კორონავირუსის პანდემიის დროს სამედიცინო სტუდენტებისა და ექიმების დაცვისთვის, ტოკიოში მდებარე ჰოსპიტალმა ქირურგიული ოპერაციების ჩატარება ვირტუალურ რეალობაში გადაწყვიტა.

ტოკიოს ქალთა სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმები, რომლებიც სამედიცინო რობოტებზე ექსპერიმენტებით საკმაოდ ცნობილები არიან, ქირურგიულ ოპერაციებს გიგანტური 8K კამერის წინაშე აკეთებენ. ის სტუდენტები კი, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო უნივერსიტეტში ვერ დადიან, ოპერაციებს VR-ის მეშვეობით ესწრებიან.

მსგავსი გადაწყვეტილების მიღება გლობალური კრიზისის გამო გახდა აუცილებელი, თუმცა მას, შესაძლოა, სამედიცინო განათლების ხელმისაწვდომობაზე ხანგრძლივი ეფექტი ჰქონდეს.

"ჩვენ გვჯერა, რომ ვირტუალური რეალობა, განსაკუთრებით ამჟამინდელ სიტუაციაში, ძალიან გამოსადეგია, რადგან შეგიძლია გამოცდილება და ცოდნა ფიზიკური კონტაქტის გარეშე გააზიარო", — განაცხადა VR კომპანია Hacosco-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ნაოტაკა ფუჯიმ.

იმის გამო, რომ კამერა საკმაოდ მაღლაა განთავსებული, სტუდენტებს ექიმებთან ისეთი სიახლოვე ვერ ექნებათ, როგორც ეს რეალურ ცხოვრებაში იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა კამერის მსგავსი ადგილმდებარეობის წყალობით ისინი ოპერაციის მსვლელობას უკეთესი გადმოსახედიდან უყურებენ, ვიდრე ექიმის გევრდით დგომისას.

"VR ტექნოლოგიები სამედიცინო სფეროს პროგრესს უწყობს ხელს. დროთა განმავლობაში სწავლებასა და კვლევებში VR-ის გამოყენება უფრო პოპულარული ხდება", — აცხადებს ფუჯი.