როგორ გაგრძელდება სკოლებში სწავლა სექტემბრიდან — რა არის ცნობილი
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თითქმის 2 თვე რჩება, თუმცა კორონავირუსის გამო უცნობია, სკოლებში სწავლება რა ფორმით გაგრძელდება. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სასწავლო პროცესის აღდგენა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
სკოლებისათვის შესაბამისი რეკომენდაციები ჯერ არც დაავადებათა კონტროლის ცენტრს გაუცია. ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის აზრით, ქვეყნის ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია სწავლის დაწყებას ხელს არ უშლის.
"თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ტიპის ეპიდსიტუაციას ქვეყანაში, რაც დღეს გვაქვს და იქნა ის კონტროლის ქვეშ, მაშინ, ჩემი გადასახედიდან, ეს სწავლის დაწყებას ხელს არ უშლის. მაგრამ ამ ტიპის გადაწყვეტილებს საკოორდინაციო საბჭო იღებს ხოლმე მრავალი ინდიკატორისა და საკითხის შეჯერებით", — აცხადებს გამყრელიძე.
მთავრობას სკოლების უსაფრთხოდ გახსნას ურჩევს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF). როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად, საქართველომ პრიორიტეტი სკოლების გახსნას უნდა მიანიჭოს. მათივე განცხადებით, არსებობს მზარდი მტკიცებულებები, რომ ბავშვები და სკოლები ქვეყნებში დაავადების გავრცელების მთავარ ფაქტორებს არ წარმოადგენენ.
"ფაქტობრივად, არ არსებობს დაავადების გავრცელების ტემპსა და სკოლების გახსნასა ან დახურვას შორის კავშირის მტკიცებულება", — აღნიშნავენ UNICEF-ში და მთავრობა შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავენ:
- სათანადო წყალმომარაგებისა და სანიტარიული პირობების უზრუნველყოფა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლების უსაფრთხოდ გახსნისათვის;
- ფიზიკური დისტანცირების ზომების განხორციელება, მათ შორის, ისეთი ღონისძიებების აკრძალვა, რომლებიც მოითხოვს დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრას;
- სასწავლო დღის დაწყებისა და დასრულების გრაფიკის დარეგულირება;
- სკოლაში კვებისათვის გამოყოფილი დროის ცვლილება;
- გაკვეთილების ჩატარება დროებით მოწყობილ სივრცეებში ან ღია ცის ქვეშ;
- გაკვეთილების ჩატარება ცვლებში, კლასების ზომის შემცირების მიზნით.
იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს სამინისტრო და რამდენად გაითვალისიწინებს UNICEF-ის რეკომენდაციებს, On.ge უწყებას დაუკავშირდა, თუმცა მათგან დამატებითი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ სკოლის დირექტორებიც, რადგან მუშაობის პროცესში არიან. მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ, სამინისტრო აპირებს, რომ ამ საკითხში ავტონომია სკოლებს მიანიჭოს და საკუთარი რესურსებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას თავად სკოლის დირექცია მიიღებს.
როგორც თბილისის 175-ე სკოლის დირექტორი, თინათინ ალავიძე On.ge-სთან ამბობს, მათი მიზანია, რომ სკოლა მოსწავლეებისგან განტვირთული იყოს და გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იქნება.
"სკოლამ თვითონ უნდა გათვალოს თავისი შესაძლებლობები და იმის მიხედვით გადაწყვიტოს. მთავარია, რომ სკოლაში ბევრი მოსწავლე არ იყოს ერთად. თავისუფლება ამ საკითხში აქვს სკოლას და შეუძლია თვითონ მოარგოს თავის გარემოს სასწავლო პროცესში ისე, რომ დაიცვას რეკომენდაციები, რომლებიც არის ჯანდაცვის სამინისტროსგან", — ამბობს ის.
მისივე თქმით, თუ სკოლაში მოსწავლეებს შორის დისტანციის დაცვისთვის საკმარისი სივრცე არ იქნება, შესაძლოა, კლასები გაიყოს.
"თუ სკოლას აქვს დიდი სივრცე, მაგალითად, 70 კვადრატულ სივრცეში შეუძლია, რომ დასვას კლასი. თუ არ აქვს ასეთი სივრცე, მაშინ, ალბათ, მოუწევს კლასის გაყოფა. მაგრამ ეს არის სკოლაზე დამოკიდებული, ყველა სკოლას ექნება, ალბათ, სხვადასხვანაირი, თავის გარემოზე მორგებული სასწავლო პროცესი", — განაცხადა თინათინ ალავიძემ.
