აკადემიური კვლევა მეცნიერების განუყოფელი ნაწილია. მკვლევრები თავიანთ მიგნებებს ხშირად სპეციალიზირებულ გამომცემლობებში აქვეყნებენ, სადაც მათ კოლეგებს ახალი სამეცნიერო მიგნებების ნახვა შეუძლიათ, რაც მეცნიერების პროგრესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ხშირად მეცნიერები თავიანთი კვლევის შთაგონებას ყველაზე მოულოდნელ ადგილებში პოულობენ. მაგალითად, დანიელი იმუნოლოგის, ნილს კაჯ ჯერნეს ნაშრომი, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა და მონოკლონური ანტისხეულების წარმოებას ეხებოდა, ენათმეცნიერების განხრით, კერძოდ კი გენერაციული გრამატიკით (დარგი, რომელიც ადამიანის მეტყველების და წინადადების გენერირების უნარს შეისწავლის) იყო შთაგონებული. პრესტიჟული ტიტულის მოპოვების შემდეგ კი ჯერნემ ლექცია ჩაატარა, სახელწოდებით "იმუნური სისტემის გენერაციული გრამატიკა".

მართლაც, მეცნიერების სფეროები ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და სწორედ ამიტომ, მკვლევრისთვის სხვადასხვა დარგში არსებული სამეცნიერო დისკუსიებისთვის თვალის დევნება მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს იშვიათად ხდება ხოლმე.

მაგალითად, მეცნიერები რომლებიც Annals of Thoratic Surgery-ის გამომწერები არ არიან, სავარაუდოდ, ვერასდროს გაიგებენ გულმკერდის ქირურგიაში არსებული ინოვაციების შესახებ. შედეგად კი, ბევრი ისეთი კვლევა იბეჭდება, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი კითხულობს და ძალიან ცოტა ციტირება აქვს.

ახალი კვლევის მიხედვით, მეცნიერებს თავიანთი ნაშრომების ხილვადობის და პოპულარობის გაზრდა მათი Twitter-ზე გაზიარებით შეუძლიათ. სოციალური მედიის მკვლევრება 112 მსგავსი სამეცნიერო სტატია შეაგროვეს და ორ ჯგუფად გაყვეს. ერთ შემთხვევაში მეცნიერები სტატიებს Twitter-ზე აზიარებდნენ, მეორე შემთხვევაში კი — არა.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სტატიები, რომლებიც Twitter-ზე გაზიარდა საშუალოდ მეტ ყურადღებას იპყრობდნენ. ამას გარდა, სოციალურ ქსელზე გაზიარებული სტატიების ციტირებების რაოდენობაც 3-ჯერ მეტი იყო.

კვლევის სხვა მკვლევრებისთვის გაზიარება მეცნიერისთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ინოვაცია სწორედ ასე იქმნება. როგორც ჩანს სოციალური ქსელი სიახლეების გასაცნობად მეცნიერებაშიც მნიშვნელოვანია. ამიტომ თუ მკვლევარი ხართ და გსურთ, თქვენი აკადემიური სტატია მეტმა მეცნიერმა ნახოს, გააზიარეთ ის Twitter-ზე.