აშშ-ში რამდენიმე დღეა საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ადამიანები სამართლის აღსრულებას მოითხოვენ აფროამერიკელი თანამოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო, რომელიც პოლიციის მხრიდან ძალადობას შეეწირა. ამ ფონზე სოციალურ მედიაშიც აქტიური დისკუსია მიმდინარეობს, სადაც ადამიანების პოზიციები მკვეთრად განსხვავდება. ხშირად კამათი ამ ფორმით წარიმართება: ერთი მხარე ამბობს, "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია"; მეორე კი პასუხობს, "არა, ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია".

ამგვარი უთანხმოების მიზეზი ხშირად ფრაზის, "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", არასწორი გაგებაა. მეტწილად, პიროვნება, რომელიც ამ ფრაზას არ ეთანხმება, მის შინაარს აღიქვამს როგორც მტკიცებას, რომ "შავკანიანთა სიცოცხლე დანარჩენებისაზე მნიშვნელოვანია".

თუმცა ეს საპროტესტო გზავნილი სულაც არ გულისხმობს, რომ შავკანიანების სიცოცხლე უნდა იყოს ან არის დანარჩენებისაზე მეტად მნიშვნელოვანი. ამის ნაცვლად, იგი მიუთითებს, რომ შავკანიანების სიცოცხლეს აშშ-ში თეთრკანიანებისაზე ნაკლები ფასი აქვს და ისინი ხშირად ხდებიან პოლიციელების სამიზნე. სწორედ ამ უთანასწორობისთვის წერტილის დასასმელად უნდა აღიაროს ამერიკელმა საზოგადოებამ, რომ ქვეყანაში მსგავს უსამართლო დამოკიდებულებას აქვს ფესვები გამდგარი.

ფრაზის უკეთ გასაგებად ალბათ სჯობს, ვთქვათ, რომ "შავკანიანთა სიცოცხლეც მნიშვნელოვანია". რასაკვირველია, ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია, თუმცა შავკანიანების სიცოცხლე ის კონკრეტული ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც არასათანადოდ ეპყრობიან ამერიკაში.

თუმცა თუკი ეს ახსნა არ კმარა, წარმოგიდგენთ შვიდ გზას, რომლითაც ფრაზის, "ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", აქტუალობა ამ კონკრეტულ კონტექსტში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.


1. "ყველა სახლი მნიშვნელოვანია"

ფოტო: Kris Straub / Chainsawsuit

2. Reddit-ის ერთ-ერთი მომხმარებლის ახსნა

წარმოიდგინე, რომ რესტორანში ხარ ოჯახთან ერთად სავახშმოდ და მაშინ, როცა ყველა იღებს თავის შეკვეთას, მხოლოდ შენ არ გემსახურებიან. ასე რომ, ამბობ: "ჩემი შეკვეთა უნდა მივიღო". ამის პასუხად კი მამაშენი გისწორებს: "ყველამ უნდა მიიღოს თავისი შეკვეთა". ცხადია, ეს სწორი პოზიციაა — შენც ხომ ზუსტად ის იგულისხმე, რომ მთლიანი ჯგუფის ნაწილი ხარ და შეკვეთა სხვების მსგავსად უნდა მიიღო. თუმცა, ყოვლისმცოდნე მამაშენის კომენტარმა შენ მიერ განცდილი უსამართლობა უკანა პოზიციაზე ჩააჩოჩა და პრობლემაც, რომ შეკვეთა ჯერ არ მიგიღია, გადაუჭრელი დარჩა.

საქმე ისაა, რომ განცხადებაში, "ჩემი შეკვეთა უნდა მივიღო", ნაწილაკი იყო ნაგულისხმევი: "მეც ისე უნდა მივიღო ჩემი შეკვეთა, როგორც სხვა ყველამ". მაგრამ მამაშენის პასუხმა ისე წარმოაჩინა შენი სიტყვები, თითქოს იგულისხმე, "მარტო მე უნდა მივიღო შეკვეთაო", რაც, რასაკვირველია, არაა სიმართლე. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ განცხადება, "ყველამ უნდა მიიღოს შეკვეთა", სრული ჭეშმარიტებაა, ამ მომენტში მან მხოლოდ გადაფარა იმ პრობლემის არსი, რომლის წარმოჩენასაც ცდილობდი.

ასეთივე სიტუაციაა ფრაზასთან, "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", მიმართებაში. კულტურა, სამართალი, ხელოვნება, რელიგია და ყველა ეთიკური ადამიანი ემხრობა იმ ბაზისურ დებულებას, რომ ყველას სიცოცხლე უნდა ფასობდეს. ეჭგვარეშეა, რომ მსგავსი სულისკვეთება ჩვენს საზოგადოებაში უკვე გამჯდარია.

ფოტო: Mladen Antonov / AFP / Getty Images

მაგრამ, სამწუხაროდ, რეალურად სამყარო ასე არ მუშაობს. გინახავთ ფილმი, Nightcrawler? გახსოვთ ნაწილი, სადაც რენე რუსოს პერსონაჟი ჯეიკ ჯილენჰოლს ეუბნება, რომ მას არ სჭირდება შავკანიანის ან ლათინოამერიკელის სიკვდილის ამსახველი ვიდეო, მას მხოლოდ ის ახალი ამბები უნდა, რომლებიც გავლენიანი თეთრკანიანების მკვლელობებს ეხება? ეს სცენარი ჰაერიდან როდია შექმნილი — ახალ ამბებში მართლაც გამოხატულია მიკერძოებული ინტერესი იმ თემებისადმი, რომლებთანაც მაყურებელთა უმრავლესობას (რაც თეთრკანიანებს შეადგენს) თვითიდენტიფიკაცია შეუძლია. ასე რომ, ზოგადად, როცა ახალგაზრდა შავკანიან კაცს კლავენ, ეს ახალ ამბად არ მიიჩნევა; მაშინ, როცა შუახნის თეთრკანიანი ქალის მკვლელობა ყველა საინფორმაციოში ხვდება. და, დიდწილად, ამაში რაღაც კანონზომიერებაც არის — პროცენტულად ამერიკაში ახალგაზრდა შავკანიან კაცებს თეთრკანიანებზე გაცილებით ხშირად კლავენ, ამიტომ აღარ აღიქმება მსგავსი ფაქტები ახალ ამბად. თუმცა შედეგი ისაა, რომ საზოგადოება კონკრეტული ადამიანების სიკვდილს ისეთ ყურადღებას არ აქცევს, როგორც სხვებისას. ამდენად, ამჟამად ჩვენ ყველა სიცოცხლეს ერთნაირად არ ვეპყრობით.

როგორც მამისთვის ნათქვამ სიტყვებში, რომ შენი კუთვნილი შეკვეთის მიღება გინდა, ასევე ფრაზაში, "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", ნაწილაკი მოაზრებულია. ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ შავკანიანების სიცოცხლეც უნდა ფასობდეს. თუმცა ამ ფრაზაზე პასუხად იმის თქმა, რომ "ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", არის აზრის ისე დამახინჯება, თითქოს მისი მთქმელი მხოლოდ შავკანიანების სიცოცხლეზე დარდობდეს, რაც, თავის მხრივ, პრობლემის გამიზნულ უგულებელყოფას ემსახურება.

თუ წასაკითხად ზემდეტად გრძელი გეჩვენათ, მოკლედ გეტყვით სათქმელს: ფრაზა, "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", თავისთავად გულისხმობს ნაწილაკს. იგი გულისხმობს, რომ შავკანიანების სიცოცხლეც ფასობს. ხოლო განცხადება, რომ "ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", იმ პრობლემებს უქცევს გვერდს, რომელზე ყურადღების გამახვილებასაც საპროტესტო ფრაზა ცდილობს.

3. "სხვა დაავადებებიც არსებობს"

"ის ადამიანები, ვინც ფრაზას, 'შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია', ცვლიან ფრაზით, 'ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია', კიბოთი დაავადებულთა სამკურნალოდ თანხის შესაგროვებელ ღონისძიებაზე მიდიან და აცხადებენ, სხვა დაავადებებიც არსებობსო?".

4. "მეც მიგრძნია დანაკლისი"

"რა ლოგიკით ხელმძღვანელობენ ისინი, ვინც ფრაზას, 'შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია', ცვლიან ფრაზით, 'ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია?' უცხო ხალხის დაკრძალვაზე მიდიხართ და გაჰყვირით, მეც მიგრძნია დანაკლისიო?"

5. უნიტარული უნივერსალიზმის მღვდელმსახურის ახსნა ეკლესიის წევრისადმი

აღებულია უნიტარული უნივერსალისტების ასოციაციის ვებგვერდიდან.

ცხადია, ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია. უნიტარული უნივერსალიზმის სწავლების ცენტრალური ნაწილი სწორედ თითოეული პიროვნებისთვის თანდაყოლილი ღირებულებისა და ღირსების წარმოჩენაა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში დიდი ხანია, ზოგ ადამიანს ისე ექცევიან, თითქოს სხვებზე ნაკლებად ფასეული იყოს. ყოველი ახალი კვლევა ადასტურებს, რომ საპირწონე სიტუაციებში აფროამერიკელებს და ლათინოამერიკელებს უფრო სასტიკად ეპყრობიან, ვიდრე თეთრკანიანებს და ასეთ დროს სამთავრობო ორგანოებში მომუშავე დამნაშავეებსაც ნაკლებად სჯიან. საუბედუროდ, რასისტული ნიშნით მიკერძოება ცნობიერის მიღმაც აგრძელებს არსებობას — ესეც აგრეთვე დასტურდება არაერთი კვლევით. ძალის გადამეტებით გამოყენებაზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა და არაცნობიერი მიკერძოება ძალიან ხშირად სასიკვდილო კომბინაციაა — ისეთი, რომელსაც შეუძლია, პოლიციის ოფიცრებიც და დანარჩენი საზოგადოებაც საფრთხეში ჩააგდოს.

ფოტო: Erik McGregor / Pacific Press / LightRocket / Getty Images

იმის თქმით, რომ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, არ ვამბობთ, რომ სხვების არაა მნიშვნელოვანი. პირიქით, მიზანი საპირისპიროა; კერძოდ კი, მიზანი იმის ცნობაა, რომ ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ფუნდამენტური დაშვების საფუძველზე უნდა გამოააშკარავდეს, რომ აფროამერიკელები ხშირად უსამართლოდ ხდებიან ძალადობის სამიზნე (აიღეთ აფროამერიკელების რიცხვი, რომლებიც პოლიციის ყურადღების ცენტრში ყოველდღე ხვდებიან, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თეთრკანიანების სამეზობლოში გაიარეს. გავიხსენოთ თუნდაც ტრეივონ მარტინის მოკვლის ტრაგედია). ჩვენი საზოგადოება ჯერ იმდენად განვითარებული არაა, რომ კანის ფერს არ აღიქვამდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგი განზრახვის მქონე ბევრ ადამიანს უჭირს აღიაროს, ეს სოციალური დაავადება გაუცნობიერებლად მასშიც რომ არსებობს; და რომ თეთრების პრივილეგიაც კვლავ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ვისურვებდით, ასე არ ყოფილიყო. ნამდვილად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კაცთმოყვარე ღმერთი არავის განსჯის კანის ფერით.

მე, თეთრკანიან კაცს, არასდროს ამდევნებია დაცვის თანამშრომელი სავაჭრო ცენტრში. არც პოლიციას გავუჩერებივარ არასდროს იმის გამო, რომ იმ სამეზობლოში გავიარე, რომელშიც არ ვცხოვრობ. ჩემს აფროამერიკელ მეგობრებს, თითქმის ყოველ მათგანს, ეს გამოუცდია. ზოგიერთს კი ამაზე უარესი შემთხვევებიც ჰქონია. მე იმ იდეალის წინაშე ვარ ვალდებული, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც აღიარებს, რომ ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია — მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვეკიდოთ მათ გამოცდილებებს და მოვუსმინოთ მათ მონაყოლს. მათი გამოცდილებების მხოლოდ იმიტომ უარყოფა, რომ ამ ამბების მოსმენა არ მსიამოვნებს, ჩემი კომფორტის სხვების უსაფრთხოებაზე მაღლა დაყენება იქნებოდა. ამას კი ვერ გავაკეთებ.

მიხარია, რომ ერთად მივილტვით მიზნისკენ და იმ დღისკენ, როცა ადამიანები აღარ განისჯებიან, შეგნებულად თუ უნებლიეთ, მათი რასის მიხედვით. მჯერა, რომ ეს დღე დადგება, თუმცა ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო. ეს შრომა იწყება ერთმანეთის მოსმენით, განსაკუთრებით კი მათი მოსმენით, ვინც ყველაზე ნაკლები უფლებებით სარგებლობს ჩვენს საზოგადოებაში. ბოლოდროინდელი მოვლენები სწორედ იმისი მტკივნეული მტკიცებულებაა, რომ ძალიან ბევრი გრძნობს საზოგადეობისა და სახელმწიფოს მხრიდან მათდამი უსამართლო დამოკიდებულებას. გამოსწორების გზა სწორედ მათი და მათი ისტორიების მოსმენით იწყება.

6. სამართლის პროფესორის პასუხი სტუდენტს

ტექსტი აღებულია სამართლის პროფესორის მიერ სტუდენტისადმი მიწერილი მოზრდილი წერილიდან.

მოსაზრება: ფრაზის, "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", წინ უხილავი "მხოლოდ" დგას.

კრიტიკა: არსებობს განსხვავება რაიმეზე კონცენტრირებასა და რაღაცის გამორიცხვას შორის. თუკი რამე მნიშვნელოვანია, ეს არ გულისხმობს იმას, რომ სხვა არაფერია მნიშვნელოვანი. თუ ვამბობ, რომ "სამართლის სტუდენტები მნიშვნელოვანნი არიან", ეს არ გულისხმობს, რომ ჩემს კოლეგებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს მნიშვნელოვნად არ მივიჩნევ. ამასთანავე, კიდევ ერთი რაღაცაა, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია — კონტექსტი. მოძრაობა, "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", დაიწყო იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ რეალობაში ეს ასე არ არის. როცა ადამიანები მშობლიური კულტურიდან იღებენ შეტყობინებას, რომ მათი სიცოცხლე სხვებისაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რეალობის ბოროტად დამახინჯება იქნება მათი იმის გამო გაკიცხვა, რომ არასაკმარისად ინკლუზიურები არიან.

სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით მეცვა მაისური წარწერით, "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", სასამართლო სხდომაზე, სადაც ჩვენ უშუალოდ განვიხილავდით პოლიციის მხრიდან შავკანიან მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას.

ფოტო: AFP

არსებობს რამდენიმე სიტყვა, რომელიც ყოველთვის ნაგულისხმევად უძღვის წინ განცხადებას, "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", და ეს სიტყვები დაახლოებით ასეთია:

"იმის გამო, რომ პოლიციის ხელში სასტიკად იხოცებიან შავკანიანი მოქალაქეები და საზოგადოება, ზოგადად, და სასჯელაღსრულების სისტემა, კონკრეტულად, ამ შემთხვევებისადმი ინდიფერენტულია, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ..."

ეს კი, დამეთანხმებით, ცოტა დიდი წარწერაა მაისურზე დასატანად.

"შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" სწორედ კონკრეტულ ფაქტზე კონცენტრირებაა და არა — სხვა დანარჩენის გამორიცხვა. საზოგადოდ, სამყაროს და მასში არსებული ხალხის ღირებულების ურთიერთგამომრიცხავი პრიზმით აღქმა აზარალებს ჩვენს აზროვნებას. თუ მზად ხართ, ამ შემბოჭველი იდეოლოგიის ინტელექტუალური შედეგები იწვნიოთ, ეს თქვენი ნებაა. თუმცა ეს არ გაძლევთ უფლებას, სხვებს დააძალოთ, თქვენი ურთიერთგამომრიცხავი, შერჩევითი იდეოლოგია გაიზიარონ.

მოსაზრება: "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" რასისტული სიძულვილის გამოხატულებაა თეთრკანიანების მიმართ.

კრიტიკა: ფრაზა, "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", არ ეხება თეთრკანიანებს. იგი არ გამორიცხავს თეთრკანიანებს და არც ბრალს დებს მათ, თუკი, რა თქმა უნდა, თეთრკანიანების იმ ჯგუფს არ განეკუთვნებიან, რომელიც შავკანიანებზე ძალადობას ჩადის, მხარს უჭერს, ან აიგნორებს. ხოლო თუ რომელიმე მათგანი ხართ, მაშინ, უმჯობესია, ვიღაცამ რაღაც გითხრათ.

7. "თუკი ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია, დაამტკიცე!"

"თუკი ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია... გვაჩვენეთ!!! გვაჩვენეთ, რომ ჩვენი სხეულებიც იმავე ღირებულების მატარებელია. სასაკლაოს მოწყობას გამართლება არ აქვს. არანაირი".