ქალაქი, სადაც ფუტკრები და მცენარეები მოქალაქეები არიან – ეკოლოგიური ურბანიზაცია
ურბანიზაციასთან ერთად ბევრგან პარკების, ხეების და ზოგადად გამწვანების შემცირება აღინიშნება. ბევრი მიიჩნევს, რომ ამის შედეგად ადამიანები მნიშვნელოვან მოკავშირეებს ვკარგავთ: მცენარეებს და ფუტკრებს.
მწერი-დამამტვერიანებლები, მაგალითად, ფუტკარი ძალიან მნიშვნელოვანი ეკოსისტემისთვის და მათ შორის ჩვენი ცხოვრებისთვის. სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ და ქალაქმშენებლობამ კი ისინი საფრთხეში ჩააგდო.
"დამამტვერიანებლები ბუნებრივი სამყაროს კონსულტანტები და მწარმოებლები არიან, თავიანთი საქმისთვის კი საფასურს არ ითხოვენ. ჩვენი გეგმა, რომ ყველა ქუჩა ბიოკორიდორად, სამეზობლოები კი პატარა ეკოსისტემებად გვექცია, მათთან [ფუტკრებთან] მოკავშირეობას საჭიროებდა", —ამბობს ედგარ მორა, რომელიც 12 წლის მანძილზე კურიდაბატის მერი იყო.
მორას ინიციატივით, კოსტა-რიკის ქალაქ კურიდაბატში ყველა დამამტვერიანებელ მწერს, ხეს და ადგილობრივ მცენარეს, მუნიციპალიტეტმა "მოქალაქეობა" მიანიჭა, რამაც სან ხოსეს პროვინციის პატარა ქალაქი ურბანული ველური ბუნების განვითარების პიონერად აქცია, რომელსაც ახლა ხშირად "ტკბილ ქალაქს" ეძახიან.
ქალაქში მწვანე სივრცეებს ისე უყურებენ, როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილს. ველური ბუნებისთვის სიმბოლური "მოქალაქეობის" მინიჭების გარდა, მერიამ მასობრივი გამწვანების პროგრამები დაიწყო, რათა მოქალაქეებმა სუფთა ჰაერით და სასიამოვნო გარემოთი ისარგებლონ.
მწვანე სივრცეების გაშენების კიდევ ერთ მიზანი დამამტვერიანებელი მწერების დახმარებაა, რომელთათვის მსგავსი სივრცეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"იდეა წამოვიდა ნარატივიდან, რომ ქალაქში მცხოვრები ადამიანები ველურ ბუნებას უფრო მეტად მაშინ იცავენ, როცა ის მათგან შორსაა და უშუალო უშუალო გარემოცვას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, — ამბობს მორა, რომელიც ახლა არქიტექტურული ფირმის Gensler-ის დიზაინერია.
"ურბანული განვითარება, როგორც მინიმუმ ბუნებას უნდა მოერგოს და არა პირიქით".
მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების შემცირების მთავარი მიზეზი ურბანიზაციაა. 1992 წლიდან მოყოლებული, ურბანული სივრცეები გაორმაგდა და გაეროს მიხედვით, 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 68% ქალაქებში იცხოვრებს, რაც ეკოსისტემას კიდევ უფრო დატვირთავს.
სწორედ ამიტომ ურბანული დაგეგმარებისას ბევრი მწვანე სივრცეების მნიშვნელობის გათვალისწინებას ცდილობს. ბოლო წლებში გაეროში არსებობს შეთანხმება (რომელიც ჯერ ხელმოწერილი არ არის), რომლის მიზანიც ბიომრავალფეროვნების კარგვის მასშტაბური შემცირებაა.
აღსანიშნავია, რომ კოსტარიკაში მიღებული ზომები, რომლებიც ბიომრავალფეროვნების და გამწვანების შენარჩუნებას ისახავს მიზნად, მასობრივი ადგილობრივი მხარდაჭერით სარგებლობს.
ზოგადად კოსტა-რიკა დედამიწაზე ძალიან უჩვეულო ადგილია. ქვეყნის ენერგიის 98% ენერგიის განახლებადი წყაორებიდან მოდის და მთავრობა იმედოვნებს, რომ 2050 წლისთვის კოსტა-რიკაში ნახშირბადის ემისიები განულდება.
"კოსტა-რიკაში შეიძლება კარიბის ზღვის სანაპიროზე გაიღვიძოთ, იმავე დღეს ქვეყნის ბოლში, ატლანტის ოკეანის სანაპიროსკენ იმგზავროთ და მზის ჩასვლას წყნარი ოკეანის სანაპიროზე შეხვდეთ", — ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი კარლოს ალვარადო კუესადა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანას ბუნების დაცვის და პაციფიზმის ხანგრძლივი ისტორია აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ კოსტა-რიკა ძალიან პატარა ქვეყანაა, ის მსოფლიო ბიომრავალფეროვნების 6%-ს იტევს.
ურბანიზაციისადმი თანამედროვე მიდგომით, ბიოკორიდორებით, მასობრივი გამწვანებით და ბიომრავალფეროვნების უპრეცედენტო კონსერვაციით, ეს პატარა ქვეყანა სწრაფად განვითარებად სამყაროში იმედის შუქურაა, რომელიც ნათლად გვაჩვენებს, რომ ეკონომიკური პროგრესი და ურბანიზაცია ეკოლოგიის მსხვერპლად გაღებას არ საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მწვანე სივრცეების შემცირება და ეკოსისტემის უგულებელყოფა განსაკუთრებით საგრძნობია. ეს უკანასკნელი კი ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც აისახება. ბოლო მონაცემებით, ბუნების დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით, საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა, რაც ძალიან ტრაგიკულია თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი შდეგების თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია.
კომენტარები