მეცნიერები COVID-19-ის მძიმე ნევროლოგიური გართულებების შესახებ გვაფრთხილებენ
ექიმებს კორონავირუსით გამოწვეული თავის ტვინის სერიოზული, ზოგიერთ შემთხვევაში კი ფატალური გართულებები შეიძლება მხედველობიდან გამორჩეთ, გვაფრთხილებენ მეცნიერები. ამასთან, ეს გართულებები საშუალოდ მძიმე ან გამოჯანსაღების გზაზე მდგარ პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს.
ორიოდე დღის წინ ნევროლოგებმა ჟურნალში Brain დიდ ბრიტანეთში აღწერილი COVID-19-ით ინფიცირებული 40 პაციენტის გართულებების ღრმა ანალიზი გამოაქვეყნეს. მათ მიერ აღწერილ კლინიკურ გართულებებში ისეთი მძიმე მდგომაროებები შევიდა, როგორიცაა: თავის ტვინის ანთება, დელირიუმი, ნერვული დაზიანება და ინსულტი. ზოგიერთ შემთხვევაში კი ნევროლოგიური ჩივილები დაავადების წამყვანი სიმპტომის როლში გვევლინებოდა.
როგორც კვლევიდან ირკვევა, პანდემიის პირველი ტალღის პარალელურად, საკმაოდ გახშირებული იყო სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, მწვავე გაფანტული ენცეფალიტი (Adem). თუკი პანდემიამდე Adem თვეში ერთხელ ფიქსირდებოდა, კორონავირუსის დამსახურებით მისმა სიხშირემ თვალში საცემად — აპრილისა და მაისის თვეში კვირაში 2-3 შემთხვევამდე იმატა.
როგორც სტატიიდან ვიგებთ, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთება ათეულობით პაციენტს გამოუვლინდა. მათგან 10-ს დელირიუმი და ფსიქოზი აღენიშნა, ხოლო 8 პაციენტს — ინსულტი. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება აღენიშნა 8 პაციენტს. ექიმებმა მათ გილენ-ბარეს სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. ეს უკანასკნელი იმუნური სისტემის აგრესიული პასუხის შედეგად ვითარდება, რა დროსაც პერიფერიული ნერვები იმუნიტეტის მხრიდან თავდასხმის ობიექტები ხდება. ამის შედეგად პარალიზი ვითარდება, ხოლო შემთხვევათა 5% ფატალურად სრულდება.
"უკვე თვალნათლივ ვხედავთ COVID-19-მიერ თავის ტვინისთვის მიყენებულ ისეთ დაზიანებებს, რომლებიც სხვა ვირუსების შემთხვევაში აქამდე არ შეგვხვედრია", — განაცხადა მაიკლ ზანდიმ, კვლევის უფროსმა ავტორმა.
აღნიშნული კვლევა კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომლებიც დაავადების ხანგრძლივი ეფექტების შესახებ სამეცნიერო საზოგადოებაში აქტიურად მუსირებს. ზოგიერთ პაციენტს სუნთქვის უკმარისობა, მეხსიერების პრობლემები და ზოგადი საერთო სისუსტე დაავადების მოხდის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნდება.
სტატიაში აღწერილი იყო 55 წლის ქალის კლინიკური შემთხვევა, რომელსაც აქამდე რაიმე სახის ფსიქიატრიული დაავადება დიაგნოსტირებული არ ჰქონია. კლინიკიდან გაწერის მეორე დღეს კი მას ჰალუცინაციები აღენიშნა. ამის გამო იგი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს და ანტიფსიქოზური მედიკამენტებით უმკურნალეს. თერაპიის ფონზე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
სტატიაში ასევე აღწერილია სხვა კლინიკური შემთხვევაც, როცა 47 წლის ქალი კლინიკაში თავის ტკივილისა და მარჯვენა ხელში დაბუჟების გამო მოხვდა. ამ ჩივილებამდე ერთი კვირით ადრე პაციენტს ხველა და სხეულის მომატებული ტემპერატურა აღენიშნებოდა. საავადმყოფოში მოხვედრიდან მალევე მას ცნობიერების აღრევა და საბოლოო დაკარგვა განუვითარდა. ავადმყოფს თავის ტვინის შეშუპების გამო გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
"ჩვენ გვინდა, რომ კლინიცისტებმა, მთელი მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის გართულებების შესახებ უფრო მეტი იცოდნენ", — აღნიშნა ზანდიმ. იგი პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტებს მოუწოდებს, რომ კოგნიტურ სიმპტომებს, მეხსიერების დარღვევებს, ზოგად საერთო სისუსტეს, სხეულში დაბუჟების შეგრძნებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და მკურნალობის პროცესში ნევროლოგები აქტიურად ჩართონ.
COVID-19-ის მიერ გამოწვეული თავის ტვინის დაზიანებები ჯერ კიდევ სრულად არ არის შესწავლილი. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ კლინიკაში მოთავსებული ასეთი პაციენტები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და დიაგნოსტირებისთვის საჭირო რადიოლოგიური პროცედურების ჩატარება დამატებით რისკებს აჩენს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, მოსახლეობის მცირე რაოდენობას თავის ტვინის მცირე დაზიანება განუვითარდეთ, რომელიც თავს მოგვიანებით, უახლოეს წლებში იჩენს. ამის თქმის საფუძველს მათ 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემია აძლევთ, როცა მილიონობით ადამიანს თავის ტვინის დაავადებები აღენიშნა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ როდესაც ასეთი დიდი მასშტაბის პანდემია ამდენ ადამიანს აავადებს, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ", — განაცხადა მაიკლ ზანდიმ.
ექსპერტების სამედიცინო სკოლის უფროსმა კლინიკურმა ლექტორმა, დევიდ სტრეინმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნევროლოგიური გართულებები კორონავირუსით ინფიცირებულთა შედარებით მცირე რაოდენობას უვითარდება და უფრო ზუსტი პასუხებისთვის შემდგომი კვლევებია საჭირო.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოსტ-COVID-19-ის სარეაბილიტაციო პროგრამებისთვის აქედანვე დავიწყოთ მზადება. ჩვენ უკვე ნათლად ვხედავთ, რომ დაავადებას როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს. უფრო ღრმად უნდა გავერკვეთ, თუ რა გავლენას ახდენს ინფექცია თავის ტვინზე", — აღნიშნა სტრეინმა
კომენტარები