კორონავირუსი ჩინეთში ახალი გამოჩენილი იყო, როცა პაციენტებს ამ სამი სიმპტომიდან მინიმუმ ერთი მაინც აღენიშნებოდათ: სიცხე, მშრალი ხველა და სუნთქვის უკმარისობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები რეალურ სურათს არასრულად გამოხატავდა. ეტაპობრივად ვირუსის გავრცელებამ პანდემიურ მასშტაბებს მიაღწია და ექიმებსაც საშუალება მიეცათ, დაავადების თანმდევ კლინიკურ სიმპტომებს უკეთ დაკვირვებოდნენ.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) COVID-19-ის სიმპტომების სია ახლახანს განაახლა. ყველაზე ბოლოს ამ ჩამონათვალს ზოგადი საერთო სისუსტე, დიარეა, ცხვირის სისველე/გაჭედვა, გულისრევა და ღებინება დაემატა. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ვირუსი გულს, თირკმლებს, ღვიძლს და ნაწლავებს აზიანებს. ამგვარად, დაავადების მიმდინარეობა, შესაძლოა, გულის ან თირკმლის უკმარისობით გართულდეს.

ჩვეულებრივ, ინფიცირებულებს ეს სიმპტომები ორი დღიდან ორ კვირამდე პერიოდში შეიძლება გამოუვლინდეთ:

  • სიცხე და კანკალი
  • ხველა
  • სუნთქვის უკმარისობა ან გაძნელება
  • ზოგადი საერთო სისუსტე
  • კუნთების ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვა
  • ყელის ტკივილი
  • ცხვირის სისველე/გაჭედვა
  • გულისრევა ან პირღებინება
  • დიარეა

ფოტო: U.S. Navy / Barry Riley / Reuters

1. ყველაზე ხშირი სიმპტომი სხეულის ტემპერატურის მატებაა

თებერვალში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჩინეთში დაახლოებით 56 ათასი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის ანალიზით, ინფიცირებულთა 88%-ს სხეულის ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა.

2. მეორე ყველაზე ხშირი სიმპტომი მშრალი ან სველი ხველაა

WHO-ს მიერ დამუშავებული ინფორმაციით, პაციენტთა 68%-ს მშრალი ხველა აღენიშნება. თუმცა, ვენჩოუში ჩატარებულმა კვლევამ გამოკვეთა, რომ პაციენტთა მესამედს ნახველიანი (ე.წ. "სველი") ხველა აწუხებდა.

3. WHO-ს მონაცემებით, დაღლილობა, შესაძლოა, სუნთქვის გაძნელებაზე უფრო ხშირად გამოვლენილი სიმპტომი იყოს

როგორც WHO-ს მონაცემებიდან ირკვევა, ზოგადი საერთო სისუსტე პაციენტთა 38%-ს აღენიშნება. როგორც უხანში ჩატარებული კვლევით ვიგებთ, ეს სიმპტომი, შესაძლოა, გაცილებით მეტად ვლინდებოდეს პაციენტებში და მისი სიხშირე 70%-ს აღწევდეს.

4. პაციენტთა 20%-ს სუნთქვის უკმარისობა უვითარდება, რაც, ექიმთა აზრით, განსაკუთრებით ყურადსაღები სიმპტომია

სუნთქვის უკმარისობა, ჩვეულებრივ, დაავადების მიმდინარეობის მერვე-მეათე დღეს ვლინდება და იგი, შეიძლება, ადრეული პნევმონიის ან მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის ნიშანი იყოს. ორივე შემთხვევაში, დაავადების მწვავე მიმდინარეობის პირობებში პაციენტის ინკუბაცია ანუ მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა შეიძლება გახდეს საჭირო.

უხანში 138 სტაციონარული პაციენტის კვლევით დადგინდა, რომ 31% შემთხვევაში სუნთქვის უკმარისობა გამოხატულ სიმპტომს წარმოადგენდა. ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი (64%) აღმოჩნდა რეანიმაციაში მოხვედრილი პაციენტებისთვის.

