ბეღურების უცნაური სიმღერა, რომელიც მთელ კანადაში გავრცელდა
კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში თეთრყელა ბეღურები ახალ მელოდიას უსტვენენ, რომელიც უკვე ქვეყნის თითქმის მთლიან ტერიტორიას მოედო და წინა მელოდია ჩაანაცვლა.
როდესაც ბიოლოგი კენ ოტერი 1990-იან წლებში პირველად დასავლეთ კანადაში გადავიდა, მან შენიშნა, რომ ბეღურები მათთვის დამახასიათებელი სამნოტიანი დასასრულის მაგივრად, ორნოტიან, უჩვეულო ხმებს გამოსცემდნენ.
2000 წლიდან 2019-ის ჩათვლით სიმღერის დასასრულის ეს პატარა ცვლილება მთელ კანადაში გავრცელდა, თუმცა არავინ იცის რატომ.
ადგილობრივი მეცნიერების წყალობით, მკვლევრებმა 1,787 მამრი თეთრყელა ბეღურის სიმღერის გაანალიზება შეძლეს. ეს მელოდიები 1950-იანი წლებიდან მოყოლებული იწერებოდა. ბეღურების პოპულაციისთვის ნამღერი მელოდიის შეცვლა უჩვეულო მოვლენა არ არის, თუმცა, როგორც წესი, თავდაპირველი მელოდია ადგილობრივ დიალექტად ყოველთვის ნარჩუნდება ხოლმე.
2004 წელს ალბერტას პროვინციაში მცხოვრები ბეღურები კვლავ სამნოტიანი დასასრულით მღეროდნენ. ათი წლის შემდეგ კი მამრები ორნოტიან დასასრულზე გადავიდნენ.
2015 წლისთვის იგი ონტარიოშიც გავრცელდა. 2019 წელს კი დასავლეთ კვებეკის პროვინციასაც მიაღწია.
ადგილობრივი მეცნიერების მონაცემთა ბაზების გამოყენებით, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადგილებში გაგონილი სიმღერა, სადაც ბეღურები ზამთარს ატარებენ, იმ რეგიონებში გაგონილისას ემთხვევა, საიდანაც ისინი წარმოშობით არიან.
ასევე არსებობს კვლევები, სადაც ნათქვამია, რომ ბეღურები სიმღერაში ხანდახან სხვა დიალექტის ელემენტებსაც ურევენ.
"ჩვენ ვიცით, რომ ჩიტები გამოსაზამთრებელ ადგილებში მღერიან. ახალგაზრდა მამრები, შესაძლოა, გამოზამთრების დროს სხვა დიალექტის მქონე ჩიტებისგან სიმღერის ახალ ტიპებს სწავლობდნენ. შემდეგ კი ახალ სიმღერას ახალ ლოკაციებზე ავრცელებდნენ", — აცხადებენ მკვლევრები.
რატომ ცვლიან ბეღურები სიმღერას, უცნობია. თუმცა მკვლევრებს ამ ფენომენთან დაკავშირებით თეორია აქვთ, რომლის მიხედვითაც, მამრები ასე მდედრების ყურადღბის მისაქცევად იქცევიან.
"აქამდე ჩატარებულ კვლევებში ჩანდა, რომ მდედრი ჩიტები სიმღერის ლოკალურ ტიპს ამჯობინებდნენ. მაგრამ თეთრყელა ბეღურებში, შესაძლოა, მდედრებს ისეთი სიმღერები მოწონდეთ, რომლებიც მათი გარემოსთვის უცხოა", — განაცხადა ოტერმა.
კვლევა 2 ივლისს ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები