მკვლევრებმა იმ უცნაური სუბსტანციის იდენტიფიცირება მოახდინეს, რომელიც ჩინურმა როვერმა Yutu-2-მა მთვარის შორეულ მხარეს არსებულ პატარა კრატერზე გასულ წელს აღმოაჩინა. ფოტოების ანალიზის მიხედვით და დედამიწაზე არსებული აპოლოს დროს მოპოვებულ ნიმუშებთან შედარებით დაადგინეს, რომ იგი ქვაა.

უფრო კონკრეტულად კი, იგი ქვაა, რომელიც, დიდი ალბათობით, მეტეორიტის ტემპერატურის გავლენით დადნა და მუქ მწვანე, გლუვ მასად გადაიქცა.

მბზინავი სუბსტანცია პირველად 2019 წლის ივლისში Yutu-2-მა აღბეჭდა. იგი მკვლევრებმა გელის მსგავს ნივთიერებად დაახასიათეს, რაც საკმაოდ უჩვეულოა, რადგან მთვარის ლანშაფტი ძალიან მშრალია. ფოტოებმა, რომლებიც მოგვიანებით გამოქვეყნდა, გამოამჟღავნა, რომ სუბსტანცია ნამდვილად გლუვი იყო, მაგრამ არა სრულად ტენიანი. მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ მან ეს ფორმა გადნობის შედეგად მიიღო.

Yutu-2-ის პანორამული კამერის, ხილული და ინფრაწითელი გამოსახულების სპექტომეტრის (VNIS) გამოყენებით გადაღებული ფოტოების ანალიზი ამ ჰიპოთეზას ადასტურებს.

ასევე, VNIS-ის ფოტოებმა ჩინეთის მეცნიერების აკადემიის მკვლევარს, შენგ გოუს საშალება მისცა, რომ სუბსტანციის მიერ არეკლილი სინათლის ფრაგმენტირება მოეხდინა და მის გარშემო არსებული რეგოლითის ქიმიური შემადგენლობა განესაზღვრა.

ამ ანალიზის მიხედვით, რეგოლითი უმეტესწილად პლაგიოკლაზებისგან, პიროქსენისგან და ოლივინისგან შედგება, რაც მთვარისთვის დამახასიათებელი და სტანდარტულია. გლუვი ნივთიერების გაშიფვრა კი უფრო რთული აღმოჩნდა — დიდი ალბათობით, სინათლის სიმწირის გამო. მათ მხოლო პლაგიოკლაზების ამოცნობა შეძლეს, რომლის წილი დაახლოებით 38%-ია.

გლუვი ნივთიერება აპოლოს მისიის ფარგლებში მოპოვებულ ნიმუშებს, ნიმუშ 15466-ს და ნიმუშ 70019-ს ძალიან ჰგავს. ორივე მათგანი კრატერებისგანაა აღებული და კლასიფიცირებულია როგორც ბრექჩია — ქვის ტიპი, რომელიც ნატეხებით აგებულ შეცემენტებულ ქანებს წარმოადგენს.

Yutu-2-ის მიერ გადაღებული ფოტოები

ფოტო: CNSA/CLEP

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ნივთიერება მეტეორიტის გავლენით წარმოიქმნა — როდესაც იგი ზედაპირს შეეჯახა, მან რეგოლითის გარკვეული ნაწილი დაადნო და მყარ რეგოლითს შეერია.

თუმცა აუცილებელი არაა, რომ ეს იმ კრატერში მომხდა, სადაც იგი იპოვეს. შესაძლოა, რომ ნივთიერება სხვა კრატერში ჩამოყალიბდა, შემდეგ კი იქ გადაიტყორცნა, სადაც იგი Yutu-2-მა აღმოაჩინა.

თუმცა, სამწუხაროდ, ანალიზისთვის ნიმუშები არ არსებობს. ხოლო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფოტოებში სინათლე დეტალური კვლევისთვის არასაკმარისია. Yutu-2 კი გასული წლის აგვისტოში სხვა ტერიტორიაზე გადავიდა.

კვლევა ჟურნალ Earth and Planetary Science Letters-ში გამოქვეყნდა.