ფოტო: Stephane Mahe / Reuters

5. პაციენტები რესპირატორულ ჩივილებს შორის მსტვინავი ხასიათის სუნთქვას და გულმკერდის ტკივილს ასახელებენ

CDC-ს განცხადებით, "მუდმივი ან ზეწოლის ხასიათის მქონე ტკივილი" გადაუდებელი ტიპის ჩივილია და პაციენტმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება უმალვე უნდა მიიღოს.

6. კანის ან ტუჩების სილურჯე დაავადების არც ისე ხშირ სიმპტომებს შორის არის. თუმცა იგი შეიძლება დაავადების მძიმე მიმდინარეობაზე მიუთითებდეს, რადგანაც ეს ჩივილი ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტის ნიშანია

ჯანმრთელ ინდივიდებში ჟანგბადის დონე 95%-100% შუალედში მერყეობს. პაციენტის კანი ციანოზური, ანუ მოლურჯო შეფერილობის მაშინ ხდება, როცა ჟანგბადის დონე 90%-ზე დაბლა ეცემა. WHO-ს განმარტებით, ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის გადაუდებელ საფრთხეს წარმოადგენს.

COVID-19-ის შემთხვევაში, ლურჯი ტუჩები აქტიურად მიმდინარე პნევმონიაზე ან მწვავე რესპირატორულ დისტრეს-სინდრომზე მიუთითებს. CDC ამ სიმპტომს განსაკუთრებით საყურადღებო ჩივილად მიიჩნევს.

7. WHO-ს მონაცემთა მიხედვით, პაციენტთა 15%-ს კუნთების ტკივილი ეწყება

აღნიშნული კვლევა კუნთების ტკივილს (ანუ მიალგიას) იმავე კატეგორიაში აქცევს, როგორშიც სახსრების ტკივილს (ანუ ართრალგიას). ორივე ვირუსული ინფექციის თანმდევი სიმპტომია. უხანში ჩატარებული კვლევის თანახმად, პაციენტთა 35%-ს კუნთების ტკივილი აღენიშნებოდა. იგივე მაჩვენებელი შედარებით მცირე იყო ვენჩოუს კვლევაში — 10%.

ფოტო: Crystal Cox / Business Insider

8. WHO-ს მონაცემთა მიხედვით, ყელის და თავის ტკივილი პაციენტთა 14%-ს გამოუვლინდება

რამდენადაც ორივე ჩივილი მსუბუქ სიმპტომებს მიეკუთვნება, ამ მიზეზით პაციენტები იშვიათად ხვდებიან კლინიკაში და შესაბამისად, მათ ტესტირებაც იშვიათად უტარდებათ. ამიტომაც, აღნიშნული მაჩვენებელი შეიძლება რეალურ სურათს არ წარმოადგენდეს.

9. CDC-მ კანკალი COVID-19-ის სიმპტომების სიაში შეიყვანა

კვლევაში მონაწილე ჩინელი პაციენტების 11%-ს კანკალი აღენიშნებოდა. კანკალი კუნთების შეკუმშვისა და მოდუნების ციკლისგან შედგება, რაც ორგანიზმს ვირუსთან საბრძოლველად სხეულის ტემპერატურის მაღლა აწევაში ეხმარება. ზოგჯერ მას სხეულის მომატებული ტემპერატურაც ერთვის თან, რაც ძლიერ ოფლიანობასაც იწვევს.

10. კოროანვირუსთან ისეთი ნევროლოგიური ჩივილებია დაკავშირებული, როგორიცაა თავბრუსხვევა, ცნობიერების აღრევა და დელირიუმი

ჩინელი მეცნიერების გამოკვლევებით ნათელი გახდა, რომ ვირუსს ნერვულ სისტემაში შეჭრა და იქ მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეუძლია. ამჟამად, ამის ზუსტი მექანიზმი უცნობია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ თავდაპირველად კორონავირუსი ნეირონებს ცხვირში აზიანებს, რაც მას საშუალებას აძლევს, სასუნთქ სისტემაში შეჭრის ნაცვლად, უშუალოდ ნერვულ სისტემაში აღმოჩნდეს.

