ჩემთვის ერთი კვირა გავიდა, იგივე ტკივილს ვგრძნობ — გიორგი სულაშვილის ერთი წელი 20 ივნისიდან
ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დღეს, პარლამენტის კიბეებთან მდგარ გიორგი სულაშვილს სპეცრაზმელის ნასროლი ტყვია თვალში მოხვდა. პირველი ოპერაცია იმ ღამესვე გაუკეთდა, შემდეგ გერმანიაში. დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლებიც, ამიტომ იმპლანტების ჩადგმა დასჭირდა. ამ დღის შემდეგ, მძიმე ერთი წელი გაიარა, მაგრამ ამბობს, რომ იგივე ტკივილი და განცდები აქვს, რაც ოპერაციიდან ერთი კვირის პერიოდში ჰქონდა.
გიორგი პირადად ინტერვიუს ჩაწერისას გავიცანი. მალევე მივხვდი, რომ ძალიან კარგი იუმორი აქვს და საკუთარ თავზეც ბევრს ხუმრობს. ტელეფონზე საუბრისას მითხრა: "მარტივად მიცნობ, თვალზე თეთრი რაღაც მაქვს აკრული". სინამდვილეში, ერთადერთი, რაც ჯანმრთელობის მხრივ უნდა რომ შეიცვალოს, ამ თეთრი სახვევის მოშორებაა, მაგრამ წინ უფრო დიდი ბრძოლებიც აქვს.
გიორგის ერთი წელი გავრილოვის ღამიდან
ტელეფონზე ოკუპირებული საქართველოს რუკა აქვს, მანქანის უკანა საქარე მინაზე კი საქართველოს დროშა და, რა თქმა უნდა, თეთრი სახვევი. 20 ივნისის შემდეგ ის 35%-ით შრომის უუნაროა. მისი ცხოვრება ბოლო ერთ წელში რადიკალურად შეიცვალა.
ერთი წლის წინ პროტესტი რუსეთის დუმის დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომამ გაუჩინა. ფიქრობს, რომ ასეთი შეცდომები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. აქციის დროს პარლამენტის გვერდით, კიბეებთან იდგა. ტყვიაც გვერდიდან მოხვდა — ფიქრობს, რომ დამიზნებით.
ყველაზე რთულად იმ მომენტს იხსენებს, როცა ოპერაციიდან გამოიყვანეს და უკვე იცოდა, რა სიტუაციაც იყო. ფიქრობდნენ, მისთვის თვალის დაკარგვაზე მოგვიანებით ეთქვათ. ძალიან იმოქმედა ექიმების და ოჯახის წევრების სახეებმა, რომლებსაც სიმართლის თქმა უჭირდათ.
ფსიქოლოგიურად მძიმე იყო ადაპტაციის პერიოდიც. იხსენებს, რომ არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ქუჩაში სიარულისას ახდილ ჭაში ჩავარდა, ვერ ხედავდა, სად აბიჯებდა, ფეხი გადაუბრუნდა. ყველას ეგონა, რომ გიორგი ამ ყველაფერს ძალიან რთულად გადაიტანდა, მაგრამ ამბობს, რომ ოჯახის წევრებს თვითონ ამშვიდებდა — "ვაწყნარებდი, ცოცხალი ვარ, ნუ ნერვიულობთ, შევძლებ ისევ ადაპტაციას, შევძლებ ისევ ყველაფრის გაკეთებას-მეთქი". გვიყვება, რომ ყველაზე მეტად 5 წლის შვილი დაეხმარა, რომელიც დღემდე ყველა წამს უფერადებს.
"როცა რაღაცის გაფუჭებას ვაპირებ, მაგალითად, გვერდით რაღაც მიდევს და ვერ ვხედავ, ყოველთვის მეხმარება ამ ყველაფრის დაძლევაში, რომ ჭიქა არ გადავაგდო, ან რამეს არ დავეჯახო. არ დამჭირდა ძალიან დიდხანს რაღაცების ახსნა, მაგრამ როდესაც გერმანიაში წავედი, ბავშვის წაყვანაზე უარი მითხრეს. შემდეგ კიდევ 3-ჯერ მომიწია ბავშვის დატოვება საქართველოში, ძალიან დიდი სტრესი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე გადავლახეთ", — ამბობს ის.
კიდევ 2-3 ოპერაცია დასჭირდება, რომ იმ ესთეტიურ ვიზუალამდე მივიდეს, როცა თვალზე თეთრი სახვევით აღარ ივლის, ქუჩაში შეხვედრისას დიდხანს არ დააკვირდებიან. არ იცის, ეს ეტაპი როდის დადგება — მარტში ან აპრილის დასაწყისში უნდა წასულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ყველაფერი შეჩერებულია.
მხოლოდ დაზარალებულის სტატუსი და ბრძოლა
"გავრილოვის ღამიდან" 5 თვის შემდეგ, გიორგი სულაშვილი სახელმწიფომ დაზარალებულად აღიარა. ამბობს, რომ ეს სტატუსი არაფერს ცვლის, რადგან დღემდე არ იცის ვინ ესროლა თვალში ტყვია, დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე: რატომ არ ისჯებიან დამნაშავეები სათანადოდ?
გიორგი ფიქრობს, რომ ის ადამიანები, ვინც წვლილი შეიტანა, რომ მშვიდობიანი პროტესტი თვალის დაკარგვად დასჯდომოდათ, პასუხისმგებლები არიან არა მარტო მათი, ან სამართლის, არამედ მთელი ერის წინაშე. გავრილოვის ვიზიტი მისთვის მთელი საქართველოს შეურაცხყოფა იყო. სჯერა, რომ თუ სურვილი და მონდომება იქნება, ყველა დამნაშავეს იპოვიან, მაგრამ შესაბამისი "კეთილი ნება" სახელმწიფოსაც უნდა გააჩნდეს. ამბობს, რომ აუცილებლად იპოვის იმ ადამიანს, ვინც ერთი წლის წინ თვალში დამიზნებით ტყვია ესროლა.
"შეიძლება დღეს არა, ხვალ არა, მაგრამ ცხოვრების მანძილზე მაინც ვიპოვი იმ ადამიანს და კანონის ძალით, რა თქმა უნდა, სანიმუშოდ და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, იმიტომ, რომ სხვას მეორედ აღარ გაუჩნდეს იმის სურვილი, იმ ცუდი საქმის გაკეთების, რაც ჩვენ 20 ივნისის ღამეს გაგვიკეთეს. არ აკეთებდნენ უბრალოდ ვიღაცის დავალებით, ზოგიერთი ძალიან დიდ სიამოვნებასაც კი იღებდა ამ ყველაფრით", — გვიყვება გიორგი.
მანამ, სანამ გიორგი სულაშვილს დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებდნენ, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია დააწინაურეს და პრემიერმინისტრი გახდა. გიორგი ამბობს, რომ ასე დაუფასდა მას ის, რაც 20 ივნისის ღამეს გააკეთა.
არ აპირებს ბრძოლა შეწყვიტოს. ამბობს, რომ ცხოვრებაში ხშირად ჰქონია მძიმე პერიოდები, "ჩავარდნები", მაგრამ წამოდგომას მაინც ახერხებდა. ახლაც უნდა, ყველამ იცოდეს, რომ ასე მარტივად არ შეეშინდება.
"20 ივნისი არ არის ერთი უბრალოდ დღე, 20 ივნისია სრულიად საქართველოსთვის მძიმე დღე, სადაც ახალგაზრდა ადამიანებს თვალები დაგვთხარეთ, დაგვასახიჩრეთ, თავები გაგვიტეხეთ, გვცემეთ, გაგვიმეტეთ. ბოდიში და თუ ესეთი ძლიერები ხართ, ყოველდღე გვავიწროებს რუსეთი, მიბრძანდით საოკუპაციო ხაზთან და თუ ესეთი კარგი მსროლელები ხართ და ესე კარგად ფლობთ იარაღს, რომ ზუსტად თვალში და სახეში გვარტყამთ, დაიცავით საკუთარი ქვეყანა, ჩვენ რატო გვებრძვით და გვასახიჩრებთ?!", — ამბობს ის.
კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პარლამენტთან შეკრებილი ახალგაზრდები მოძალადეები არ იყვნენ და მშვიდობიან აქციაზე იდგნენ. მისი თქმით, იმ ადამიანების ნაწილი, პარლამენტში რომც შესულიყო, ამითაც არაფერი მოხდებოდა ისეთი, რაც ძალის გადამეტებად ღირდა.
2020 წლის 20 ივნისს ისევ პარლამენტთან
მე თუ არ მივედი, სხვა ვინ უნდა მივიდეს?! — ასე მპასუხობს კითხვაზე, ისევ იდგება თუ არა პარლამენტის წინ, ისევ მშვიდობიან აქციაზე, ოღონდ უკვე ერთი წლის შემდეგ. ხალხისთვის სათქმელი მხოლოდ ის აქვს, რომ მუხტი არ დაკარგონ, არ იყვნენ შემგუებლები და უკეთესი მომავლისთვის იბრძოლონ.
"არ შეგვეშინდეს არავის, ეს ბოლო და უკანასკნელი იქნება, როცა თვალები ამოგვთხარეს. თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ჩვენ, ახალგაზრდები ყველაფერს შევცვლით და ამოვატრიალებთ ცხოვრებაში, შევძლებთ იმას, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობენ სხვა ქვეყნებში ახალგაზრდები და ვიყოთ ბედნიერები მათსავით", — აღნიშნავს გორგი.
თამამად ამბობს, რომ ძლიერი ადამიანია და არ აპირებს ბრძოლა შეწყვიტოს. როგორც გვიყვება, ყოველთვის ასეთი ხასიათი ჰქონდა — ეცემოდა, მაგრამ დგებოდა იმის გასაკეთებლად რაც სურდა. იცის, რომ 20 ივნისის შემდეგ მისი ცხოვრება ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. მისი გადმოსახედიდან, შრომისუნარიანობის დანაკლისი 35%-ზე ბევრად მეტია — ბევრ რაღაც, რასაც აქამდე კარგად აკეთებდა, საერთოდ აღარ გამოსდის.
ინტერვიუს ბოლოს ვეკითხები, როგორ დღედ დარჩება მისთვის 20 ივნისი, რაზეც მპასუხობს, რომ ბევრი თუ არა, მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანა ქვეყნის საქმეში.
"არ დამავიწყდება ეს 20 ივნისი არასდროს, ყოველთვის გონებაში იქნება ჩაბეჭდილი, როგორც ერთ-ერთი მძიმე და ცუდად გასახსენებელი დღე, მაგრამ არა მთავარი დღე", — ამბობს გიორგი.
ერთადერთი, რაც ამ დღის პოზიტიურ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს, ახალი მეგობრებია — მაკო გომური და დათო ქურდოვანიძე. ორივე საავადმყოფოში გაიცნო. ტყვია სამივეს თვალში მოხვდა, სამივემ მხედველობა დაკარგა, სამივე დღემდე მეგობრობს. ინტერვიუს ბოლოს გიორგი დათოს მაცნობს, თან ფოტოს გადაღების დროს ეხუმრება, რომ ცალ თვალს სხვებს ნუ აყოლებს და კამერას შეხედოს.
აღარ უნდა, რომ 2021 წლის 20 ივნისის აღარ უნდა რომ პარლამენტთან იგივე თემების გაპროტესტება უწევდეს, თუმცა მთელი ამ საუბრის განმავლობაში ვხვდები, რომ გიორგი ის ადამიანია, ვინც სხვებსაც ბრძოლისუნარიანობას აძლევს, ეხმარება, რომ არ დანებდეს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ დადგება პარლამენტთან და სათქმელს ხმამაღლა იტყვის.
კომენტარები