.

და ვინ არიან ეს მენეჯერები?

ინტერნეტკვლევის ცენტრში მომუშავე ადამიანები, ვინც, როგორც ჩანს, დიდი ხანია, მანდ არის და დაწინაურდა კიდეც. სხვათა შორის, მათი ხელფასი ორჯერ მეტია. შემთხვევით ხელფასების სიას გადავაწყდი და აღვშფოთდი — მათ 70 ათასიდან 80 ათას რუბლამდე (3 ათასი ლარიდან 3500 ლარამდე) უხდიან მხოლოდ იმაში, რომ ჩემი დაწერილი სისულელეები იკითხონ და თითი დამიქნიონ, თუ რამე შეცდომას დავუშვებ.

ვინ მიდის მანდ სამუშაოდ? მართლა არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც გულწრფელად სურს, ობამას და მერკელს ებრძოლოს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გვერდით?

კი, ასეთებიც არიან. ეს ყველაზე საშინელი რაღაცაა: სადილის შესვენებაზე კაფეტერიის მსგავს სივრცეში გადიან, სადაც სავაჭრო აპარატები და ყავაა; ის ხალხი კი, ვინც მთელი დღე ასეთ რაღაცებს წერს, ყავის დალევის და სხვა თემაზე საუბრის ნაცვლად, პირის აქაფებას იწყებს იმავეზე საუბრით. აქაც კი რაღაცის დამტკიცებას ცდილობენ. ასე რომ, ფანატიკოსებიც არიან.

თუმცა თანამშრომლების უმეტესობას ისეთი ახალგაზრდები შეადგენენ, ვისაც ფულის გამომუშავება სურს. პოლიტიკაში ისინი იმდენად გაურკვევლები არიან, რომ პუტინი იქნება თუ ობამა... დიდ განსხვავებას ვერ ხედავენ. ცხადია, ისინი ერთმნიშვნელოვნად პუტინს უჭერენ მხარს, მაგრამ მაინც სრულიად გაუნათლებლები არიან პოლიტიკაში. "რასაც გვეტყვიან, იმას დავწერთ, არც კითხვებს ვსვამთ და არც არაფრის ცოდნა გვინდა".

სხვა განყოფილებებში მომუშავეებს თუ შეხვედრილხართ?

სხვადასხვა განყოფილება ერთმანეთთან დიდად არ ურთიერთობს. მეგობრობა წახალისებული არაა, სისტემა კი ძალიან რეპრესიულია. თუკი წუთით მაინც დააგვიანებ, უკვე 500 რუბლით ჯარიმდები. მომუშავეები მუდმივი წნეხის ქვეშ არიან. წვრილმანი გადაცდომისთვისაც კი ჯარიმაა. მუდმივად საფრთხის ქვეშ იმყოფები ან ჯარიმა გემუქრება. დიდად ცივილიზებული ატმოსფერო არაა, ნამდვილად.

თქვენ გაგათავისუფლეს თუ თავად გადაწყვიტეთ წამოსვლა?

ჩემით გადავწყვიტე, რადგან აბსურდულ სამუშაოში ჩართვა არ მსურს. ცხოვრებისეული გამოცდილება ნამდვილად მივიღე, თუმცა გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა — ეს ყველაფერი აბსურდია. ამ იდეოლოგიას არ ვიზიარებ, მეტიც, მისი წინააღმდეგი ვარ. მე მტრის ბანაკში ვიმყოფებოდი. ორი თვეც საკმარისი იყო, რომ გამეგო, რა კეთდება მანდ. მუშაობის გაგრძელება კი არ ღირდა, ფულისთვისაც კი, რადგან იმდენად რთული სამუშაოა, რომ — დაივიწყეთ, დაივიწყეთ ფული. ოღონდ უკან აღარ დამაბრუნოთ.

სხვათა შორის, როცა კი ჟურნალისტი ჩნდება და კითხვის დასმას აპირებს, განგაშს ტეხენ. ყველა ფარდა ჩამოფარებულია. ჩვენ კი დღისით ქუჩაში გასვლა გვეკრძალება. მათ მართლა ეშინიათ ჟურნალისტების.

თუმცა ინფორმაცია მაინც ჟონავს. თქვენამდე სამ ადამიანს ჩამოვართვით ინტერვიუ. ორუელის რომანის პაროდიას ჰგავს.

ჰო, სწორია. სიმართლის სამინისტრო. მუშაობ სიმართლის სამინისტროში, რომელიც რეალურად სიცრუის სამინისტროა და ყველას რაღაც მხრივ მაინც სჯერა ამ სიმართლის. და მართალი ხართ. ეს ორუელია.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.