ჩინეთი ქვეყანაში მცხოვრები ყველა კაცის გენეტიკურ მონაცემთა ბაზას ქმნის
ჩინეთის პოლიცია ქვეყანაში მცხოვრები დაახლოებით 700 მილიონი კაცისა და ბიჭის სისხლის ნიმუშებს აგროვებს. ოფიციალური ცნობით, ამის მიზანი დნმ-ის ეროვნული გენეტიკური მონაცემთა ბაზის შექმნაა.
ახალი კვლევის თანახმად, ჩინეთის მთავრობამ ნიმუშების შეგროვება ჯერ კიდევ 2017 წელს დაიყო. სისხლის ასაღებად და გენეტიკური ინფორმაციის მოსაპოვებლად პოლიცია მოქალაქეებს სახლებში და სკოლებშიც კი აკითხავს.
პროექტის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს ნებისმიერი კაცის და მოზარდი ბიჭის მამრობითი სქესის ნათესავის პოვნა მათი გენეტიკური მონაცემის მეშვეობით შეეძლება. ეს კი, The New York Times-ის მიხედვით, ჩინეთის უკვე ისედაც ძლევამოსილ სამეთვალყურეო სისტემას Gattaca-სეული გენეტიკური პანოპტიკონის მსგავს მასშტაბებამდე აიყვანს.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთს ამ საქმეში მინიმუმ ერთი ამერიკული კომპანია, Thermo Fisher ეხმარება. ფარმაცევტულმა კომპანიამ ჩინეთს სპეციალურად ამ მიზნით დამზადებული დნმ-ის სატესტო მოწყობილობათა ნაკრებები მიჰყიდა, რომელთაც პოლიცია ნიმუშების შეგროვებისას იყენებს. მას შემდეგაც კი, რაც აშშ-ის მთავრობამ Thermo Fisher-ის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, კომპანიამ ჩინეთთან თანამშრომლობა მაინც გააგრძელა.
ჩინეთის სამართალდამცავი სფეროს ოფიციალური წარმომადგენლები სახელმწიფოს მიერ გენეტიკურ მონაცემთა ბაზის შექმნის კანონიერებაზე მიუთითებენ და ამტკიცებენ, რომ მსგავსი ტიპის სამეთვალყურეო სისტემა კრიმინალური დანაშაულების გახსნაში დაეხმარებათ. თუმცა ადამიანის უფლებების დამცველები — და ჩინეთის მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელიც კი — მოქალაქეების იძულებას, ჩააბარონ საკუთარი გენეტიკური კოდი, პირად ცხოვერბაში ჩარევად აფასებენ და ზოგადად ინიციატივას საშიშ პრაქტიკად მიიჩნევენ.
"იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში ცალკეული პირის აქტივიზმის შესაჩერებლად მისი ოჯახის დასჯის პრაქტიკა არსებობს, მთავრობის ხელში იმ ინფორმაციის მოხვედრამ, თუ ვინ ვისი ნათესავია, მთლიან საზოგადოებაზე საზარელი ეფექტი შეიძლება მოახდინოს", — აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დამცველი, მაია ვონგი.
კომენტარები