ახალი ნამარხების აღმოჩენამ ნათელი გახადა, რომ ახალი ზელანდიის უძველესი მონსტრი პინგვინები ერთადერთი ადამიანის ზომის, ფრენის არმცოდნე ჩიტები არ ყოფილან, რომლებიც პლანეტაზე მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ.

ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში ნაპოვნი ნამარხების მიხედვით, გიგანტური პინგვინის მსგავსი არსებები ჩრდილოეთ ნახევარსფეროშიც ცხოვრობდნენ და ეს ჩიტები, შესაძლოა, უფრო დიდებიც კი ყოფილიყვნენ.

უცნაური ისაა, რომ ამჟამად გადაშენებული ეს ჩიტები, რომლებსაც Plotopteridae უწოდეს, პინგვინებთან დაკავშირებულები საერთოდ არ არიან, თუმცა ისინი საოცრად ჰგვანან მათ.

პინგვინების ადრეული წინაპრები პირველად ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე 60 მილიონის წლის წინ გამოჩნდნენ. რაც შეეხებათ Plotopteridae-ებს, ისინი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაცილებით გვიან, 37-34 მილიონი წლის წინ გამოჩნდნე და 10 მილიონი წლის შემდეგ სრულიად გაუჩინარდნენ.

"ჩიტების ეს სახეობები სხვადასხვა ნახევარსფეროში და ერთმანეთისგან მილიონობით წლის დაშორებით განვითარდნენ. თუმცა შორიდან მათი ერთმანეთისგან გარჩევა რთული იქნებოდა", — განაცხადა ზოოლოგმა პოლ სკოფილდმა, — "Plotopteridae-ები არათუ ვიზუალურად ჰგავდნენ პინგვინებს, არამედ მათსავით ცურავდნენ და, სავარაუდოდ, მათსავით ჭამდნენ — მაგრამ ისინი პინგვინები არ ყოფილან".

ფოტო: Senckenberg Research Institute

რაც უნდა უცნაური იყოს, ეს ჩიტები, რომლებსაც პინგვინების მსგავსად ფრენა არ შეეძლოთ, ძალიან ჰგვანან თანამედროვე, ფრენის უნარის მქონე ჩიტებს — რეგვენას და ჩვამას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Plotopteridae-ის შესახებ ბევრი რამ გახდა ცნობილი, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათი ანატომია პინგვინებისას დეტალურად შეადარეს.

მკვლევრებმა Plotopteridae-სა და უძველეს პინგვინებს შორის საკმაოდ ბევრი მსგავსება იპოვეს. მათ ორივეს გრძელი ნისკარტები ჰქონდათ გაყოფილი ნესტოებით, ასევე მსგავსი ჰქონდათ გულ-მკერდისა და მხრების ძვლები და ფრთებიც. უძველესი პინგვინების სიმაღლე 1,8 მეტრს აღწევდა, უდიდესი Plotopteridae კი 2 მეტრზე მაღალი იყო.

ამ სახეობის წარმომადგენლებს ასევე დიდი აპკიანი ფეხები ჰქონდათ — ზუსტად ისე, როგორც პინგვინებს. კვლევის ავტორების აზრით, წყლის ქვეშ ცურვისას მათ ფრთები ფარფლების მაგივრობას უწევდნენ.

"ჩვენი აზრით, ორივე მათგანს მფრინავი წინაპრები ჰყავდათ, რომლებიც საკვების მოსაპოვებლად ჰაერიდან წყალში ჩაეშვნენ. დროთა განმავლობაში კი ისინი ცურვაში იწაფებოდნენ, ფრენა კი ავიწყდებოდათ", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა ჯერალდ მეიერმა.

კვლევა Journal of Zoological Systematics and Evolutionary Research-ში გამოქვეყნდა.