კახა კურტანიძე იმ დროს დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მდებარე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა, რომლის წინამძღვარი მაშინაც დეკანოზი ალექსანდრე გალდავა იყო. წერილის გამოქვეყნებიდან მალევე, კურტანიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი აღარ იყო. იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას დეკანოზმა გალდავამ ეკლესიაში მისვლა აუკრძალა, თუმცა კახა კურტანიძე ამას არ ადასტურებს.

ის ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და მსოფლიო საპატრიარქოს ამერიკის ეკლესიაში მსახურობს — კვლავ მართლმადიდებელი სასულიერო პირია, თუმცა არა საქართველოს ეკლესიის. პარალელურად, კახაბერ კურტანიძე უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

2009 წელს მოქალაქეების ნაწილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 27 კითხვით მიმართა. კითხვები ეხებოდა საპატრიარქოსა და პირადად ილია მეორეს კავშირს უშიშროების კომიტეტთან, ედუარდ შევადნაძის წვლილს მის პატრიარქად არჩევაში, თვითმფრინავის საქმეს, საბჭოთა კავშირისა და სტალინისადმი დამოკიდებულებას, 9 აპრილს, მხედრიონს, რუსეთის იმჟამინდელ ხელისუფლებასთან კავშირს, საეკლესიო პრესის ქსენოფობიურ, ანტისემიტურ, ანტისომხურ, ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ და პრორუსულ პროპაგანდას, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს (მმკ), კორუფციას ეკლესიაში და ა.შ.

წერილს ხელს 235 ადამიანი აწერდა. მათ შორის იყვნენ მოქმედი სასულიერო პირები: კახაბერ კურტანიძე და ზაზა თევზაძე, ასევე, ბასილ კობახიძე, იმ დროისთვის უკვე ყოფილი მღვდელი. წერილს ხელს აწერდნენ თეა თუთბერიძე, ბექა მინდიაშვილი, მირიან გამრეკელაშვილი, რუსუდან გოცირიძე, სიმონ ჯანაშია, პაატა შამუგია, გიორგი მშვენიერაძე და სხვები.

ამ წერილის შემდეგ თეა თუთბერიძის მიმართ მუქარა და შეურაცხყოფა კიდევ უფრო გაძლიერდა.

ინტერვიუ მიმდინარე აქტუალური თემებით დავიწყოთ. კორონავირუსის პანდემიის დროს ეკლესიამ პოზიციები არ დათმო, არც სახელმწიფომ მოითხოვა მისგან კანონის დაცვა. სასულიერო, ხანდახან კი, საერო პირებიც, აპელირებდნენ იმაზე, რომ ეკლესია ვერ დაიკეტება. თქვენ, როგორც მართლმადიდებელი დეკანოზი, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იყო მრევლისთვის ეკლესიის გარკვეული დროით დაკეტვა?

პრაქტიკა, რომ მრავლის სახელით მსახურება ცოტამ შეასრულოს, მართლმადიდებლობაში არის. სამების ტაძარშიც კი გამოყოფილია პატარა ოთახები, სადაც 1-2 მედავითნე თუ დაეტევა, ერთი მნათე, რამდენიმე მღვდელი, რამდენიმე მრევლი და ეს ითვლება სრულ ლიტურგიად. რა თქმა უნდა შესაძლებელია, ეკლესიები დაიხუროს მრევლისთვის, მრევლს მოეწოდოს, რომ იყვნენ სახლში, მით უმეტეს, რომ არსებობს სატელევიზო გადაცემები.

ამ მეთოდს მიმართეს სხვა ეკლესიებმა და როცა მრევლი გამოთქვამს გულისწყრომას, რომ არ შეიძლება ეკლესიების დახურვა, ეს აჩვენებს იმას, რომ არ ვეთანხმებით ერთ წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, რომელსაც ვაღიარებთ მართლმადიდებლები და რუსეთსაც ამის გამო ვუწოდებთ ერთმორწმუნეს. ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ ერთი წმინდა კათოლიკე ეკლესია არ ეხება მართლმადიდებლებს და მხოლოდ იბერიის ეკლესია არის რჩეული, გაბრწყინებული.

ეკლესიამ პოზიცია არ შეცვალა საერთო კოვზით ზიარების საკითხზეც. თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იყო ამ წესის დროებით შეცვლა?

თავდაპირველად, მეოცე საუკუნის დასაწყისისათვის, საქმე ისე იყო, რომ წელიწადში სამჯერ უნდა ზიარებულიყო მრევლი, ეს იყო რუსული წესი. სერბეთში, ზოგადად, წელიწადში ერთხელ შეიძლებოდა მხოლოდ. მარიამ ეგვიპტელი ერთხელ ეზიარა ცხოვრებაში, 40 წლის მერე, უდაბნოში... სულ რაღაც 20 წელია, რაც მრევლმა ბევრჯერ დაიწყო ზიარება. ზიარების შესახებ ისეთ სისუელეებს ბოდავენ, ამაშიც არ აქვთ შეთანხმება სამოციქულო ეკლესიასთან. რა თქმა უნდა, შეიძლება. მხოლოდ ეკლესიაში კოვზით ზიარება კი არა, სერაფიმე საროველზე წერია, ვედროდან აზიარებდა ხალხსო. ეს უბრალოდ გეფეტიშებაა, არ აინტერესებთ, მათი ლოგიკა ასეთია — "ჩვენ ვართ რჩეული და საუკეთესო მართლმლადიდებელი ერი და ჩვენ ამას ვდემონსტრირებთ".

რატომ აკეთებს ეკლესია ამას? ეს არის ძალაუფლების სურვილი თუ უბრალოდ ძალის დემონსტრირება?

ზოგი ამას ციანიდის გამო შურისძიებას უკავშირებს, ზოგი მომავალ ფინანსურ კეთილდღეობას ან ზოგადად კეთილდღეობის გარანტიებისთვის ბრძოლას, ზოგს კი მიაჩნია, რომ ეკლესია კუნთებს ათამაშებს, რათა მთავრობას უთხრას — როგორც არ უნდა გეგონოთ, რომ ძალმოსილნი ხართ, ყოველთვის გამოჩნდება პერიოდი, როცა ფეხს დაგიდებთ და ა.შ.

შეთქმულების თეორიებში თუ გადავალთ, საქართველოს დაუძლურება რუსეთს აწყობს. მან ძალიან კარგად იცის, რომ ეპიდემიის შემდეგ მორალურად გაღატაკებული, ეკონომიკურად დაუძულურებული საქართველო კიდევ უფრო ადვილი ლუკმა იქნება. ყოველ შემთხვევაში, საზღვრებზე მაინც ვეღარ შეედავება რუსეთს. ის, რომ რუსეთი კორონავირუსს ევროპაში თავისი პროპაგანდისთვის და გავლენების გაფართოებისთვის იყენებს, ვიცით. რატომ გვგონია, რომ საქართველოში არ გამოიყენებდა? თუ დავუშვებთ, რომ რუსეთს ძლიერი ბერკეტები აქვს შიგნით საპატრიარქოში... თუ დავუშვებთ. მე არ ვიცი, მე ვიძახი, რომ ყველა მხრივ შეიძლება წავიდეს პარანოიდული ეჭვები და რატომ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ შანტაჟზე მიდის რუსეთი და ეუბნება, არ დაკეტოთ ეკლესია, რომ მეტი გრუზინი დავირუსდეს? რატომაც არა... ამ მიმართულებით ძალიან შორს წასვლას არ ვისურვებდი.

ეს რომ რუსული ინტერესია, მაგაში 100%-ით ვარ დარწმუნებული, მაგრამ ბრძანება მივიდა თუ არა ილია მეორესთან, არ ვიცი. სასარგებლო იდიოტებივით რომ ვიქცევით, ცხადია. ელექტრონულად გამოუშვა ბრძანება, მტრედს გამოატანა წერილი ან გამოუშვა საერთოდ თუ არა, ეგ არ ვიცი. მაგრამ რუსეთს რომ არ აწყობდეს ეს, იქედან რომ დაუსტვენდა, ესეც ვიცი.

ანუ უშვებთ, რომ რუსეთს ამის სურვილი რომ არ ჰქონდეს, შეუძლია საპატრიარქოს მიმართოს?

რა თქმა უნდა შეიძლება და დიდ გავლენასაც მოახდენდა. მაგრამ რატომ არ უნდა ნდომოდა? თავს იკლავ და უთავისუფლებ ტერიტორიას, თან მიუთითებს ოსებს და აფხაზებს ჩვენზე და ეუბნება, ამათთან გინდათ ყოფნაო?! ამაზე კარგი რა უნდა მიართვა. იმ მილიონ ვერსიას შორის, რომლეთაც პარანოიდული ვუწოდე, არსებობის უფლება ამასაც აქვს. მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთისგან მოდიოდეს პირდაპირი დირექტივები და ჰყავდეს გავლენის აგენტებიც. ვფიქრობ, რუსეთის გავლენა საპატრიარქოზე იმდენად ძლიერია, რომ უნდოდეს, ეს არ გააკეთოს საპატრიარქომ, შეძლებდნენ გაჩერებას. ამას ვამბობ ნამდვილად, მაგრამ უბრძანა რუსეთმა და იმიტომ აკეთებენ თუ გავლენის აგენტების საშუალებით, ეს არ ვიცი.

არამარტო ამ შემთხვევაში, ზოგადად, ეკლესიაში რუსულ გავლენაზე საუბრის საფუძველს რა გაძლევთ? ხშირად არის ხოლმე ამაზე მსჯელობა.

ჩემს მაგალითს გეტყვით — ანა კარენინას ვკითხულობ ხოლმე და ვხვდები, რამდენად ახლობელია ჩემთვის ის ყველაფერი, რაც იქ აღწერილია. ჩვენ მიჯაჭვული ვართ მათზე ენით, კულტურით, ახალგაზრდობით. ეს ამ ეტაპზე ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, თუ ადამიანმა ინტელექტუალურად არ გაუწია წინააღმდეგობა, რაღაცები თუ არ აღკვეცა, თუ არ ჩამოიჭრა და ქირურგიული ჩარევა არ გაიკეთა იქ, სადაც საჭიროა. ამას სჭირდება ინტელექტუალური ძალა, ამას სჭირდება სხვა ინფორმაცია.

მაგრამ განათლებული როგორ იქნები ქართულ ეკლესიაში დღეს?! ადამიანი როგორ შეიძლება იყოს ქართულ ეკლესიაში განათლებული, თვითმკვლელობის ტოლფასია. მე ხომ ვიყავი იქ?! ქადაგების დროს, როცა სახარებიდან ველაპარაკებოდი დემოკრატიულ თავისუფლებაზე, ინდივიდის, პიროვნების ღირსებაზე, ყვირილით გარბოდნენ ხოლმე ეკლესიიდან, რადგან ამ თემას წამოვწევდი და არა ქართველი ერის რჩეულებას. მრევლს არ უნდოდა. ბოლოსდაბოლოს, მოხდა ისე, რომ იძულებული გავხდი, აღარ გამოვჩენილიყავი კვირაობით. მამაო მთხოვდა, შემეცვალა საქციელი, მე და მას კონფლიქტი არ გვქონდა, ხალხს ჰქონდა ჩემთან კონფლიქტი და ის ვერ მიცავდა. იძულებული გავხდი მთლიანად ქართული ეკლესიიდან წამოვსულიყავი.

ანუ თქვენ ამბობთ, რომ შესაძლოა, რუსული გავლენა ეკლესიაში იყოს არა მაინცდამაინც იმიტომ, რომ პირდაპირ დავალებას იღებენ, არამედ იმიტომ, რომ განათლების დონეა ნაკლები?

კი, კულტურული ინერციაა. თეთრ-შავი სამყარო უფრო გასაგებია ქართველისთვის, ჩამოვა ამერიკაში და არეულ-დარეულია ყველაფერი. აქამდე იცოდა, რომ "გეი ცუდია, კორკოტა კარგია", მარტივია. ამ დროს ეუბნებიან, რომ იცი რა, არც მთლად ეგრეა და ირევა. რუსი კიდევ პირდაპირ გეუბნება — ეს კარგია, ეს ცუდია.

