ადამიანის უჯრედებში ახალი სტრუქტურა აღმოაჩინეს — ნახეთ
ფოტო: Courtesy UVA Health
ადამიანის უჯრედების დეტალურად შესწავლისას მეცნიერებმა მისი აქამდე უცნობი ნაწილი აღმოაჩინეს. ესაა ორგანელები, რომლებსაც "ჰემიფუსომები" ეწოდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ისინი ჩვენს ორგანოებს მოგვაგონებს, რადგან მათაც სპეციფიკური ფუნქციები აქვს.
აქამდე უცნობი ორგანელები მაშინ შენიშნეს, როცა უჯრედთა ფორმის შემანარჩუნებელ ძაფოვან სტრუქტურებს, ფილამენტებს, იკვლევდნენ. ისინი სამგანზომილებიან გამოსახულებებში ხშირად ჩნდებოდა, თუმცა თავდაპირველად სურათის ხარვეზად მიაჩნდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი რეალური იყო, თანაც, შესაძლებელია, ადამიანის უჯრედებში ცილების გადამუშავებასა და კონტროლში მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს.
ჰემიფუსომების ფორმა უჩვეულოა: ერთმანეთზე მიმაგრებული დიდი და პატარა სფეროსებრი სხეულები, რომელთაც ვიწრო მიჯნა ყოფს.
ამ ორგანელების დიამეტრი მხოლოდ დაახლოებით 100 ნანომეტრია, ანუ მიტოქონდრიაზე ნახევარჯერ და უფრო მეტჯერ პატარაა. ისინი მეცნიერებმა კრიოელექტრონული ტომოგრაფიის მეშვეობით დააფიქსირეს, რა დროსაც უჯრედებს ყინავენ, რათა მათი სტრუქტურა მაქსიმალურად შენარჩუნდეს. ეს მკაფიო სამგანზომილებიანი სურათების გადაღებას ხდის შესაძლებელს.
გამოცემა Nature Communications-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ აქამდე ჰემიფუსომების აღმოჩენა ტრადიციული მეთოდებით გამოსახულების გადამუშავების პროცესის გამო ვერ ხერხდებოდა. ასევე, ეს ორგანელები ზედმეტად პატარაა იმისთვის, რომ სხვა ტექნიკებითაც მკაფიოდ გამოჩენილიყო.
ისინი ერთგვარი ვესიკულებია — ბუშტის მსგავსი სტრუქტურები, რომელთაც უჯრედებს შორის ცილები და ჰორმონები გადააქვს. ჰემიფუსომები ამგვარი ვესიკულების ნახევრად შერწყმული წყვილის უჩვეულო კონფიგურაციას ქმნის (ამას ეფუძნება თავად სახელიც), მათ მიჯნაზე კი ცხიმოვანი ფენაა. სპეციალისტებს ეს აღმოჩენა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რადგან მსგავსი სხეულების არსებობის შესახებ ვარაუდები გამოთქმული იყო, თუმცა ცოცხალ უჯრედში მხოლოდ ახლაღა დაფიქსირდა.
მათი თქმით, ჰემიფუსომები ორგანელებად კლასიფიცირდება, ვინაიდან ისინი უჯრედის დამოუკიდებელი ფუნქციური ერთეულებია და არა დროებითი მემბრანული წარმონაქმნები. ეს ვესიკულები არც გაყინვის შედეგად ფორმირებული წანაზარდებია. უკანასკნელი კვლევით მათი ზუსტი როლი, სიცოცხლის ციკლები ან შედგენილობა არ დაუდგენიათ.
შესაძლოა, დამატებითი მონაცემებით ისინი ძუძუმწოვრების უჯრედებში არსებული შუამავალი სტრუქტურების დამოუკიდებელ კლასად აღიარონ. არაა გამორიცხული, ეს უჯრედებში "ნარჩენების" დაგროვებას უშლიდეს ხელს და ისეთი დაავადებების შესწავლაში დაგვეხმაროს, როგორიც ალცჰაიმერია.

კომენტარები