მეცნიერებმა მკვდარი ნეირონების მოშორების პროცესი ვიდეოზე პირველად აღბეჭდეს
პირველად ისტორიაში, ლაბორატორიაში თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, მეცნიერებმა ტვინში მკვდარი და მომწამვლელი ნეირონების მოშორების პროცესის ვიდეოზე აღბეჭდვა შეძლეს.
იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მკვდარი ნეირონების მოშორება და როგორ რეაგირებს ტვინი ამაზე, ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რამ ვიცით, თუმცა ეს კვლევა, შესაძლოა, ამ პროცესის გააზრებაში წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანის ტვინი ამას განსხვავებულად აკეთებს.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძუძუმწოვრის ტვინში მიმდინარე ეს პროცესი ვნახეთ", — განაცხადა ნევროლოგმა ჯეიმი გრაცენდლერმა.
ამისთვის მკვლევართა გუნდი გლიურ უჯრედებზე ფოკუსირდა, რომლებიც ტვინში ამ დასუფთავებაზე არიან პასუხისმგებლები. მათ 2Phatal ტექნიკა გამოიყენეს, რათა თითოეული უჯრედის სიკვდილზე დაკვირვება შეძლებოდათ, შემდეგ კი გლიური უჯრედების გზას ფლურესცენციული მარკერების დახმარებით გაჰყვნენ.
"ერთი უჯრედის სიკვდილზე დაკვირვებაც კი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ვნახოთ, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც იგი კვდომას იწყებს და როგორ არიან ამ პროცესში ჩართულნი სხვა უჯრედებიც", — აცხადებს გრაცენდლერი.
როგორც აღმოჩნდა, მკვდარი უჯრედების მოშორების პროცესში გლიური უჯრედების სამი ტიპი: მიკროგლია, ასტროციტი და NG2 არიან ჩართულები. მკვლევრები ერთ მიკროგლიას აკვირდებოდნენ, რომელმაც ნეირონის სხეული და მთავარი დენდრიტები შთანთქა, სანამ ასტროციტები პატარა დამაკავშირებელ დენდრიტებს უტევდნენ. ხოლო NG2 ნარჩენების გავრცელების თავიდან არიდებას უზრუნველყოფდა.
მკვლევრებმა ასევე შენიშნეს, რომ თუ გლიური უჯრედის ერთ ტიპს მკვდარი ნეირონი ნებისმიერი მიზეზით გამორჩება, სხვა ტიპები მისი მოვალეობის შესრულებას იწყებენ, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათ შორის გარკვეული კომუნიკაცია არსებობს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასაკიანი თაგვების ტვინები მკვდარი ნეირონების მოშორების პროცესში ნაკლებად ეფექტიანები იყვნენ.
ეს კვლევა მეცნიერებს დაეხმარებათ გაიგონ, თუ როგორ ექმნებათ სხვადასხვა პრობლემა ასაკოვან ტვინებს. რაღაც ეტაპზე კი, შესაძლოა, მკურნალობის ახალი გზებიც შეიქმნას, რომელიც მათ დასუფთავების პროცესის აღდგენაში დაეხმარება.
"უჯრედების სიკვდილი ტვინის დაავადებებს შორის საკმაოდ გავრცელებულია", — აცხადებს ნევროლოგი ეიემის დამაში.
კვლევა 26 ივნისს ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები