სულაკაურის გამომცემლობის თანამშრომლები გირჩევენ — 10 ახალი წიგნი ფესტივალზე
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
მაისი ლიტერატურის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ თვეს, უკვე მრავალი წელია, ტრადიციულად, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ეს განსაკუთრებული ოთხი დღეა, როდესაც ექსპო ჯორჯიაში სხვადასხვა გამომცემლობის სტენდებს შორის აუჩქარებლად სიარული, ახალი გამოცემების შეძენა, ერთმანეთისთვის რჩევებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება და სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებებზე დასწრება ყოველდღიურ, სასიამოვნო რიტუალად იქცევა. გამონაკლისი არც სულაკაურის გამომცემლობის სტენდი იყო. აქ ყოველთვის შეხვდებოდით კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომლებიც მუდამ მზად იყვნენ, თქვენთვის შესაბამისი ლიტერატურის არჩევაში დაგხმარებოდნენ.
პანდემიის გამო, წელს პირველად ფესტივალი განსხვავებულ ფორმატში — ვირტუალურად გაიმართება. 30-31 მაისს წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვაში 20-ზე მეტი გამომცემლობა თუ წიგნის მაღაზია მონაწილეობს. თითოეული მათგანი, ფესტივალის ტრადიციული ფორმატის შენარჩუნებით, სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებასა და ღონისძიებებს შესთავაზებს მკითხველებს.
შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ონლაინ აქტივობა ვერასდროს შეცვლის ადამიანთა უშუალო კომუნიკაციას, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. რაწამსაც ამხელა ფესტივალმა შეძლო ფორმატის შეცვლა, სულაკაურის გამომცემლობის თანამშრომლებმაც აიკაპიწეს სახელოები, სტენდებიდან კომპიუტერებთან გადაინაცვლეს და უწინდელი ხალისითა და პასუხისმგებლობით გირჩევენ 10 ახალ წიგნს, რომელიც წლევანდელ ფესტივალზე აუცილებლად უნდა შეიძინოთ.
მიშელ უელბეკი — სეროტონინი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
"ზოგიერთი პიროვნება გადამწყვეტ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და მას ახალ მიმართულებას შესძენს" – წერს მიშელ უელბეკი თავის ერთ-ერთ წიგნში და შეიძლება ითქვას, ჩემს ლიტერატურულ ცხოვრებაშიც ასე მოხდა. მიშელ უელბეკის წიგნებიდან წლების წინ გავიცანი დეპრესიული, გულჩათხრობილი, მარტოსული ადამიანები თავიანთი ღრმა განცდებითა და პრობლემებით და ამ პრობლემების გადაჭრის ძალიან ექსპრესიული ფორმებით. გამონაკლისი არც მისი უკანასკნელი რომანია, ოდნავ ირონიული სახელით – სეროტონინი.
სეროტონინი ბედნიერების ჰორმონია, რომლის ასამაღლებელი პრეპარატითაც დეპრესიასთან საბრძოლველად წიგნის მთავარი პერსონაჟი, შუახნის მამაკაცი, შეარაღდება. მარტოსული და სიყვარულისგან იმედგაცრუებული ფლორან კლოდი პარიზის ხმაურს გაურბის, თუმცა სიმშვიდეს ვერც ნორმანდიაში პოულობს. მთავარი პერსონაჟის პირად პერიპეტიებს სიღარიბის ზღვარზე მყოფი მუშების სოციალური პრობლემებიც გასდევს ფონად, რითაც ავტორი გამორჩეული ოსტატობით, სიზუსტითა და სიღრმით გადმოგვცემს როგორც კონკრეტული ადამიანის, ასევე თანამედროვე დასავლური სამყაროს კრიზისსაც. ამ წიგნში შეიძლება ნამდვილი სეროტონინის წყარო ვერ იპოვოთ, თუმცა, როგორც მკითხველი, ნამდვილად ისიამოვნებთ.
მთარგმნელი — პაატა ჯავახიშვილი
ჯალალ ედ-დინ რუმი — არსთა მესნევი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ალბათ ყველას გინახავთ ან გაგიგიათ მევლანების, იგივე "სუფიების ცეკვა" – მისტიკური და თავბრუდამხვევი ტრიალი, რომლის მარტო ცქერაც კი რაღაც შორეულ, მიუწვდომელ სიბრძნესთან ზიარების რიტუალში გვითრევს. დერვიშების ამ თვალწარმტაცი ცეკვის იდეა მე-13 საუკუნის სპარს პოეტს, სწავლულს, თეოლოგსა და მისტიკოსს, ჯალალ ედ-დინ რუმის, მეტსახელად მევლანას (რაც "ჩვენს ბატონს" ნიშნავს) ეკუთვნის. სუფი პოეტს სჯეროდა, რომ ღმერთთან მისასვლელი გზა მუსიკაზე, პოეზიასა და როკვაზე გადიოდა.
ისლამური მისტიციზმის ერთ-ერთი მთავარი წყარო ჯალალ ედ-დინ რუმის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები არსთა მესნევია. ის სპარსულ ენაზე დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო პოეტურ-ფილოსოფიურ ნამუშევრად მიიჩნევა. ორსტრიქონიან წყვილებად გარითმული პოემა (სწორედ "წყვილეულს" ნიშნავს არაბულად მასნავი) სუფიზმის ერთგვარ ენციკლოპედიას წარმოადგენს და მათ, ვისაც სულიერებასა და სიბრძნესთან აღმოსავლეთის გავლით მიახლოება გადაუწყვეტია, ეს წიგნი საუკეთესო მეგზურობას გაუწევს.
თუ აქამდე ქართულად არსთა მესნევის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები შეგვეძლო წაგვეკითხა, დღეს, გიორგი ლობჟანიძის შესანიშნავი თარგმანის წყალობით, შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ამ უდიდესი ნაწარმოების მშობლიურ ენაზე სრულად წაკითხვისა და გაცნობის საშუალება გვაქვს.
მთარგმნელი — გიორგი ლობჟანიძე
ვლადიმირ ნაბოკოვი — მაშენკა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ცნობილი მწერლის, ვლადიმერ ნაბოკოვის სადებიუტო რომანი მაშენკა ავტორმა ბერლინში ემიგრაციის დროს დაწერა. ეს მცირე მოცულობის რომანი, თავისი მელოდიურობით, უკვე მიგვანიშნებს მწერლის იმ სტილზე, რომელიც მას მომავალში სახელს გაუთქვამს. ტექსტი მოგვითხრობს ინტელიგენტი ემიგრანტის უინტერესო გარემოცვაში გატარებულ ცხოვრებაზე – ამ უკანასკნელს მხოლოდ წარსულის ნაზი მოგონებებიღა ასაზრდოებენ. მისი ყოველი დღე გუშინდელს ჰგავს, მანამ, სანამ მოგონებებიდან ყველაზე მძაფრი, შემთხვევითი ნაცნობობის შედეგად, პროტაგონისტს არსებობის მთავარ იდეად არ ექცევა.
მაშენკა, ანუ პირველი, სპეტაკი სიყვარული, წმინდა გრძნობების განსხეულებაა, რომლის წარსულიდან ამოფხრეწის შესაძლებლობაც მთავარი პერსონაჟის ცნობიერებაში მოგონებების, სურვილებისა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გემოთი გაჯერებულ კორიანტელს დაატრიალებს.
მთარგმნელი — მიხეილ ანთაძე
კორმაკ მაკარტი — მოხუცების ადგილი აქ არ არის
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
საგამომცემლო სფეროში ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია ისეთი ავტორების დამკვიდრებაა, რომელთა ნაწარმოებებიც ჯერ არ თარგმნილა, ან ითარგმნა, მაგრამ სათანადო ყურადღება არ დაეთმო მათ პოპულარიზაციას.
ცოცხალ ავტორთაგან კორმაკ მაკარტი ამერიკულ ლიტერატურაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა თომას პინჩონსა და დონ დელილოსთან ერთად. მოხუცების ადგილი აქ არ არის ძმები კოენების დამსახურებით მისი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები გახდა. წიგნი ხელმეორედ გამოვეცით, თუმცა მასთან ერთად ვგეგმავთ გამოვცეთ სისხლიანი მერიდიანი, რომელიც ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია, და არანაკლებ პოპულარული დისტოპიური რომანი – გზა.
მთარგმნელი — ეკატერინე სუმბათაშვილი
არჩილ ქიქოძე — კახეთის მატარებელი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
არჩილ ქიქოძის მოთხრობების კრებული კახეთის მატარებელი ყველაზე უფრო ნამდვილი, სუფთა და ხელშესახები ნაკრებია იმათგან, რაც ბოლო პერიოდში წამიკითხავს. თუ ჯერ ვერ მოასწარით ამ კრებულის წაკითხვა, ძალიან მშურს, იმდენად დიდი სიამოვნება გელოდებათ წინ.
მოთხრობებს თითქოს დაუსრულებელ ტკივილიან ფონად გასდევს მშობლებისა და შვილების ურთიერთობა და, ზოგადად, თაობათა შორის დაუძლეველი გაუცხოების თემა. გამოუსწორებელი შეცდომების გააზრების პასაჟები იმდენად მძიმე საკითხავია, რომ ნებისმიერ მკითხველს წარუშლელ შთაბეჭდილებას დაუტოვებს.
ამ კრებულიდან პირადად ჩემთვის ყველაზე უფრო მძიმე და ემოციურად დატვირთული მოთხრობაა ოჯახური პორტრეტები, რომელშიც პარალელურად რამდენიმე ისტორიას ვხვდებით, მთავარი პერსონაჟები კი ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან. მთავარ ამბავს ჩვენი უახლოესი და ყველაზე ტკივილიანი წარსულიდან ძია გოგი გვიყვება – იმ ისტორიებით შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც ფაქტობრივად მთელი მისი ცხოვრება წაართვეს.
მიშა ბახსოლიანი — კანიბალიადა
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
მე გამომცემლობის რედაქტორი ვარ და ჩემს ხელში ბევრი წიგნი გადის, მაგრამ ყველაზე მეტად თანამედროვე ახალგაზრდა ქართველ ავტორებს ვგულშემატკივრობ. ვაკვირდები ლიტერატურულ პროცესს და მინდა, რომ რამე კარგი, ახალი დაწერონ. ჰოდა, წერენ კიდეც. ვადარებ ამავე პერიოდის უცხოელი ავტორების ნაწერებს და ვხედავ, რომ ჩვენები არაფრით ჩამორჩებიან, ჩამორჩებიან კი არა, ხშირად იქნებ წინ უსწრებდნენ კიდეც.
ერთი ასეთი მწერალთაგანია მიშა ბახსოლიანი, რომელსაც ადრეც ვადევნებდი თვალყურს სალიტერატურო პერიოდიკასა და სოციალურ ქსელებში და ვხედავდი, როგორ ნელ-ნელა იხვეწებოდა მწერლის წერის ტექნიკა ამ შავი იუმორით აღსავსე მოთხრობებში. მერე ადგა და რომანიც დაწერა, კანიბალიადა. პირველად, კითხვა რომ დავიწყე, სულ გულს მაზიდებდა, რადგან ამ წიგნში მკვდრებს ჭამენ, მაგრამ მერე, ვერც მივხვდი ისე, გამიარა და სულ სხვა მხარეს წავიდა ჩემი ყურადღება. ამ წიგნში ერთი ოჯახის მაგალითზე ჩანს საქართველოს ისტორიის მონაკვეთი, ბოლო ოცდაათი წლის მოვლენები. თხრობას არ შევუდგები და გირჩევთ, წაიკითხოთ. მენდეთ, ეს წიგნი ნამდვილად ყურადღების ღირსია.
ლაშა ბაქრაძე — Georgia on Maps
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ლაშა ბაქრაძის ამ უნიკალურ წიგნში თავმოყრილია ყველა ის რუკა, დაწყებული შუა საუკუნეებიდან, დასრულებული Google Maps-ით, რომლებზეც დატანილია საქართველო. ეს წიგნი ნათლად გვიჩვენებს კარტოგრაფიის განვითარების ისტორიას და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოს უძველესი დროიდან თავისი ადგილი ეჭირა მსოფლიო რუკებზე. წიგნი ამჟამად გამოცემულია ინგლისურ ენაზე, რათა უცხოენოვან მკითხველსაც მიეცეს საშუალება, საქართველოს კარტოგრაფიულ ისტორიას გაეცნოს, თუმცა ვფიქრობთ ამ წიგნის ქართული ვერსიის გამოცემასაც. წიგნი შესანიშნავი საჩუქარია როგორც ისტორიკოსებისა და კარტოგრაფიის მოყვარულთათვის, ასევე მათთვის, ვისაც უბრალოდ აინტერესებს, თუ როგორ გამოსახავდნენ საქართველოსა და კავკასიას ძველ ან ანტიკურ რუკებზე.
ქართული ანბანი — ითამაშე და ისწავლე
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ფესტივალზე პატარა მკითხველებისთვის და მათი მშობლებისთვის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ნამდვილად იქნება ქართული ანბანის ფაზლი. ამ საოცარი ყუთის გახსნისთანავე პატარებისთვის ანბანის სწავლა ბევრად საინტერესო და სახალისო გახდება. გარდა ფაზლისა, ყუთში პატარა მკითხველი ანბანის პოსტერსა და გივი ჭიჭინაძის საბავშვო ლექსების წიგნსაც იპოვის. ბავშვები პოსტერის დახმარებით შეძლებენ, თითოეული ასო შესაბამის სიტყვასთან დააკავშირონ და ამ გზით კარგად დაისწავლონ ანბანი, ხოლო გივი ჭიჭინაძის წიგნში ნებისმიერ ასოზე შეეძლებათ ლექსის პოვნა და წაკითხვა.
გარდა იმისა, რომ ამ ტიპის წიგნი სწავლის პროცესს სახალისოდ და საინტერესოდ აქცევს, დადებით გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზეც: ავითარებს მოტორიკისა და კონცენტრაციის უნარებს. ასევე, დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი მასალისგან.
მოყოლილს მაინც საკუთარი თვალით ნანახი სჯობს და რადგან წელს პირადად ვერ შევხვდით, ამ ვიდეოს შემოგთავაზებთ, რომელიც ანბანის საოცარ ყუთში დისტანციურად გამოგზაურებთ.
ასტრიდ ლინდგრენი — მეც მინდა სკოლაში
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ამ ფესტივალზე ყველაზე სასიამოვნო სიახლე ასტრიდ ლინდგრენის ახალი გამოცემებია. ჩვენს ვირტუალურ სტენდზე ჩემი რჩეული დასახელებაა მეც მინდა სკოლაში – წიგნი, რომელიც ასტრიდ ლინდგრენმა და ილონ ვიკლანდმა 1951 წელს შექმნეს. ლინდგრენი ხომ არასოდეს "ძველდება" და დღესაც საუკეთესო საბავშვო ავტორად ითვლება! ეს ფერადი, მაგარყდიანი გამოცემა განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებს გაახარებს, მათ, ვინც უკვე ფიქრობს სკოლაში წასვლაზე, ან პირველ-მეორეკლასელ ბავშვებს, რომელთაც უმცროსი და-ძმები ჰყავთ. გაახარებს მშობლებსაც, რადგან აღმოაჩენენ წიგნს, რომელსაც მათი შვილები აუცილებლად შეიყვარებენ.
ჯეფ კინი — საუკეთესო მეგობრის დღიური – როული ჯეფერსონის ჩანაწერები
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ვისაც წრიპა ბიჭის დღიურები წაუკითხავს, კარგად იცნობს როულის – გრეგ ჰეფლის საუკეთესო მეგობარს. მკითხველების ნაწილს გრეგზე მეტადაც კი უყვარს როული და მეც მათ შორის ვარ. საუკეთესო მეგობრის დღიური როულის თვალით დანახულ ამბებს გადმოგვცემს. თურმე როული ბევრად უფრო გულუბრყვილოა, ვიდრე მეგონა, არადა, ზოგჯერ ზედმეტი გულუბრყვილობა სულაც არ არის კარგი.
მაშ ასე, გელით 30-31 მაისს სულაკაურის გამომცემლობის ვირტუალურ სტენდთან, სადაც არც ფასდაკლებები მოგაკლდებათ, დათო ტურაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაციასაც შეგეძლებათ დაესწროთ და თქვენს შვილებთან ერთად, ზალიკო სულაკაურის ხატვის გაკვეთილით, კვირა დღეც გაიხალისოთ.
წიგნების შეძენა ფასდაკლებით შეგეძლებათ გამომცემლობის ვებგვერდზე. ფასდაკლების მისაღებად, წიგნის შეძენისას ველში "კუპონის კოდი" მიუთითეთ BOOKFEST2020, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფასდაკლებით ვერ ისარგებლებთ.