კლასების გაყოფა რთულად წარმოსადგენია ბაღდათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის, მერაბ ფურცელაძისთვის. მისი თქმით, თუ ასე მოხდება, მაშინ მასწავლებლებს გაორმაგებული ხელფასი უნდა გადაუხადონ, რაც სკოლის ვაუჩერული დაფინანსების გადახედვას მოითხოვს.
როგორც ის ამბობს, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე, შესაძლოა, კლასებში სწავლა მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის გაგრძელდეს.
"ჯერ ოფიციალურად არაფერი მოუთხოვიათ, მაგრამ ჯანდაცვის რეკომენდაციებს რასაც ვკითხულობ, 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო. ერთ კლასში 28-30 ბავშვია და იმხელა საკლასო ოთახი არსად არაა, რომ ერთად დავსვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ჩემი ბაზიდან გამომდინარე, მე შესაძლებლობა მექნება, რომ დაწყებითი კლასები სკოლაში იყვნენ და დანარჩენები მონაცვლეობით. ამდენს აიტანს სკოლის მატერიალური ბაზა, მაგრამ დისტანციის დაცვას ისე, რომ ყველამ იაროს — ვერა. მარტო ჩემი კი არა, ვერცერთი სკოლა ვერ აიტანს. ბავშვთა რაოდენობიდან გამომდინარე ვსაუბრობ, თორემ არის სკოლები, სადაც 15 ბავშვი სწავლობს სულ, მათ არანაირი პრობლემა არ ექნებათ და ჩვეულებრივად გააგრძელებენ სწავლას", — ამბობს ის.
მერაბ ფურცელაძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, დანარჩენი კლასებისთვის საგნების ნაწილი სკოლაში ჩატარდეს, ნაწილი კი კვლავ დისტანციურად ისწავლონ.
"ქართული ენა, ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, დაბალ კლასებში აუცილებელია, რომ ონლაინ არ ჩატარდეს. ბავშვს ანბანს ონლაინ როგორ ასწავლი? ძალიან ძნელია, ამიტომ სკოლაში უნდა იყოს. სხვა საგნები, მაგალითად, ისტორია, კიდევ შეიძლება, რომ ონლაინ ასწავლო", — განაცხადა მერაბ ფურცელაძემ.
განათლების სამინისტროსგან ოფიციალურ მითითებებს ელიან კერძო სკოლებიც. ზოგიერთმა მათგანმა ჰიბრიდულ სწავლებაზე მორგებული გეგმა უკვე შეადგინა. ასეთია "აიბი მთიებიც". როგორც სკოლის დირექტორი, ნინო ჩიკვაიძე ამბობს, მათ ახალი სასწავლო პროცესის დაგეგმვა სხვებთან შედარებით უფრო გაუმარტივდათ.
"მე თვითონ უკვე შევქმენი სკოლაში ჰიბრიდული რეჟიმი და წესით პრობლემა არ უნდა მქონდეს. ჩვენთან მოსწავლეები დილის 9-ის ნახევრიდან საღამოს 6 საათამდე არიან. ჩვენთან უფრო მარტივია ამ პროცესის წაყვანა. შეიძლება, გარკვეულ საგნებზე საათობრივი დატვირთვა ცოტა უფრო შევამსუბუქო", — აღნიშნავს ის.
თუმცა, კერძო სკოლის დირექტორიც ამბობს, რომ ოფიაცილური რეკომენდაციების მიცემის შემდეგ, კლასების გაყოფა თუ საჭირო გახდება, ამას ფინანსურად ვერც სახელმწიფო და ვერც მშობლები ვერ გასწვდებიან.
განათლების სამინისტორსგან პასუხი ვერც იმ კითხვაზე მივიღეთ, რას აპირებს სახელმწიფო იმ შემთხვევაში, თუ გაკვეთილების ნაწილი ისევ დისტანციურად ჩატარდება. რამდენად გაითვალისწინებენ იმ ბავშვებისა და მასწავლებლების საჭიროებებს, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური და ინტერნეტრესურსის არქონის გამო დისტანციური სწავლების მიღმა დარჩნენ. ასეთი კი არც ისე ცოტაა — როგორც ცნობილია, საქართველოს მასშტაბით ონლაინ სწავლების დროს Microsoft Teams-ის პროგრამაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების 65 პროცენტი იყო ჩართული.
სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები