მიუხედავად იმისა, რომ ახლახან ხომალდ Starship-ის მეოთხე პროტოტიპი აფეთქდა, SpaceX წლის ბოლოსთვის ორბიტულ სატესტო გაშვებას გეგმავს.

Starship SpaceX-ის კიდევ ერთი პროექტია, რომლის მიზანსაც მგზავრების მთვარესა და მარსზე მიყვანა წარმოადგენს.

"პირველ სატესტო ფრენებს, დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლეზე, მომდევნო კვირებში ველოდები. ჩვენ ამას რამდენჯერმე გავიმეორებთ. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, წლის ბოლოსთვის დედამიწის ორბიტაზე გვსურს გასვლა", — განაცხადა SpaceX-ის ვიცე პრეზიდენტმა ჰანს კოენიგსმენმა.

ახალი ამბავი Starship-ის მეოთხე პროტოტიპის, SN4-ის აფეთქების შემდეგ გავრცელდა. პროტოტიპი ტეხასში მდებარე კომპანიის სატესტო მოედანზე აფეთქდა.

"სამწუხაროდ, რაც გევგონა, რომ უმნიშვნელო ტესტირება უნდა ყოფილიყო, დიდ პრობლემად იქცა", — განაცხადა SpaceX-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა.

წარუმატებლობის მიუხედავად, SN4-მა მისი წინამორბედებისგან განსხვავებით უფრო მეტი ტესტის გავლა შეძლო. იგი ასევე Starship-ის პირველი პროტოტიპია, რომელმაც კრიოგენური წნევის ტესტს გაუძლო.