უხანში გამოკვლეული 214 პაციენტიდან 36%-ს ნევროლოგიური სიმპტომები აღენიშნებოდა. ეს ჩივილები განსაკუთრებით თვალშისაცემად დაავადების მწვავე მიმდინარეობის დროს იყო გამოხატული. პაციენტთა ნაწილს თავბრუსხვევა, ცნობიერების აღრევა და დელირიუმი აღენიშნებოდა. ასევე დაფიქსირდა გულყრისა და კოორდინაციის დარღვევის ეპიზოდებიც. ზემოთ ჩამოთვილ ჩივილებს შორის ყველაზე ხშირი თავბრუსხვევა გახლდათ. პაციენტთა ნაწილს ასევე აღენიშნებოდა პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები: ნევროლოგიური ხასიათის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, ყნოსვის და გემოს შეგრძნების უნარების დაკარგვა.

11. გემოს ან ყნოსვის უნარის დაკარგვა, შესაძლოა, სხვა სიმპტომებისგან დამოუკიდებლადაც გამოვლინდეს

CDC გემოს და ყნოსვის დაკარგვას COVID-19-ის სიმპტომად მოიაზრებს, მაგრამ ჯერ ბოლომდე ნათელი არ არის, თუ რამდენად ხშირია ეს ჩივილი. უხანში ჩატარებული კვლევა, რომლის შედეგებიც აპრილში გამოქვეყნდა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადა. როგორც აღმოჩნდა, 200 ჰოსპიტალიზირებული პაციენტიდან 5%-ს გემოს და ყნოსვის უნარის დარღვევა გამოუვლინდა. რადიკალურად განხვავებული დასკვნა დადო უფრო მცირე მასშტაბიანმა კვლევამ. მათი მონაცემებით, პაციენტთა 98%-ს რაღაც ფორმით "ყნოსვის დისფუნქცია" გამოუვლინდა.

სიმართლე სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ. მაისში გამოქვეყნებული კვლევიდან ვიგებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა 53%-ს ყნოსვის დარღვევა აღენიშნებოდა. ესპანეთში ჩატარებულმა კლინიკური შემთხვევების კვლევებმა აჩვენა, რომ გრიპის ვირუსთან შედარებით (12%), COVID-19-ის დროს ყნოსვის და/ან გემოს დარღვევა გაცილებით უფრო ხშირია (40%).

12. შეიძლება, ვირუსმა სისხლის თრომბების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი

ნიდერლანდებში მეცნიერებმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული 184 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მათ მესამედს თრომბების განვითარებისკენ მიდრეკილება აღენიშნებოდა. მკვლევრებმა აღნიშნულის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ არ იციან. შესაძლოა, რომ ვირუსი უშუალოდ სისხლძარღვოვან ქსელზე ახდენდეს გავლენას ან ორგანიზმში ისეთ მძლავრ ანთებით რეაქციას იწვევდეს, რომელსაც სისხლძარღვთა დაზიანება შეუძლია. სისხლძარღვთა დაზიანების მიზეზი, შეიძლება, მათში ჟანგბადის დონის მწვავე კლება იყოს.

ფოტო: Shutterstock

13. ორგანიზმში თრომბების ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, ინსულტის შემთხვევების მატება გამოიწვიოს

კორონავირუსის მწვავე მიმდინარეობის დროს ინსულტის რისკი მაღალია. რაც ყველაზე საყურადღებოა, ამისგან დაზღვეულები არც ახალგაზრდა პაციენტები არიან.

პანდემიამდე, ნიუ-იორკის მაუნტ სინაის ჰოსპიტალში 50 წელზე ახალგაზრდა ინსულტიანი პაციენტი იშვიათობას წარმოადგენდა — ფიქსირდებოდა საშუალოდ 1 შემთხვევა 2 კვირის მანძილზე. პანდემიის პირობებში, 23 მარტიდან 7 აპრილამდე, კლინიკაში 5 კოვიდ-ინფიცირებული, იმავე კრიტერიუმებში მყოფი პაციენტი მოათავსეს. ექიმთა აზრით, შესაძლოა, პაციენტებმა მიკრო-ინსულტები ისე გადაიტანონ, რომ ამის შესახებ ვერაფერი გაიგონ.

14. ორგანიზმში წარმოქმნილ სისხლის კოლტებს თირკმლებისა და გულის დაზიანებაც შეუძლიათ.

კოლტებს შეუძლიათ, თირკმლებისა და გულისკენ მიდენილი სისხლის ნაკადი შეამცირონ, რითიც ამ ორგანოების დაზიანება გამოიწვიონ. ასევე შესაძლებელია, რომ კორონავირუსი ამ ორგანოებს პირდაპირ აზიანებდეს. საზოგადოდ, ის პაციენტები, რომლებიც ამ ორგანოთა ქრონიკული პათოლოგიებით ავადობენ, მომატებულ რისკ-ჯგუფში იმყოფებიან.

ფოტო: Emilia Ungur / Shutterstock

15. კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შეიძლება თირკმლის უკმარისობა განუვითარდეთ

მაისში, ჟურნალში New England Journal of Medicine გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ თირკმლები კორონავირუსის "ერთ-ერთი ყველზე ხშირი სამიზნეა". რადგანაც კორონავირუსის მწვავე შემთხვევების დროს პაციენტის ინტუბირება და მისი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა ხდება საჭირო, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ თირკმლის დაზიანებაში ეს უკანასკნელიც თამაშობს როლს. როგორც კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტის 2018 წლის კვლევიდან ვიგებთ, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის დროს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი 3-ჯერ იზრდება.

16. კორონავირუსით ინფიცირების ადრეული ნიშნები შეიძლება იყოს გასტროინტესტინური სიმპტომები: დიარეა, გულისრევა და პირღებინება

WHO-ს მონაცემთა მიხედვით, გულისრევა და პირღებინება პაციენტთა 5%-ს აღენიშნება, ხოლო დიარეა — 4%-ს. თუმცა მარტში ჩინეთში, ჰუბეის რეგიონში 204 ჰოსპიტალიზირებულ პაციენტზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ინფიცირებულთა ნახევარს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი პრობლემები აღენიშნებოდა, როგორიცაა მადის დაკარგვა, დიარეა, პირღებინება და მუცლის ტკივილი. ახლახან ჟურნალში Nature გამოქვეყნებული კვლევიდან ვიგებთ, რომ კორონავირუსი ნაწლავებში აქტიურად მრავლდება. შესაბამისად, ჩნდება ვარაუდი, რომ "ნაწლავური გზა" ვირუსის გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ფოტო: Patrick Hertzog / AFP / Getty Images

17. WHO-ს ინფორმაციით, ცხვირის გაჭედვა იშვიათ სიმპტომთა რიგშია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ცხვირის გაჭედვა პაციენტთა 7%-ს აღენიშნება.

18. დერმატოლოგებმა ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებში იასამნისფერი, შესიებული ფეხის თითები აღწერეს

ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციამ აპრილის თვიდან კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებში გამოვლენილი დერმატოლოგიური პრობლემების აღნუსხვა დაიწყო. როგორ აღმოჩნდა, პაციენტთა უმრავლესობა ხელებსა და ფეხებზე კანის დაზიანებას უჩიოდა. გავრცელებული მოსაზრებით, ეს, შესაძლოა, ზოგადი ან სისხლძარღვთა კედელში მიმდინარე ანთებითი პროცესისგან იყოს გამოწვეული. ასევე სავარაუდოა, რომ ქვედა კიდურებზე ფეხის თითების შესიებისა და ფერის შეცვლის მიზეზი კანის სისხლძარღვოვან ქსელში თრომბების ჩამოყალიბებაც იყოს. აღსანიშნავია, რომ ეს ჩივილები შედარებით ახალგაზრდა, ჯანმრთელ ინდივიდებში გვხვდება, რომელთაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ერთეული ან სულაც არცერთი სიმპტომი არ აღენიშნებათ.