#დარჩისახლში, მაგრამ თან #მოდიფესტივალზე
-
გეკა გელაძე და რონი მესხი თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ჩავიდნენ გეკა გელაძე და რონი მესხი თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ჩავიდნენ
გადახედვა
-
აზერბაიჯანული მედია: საქართველოს საზღვართან ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 20 სამხედრო იმყოფებოდა აზერბაიჯანული მედია: საქართველოს საზღვართან ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 20 სამხედრო იმყოფებოდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის რევოლუციური მეთოდი შეიმუშავეს — ახალი კვლევა მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის რევოლუციური მეთოდი შეიმუშავეს — ახალი კვლევა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "მეშვიდე გრძნობა" — ადამიანებს საგნების შორიდან "შეხება" შეგვიძლია აღმოაჩინეს "მეშვიდე გრძნობა" — ადამიანებს საგნების შორიდან "შეხება" შეგვიძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანია გრძელდება — მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანია გრძელდება — მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი
-
რამდენიმე ენაზე მოსაუბრე ადამიანები უფრო ნელა ბერდებიან? — ახალი კვლევა რამდენიმე ენაზე მოსაუბრე ადამიანები უფრო ნელა ბერდებიან? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
შსს: სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა შსს: სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა 3D პრინტერით კუნთოვანი ქსოვილი მიკროგრავიტაციის პირობებში დაბეჭდეს მეცნიერებმა 3D პრინტერით კუნთოვანი ქსოვილი მიკროგრავიტაციის პირობებში დაბეჭდეს
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე: ის ფაქტი, რომ საქართველო არაა მიწვეული EU-ს გაფართოების სამიტზე, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ბრიუსელს აქვს ნიკოლოზ სამხარაძე: ის ფაქტი, რომ საქართველო არაა მიწვეული EU-ს გაფართოების სამიტზე, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ბრიუსელს აქვს
გადახედვა
-
გაიცანით ნინო თორღვაიძე, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე თუშეთიდან გაიცანით ნინო თორღვაიძე, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე თუშეთიდან
-
შეიძლება თუ არა ნარცისიზმის მკურნალობა? — რას ამბობს მეცნიერება შეიძლება თუ არა ნარცისიზმის მკურნალობა? — რას ამბობს მეცნიერება
გადახედვა
-
სასამართლო პროცესებზე შესაძლოა, მობილური ტელეფონის შეტანაც აიკრძალოს სასამართლო პროცესებზე შესაძლოა, მობილური ტელეფონის შეტანაც აიკრძალოს
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის პროცესზე მისულ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს სააპელაციო სასამართლოს ეზოში არ უშვებენ მზია ამაღლობელის პროცესზე მისულ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს სააპელაციო სასამართლოს ეზოში არ უშვებენ
გადახედვა
-
14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებით, თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი 14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებით, თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
გიზის ერთ-ერთ პირამიდაში აღმოჩენილი ანომალია შეიძლება უცნობ შესასვლელზე მიანიშნებდეს გიზის ერთ-ერთ პირამიდაში აღმოჩენილი ანომალია შეიძლება უცნობ შესასვლელზე მიანიშნებდეს
გადახედვა
-
სანქცირებული შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი თანამდებობიდან გაათავისუფლეს — მას გიორგი სახოკია შეცვლის სანქცირებული შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი თანამდებობიდან გაათავისუფლეს — მას გიორგი სახოკია შეცვლის
გადახედვა
-
10 ნოემბრიდან, ირაკლი ხმალაძე ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა 10 ნოემბრიდან, ირაკლი ხმალაძე ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემას პაატა ბურჭულაძე 8 დეკემბრის სასამართლო პროცესზე აანონსებს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემას პაატა ბურჭულაძე 8 დეკემბრის სასამართლო პროცესზე აანონსებს
გადახედვა
-
აქ სწავლობ, როგორ არ უნდა დანებდე მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოდის — STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი აქ სწავლობ, როგორ არ უნდა დანებდე მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოდის — STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი
-
POG: დაკავებულია "სფერო" ჰოლდინგის დამფუძნებელი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო "სფერო ინვესტის" დირექტორის მიმართ POG: დაკავებულია "სფერო" ჰოლდინგის დამფუძნებელი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო "სფერო ინვესტის" დირექტორის მიმართ
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი ვენაში პოლ ვაიზის პრიზით დააჯილდოვეს მზია ამაღლობელი ვენაში პოლ ვაიზის პრიზით დააჯილდოვეს
გადახედვა
კომენტარები