ეკლესიაში პირდაპირ რუსულ გავლენებს გამორიცხავთ?

არა, მაგის გამორიცხვა როგორ შეიძლება?! მაგრამ არავინ მოსულა და უთქვამს, რომ აგერ მაქვს საბუთი, სადაც ჩანს, რომ ილია მეორეს დაურეკეს. ზოგადად ვამბობ, რომ რუსეთს ყველაფერი ეს აწყობს და თუ აქვს გავლენის ბერკეტები, აუცილებლად გამოიყენებს. და გავლენების ბერკეტები რომ აქვს, გითხარით — ფსიქოლოგიურადაც მიჯაჭვულები ვართ, მატერიალურადაც.

მართალია, ბოლო წლებში ეკლესიის რეიტინგი შედარებით იკლებს, მაგრამ მათი ძალაუფლება მაინც უზარმაზარია. გარკვეული საკითხების გახმაურებამ ეკლესიაში პრობლემები უფრო აქტუალური გახადა. დღევანდელი გადმოსახედიდან, თქვენ რას მიიჩნევთ იქ მთავარ პრობლემად?

სტრუქტურა. არც განათლება, არც სამღვდელოების მორალური თვისებები არ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. ეკლესიაში ძალაუფლება აქვს მხოლოდ ეპისკოპოსს. არავის სხვას არავითარი არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის უფლება არ აქვს. არის ფეოდალი და ყმა. ხომ გახსოვთ, ფეოდალს ლოიალობა უნდა გამოეცხადებინა ფეოდალთა შორის უპირატესისთვის, მეფისთვის. მაგრამ ფეოდალი თავის საფეოდალოში აბსოლუტურად ბატონ-პატრონი იყო, გლეხს არ შეეძლო ხელმწიფისთვის მიემართა. მღვდელმაც იცის, რომ თუ ეპისკოპოსს არ მოეწონა, მშიერს დატოვებს, გააგდებს. გარდა ამისა, ისინი დამოკიდებულნი არიან თავიანთ სოციალურ სტატუსზე, ეს მხოლოდ ფული კი არაა, სუფრის თავში ჯდომაა. ამ ყველაფრით რისკავს მღვდელი, ხმა რომ ამოიღოს.

და ეს ვისი ბრალია?

ეს არის ჩაკეტილი სისტემა. თქვენ გინდათ ფეოდალები დასხდნენ და ძალაუფლება უცებ გადაუფორმონ ხალხს? ასე არ ხდება.

რა არის გამოსავალი?

მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მიბმული იყო სახელმწიფო ძალაუფლებაზე. ახალ იმპერატორს ახალი პარტიარქი მოჰყავდა. რუის-ურბნისის კრება ვინ მოაწყო? დავით აღმაშენებელმა ხომ? ყველა მსოფლიო კრებაზე თუ რამე ხდებოდა, იმპერატორების მეშვეობით და შემდეგ სჯიდნენ იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც პროტესტს უცხადებდნენ. ახლა სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ ჩარეულიყო და მისცა საშუალება... იმიტომ, რომ სახელმწიფო რომ ჩაერიოს, ამას მოსდევს შედეგი. ჯერ შევარდნაძეს დასჭირდა ლეგიტიმაციისთვის პატრიარქის მხარდაჭერა, მერე მიშას, მერე ბიძინას და ასე. ამიტომ, ერთადერთი საშუალება, ეკლესიას წინააღმდეგობა გაეწიოს, არის საზოგადოება.

იგივე საზოგადოება, რომელსაც თქვენ მიერ წაკითხული სახარება არ მოსწონდა... საბოლოოდ, რატომ გადაწყვიტეთ, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოშორებოდით?

ეკლესიამ არ მომცა საშუალება, რომ ჩემი ცოდნა და უნარი გადამეცა. მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფიის დოქტორი ვიყავი, საზღვარგარეთის ორ ინსტიტუტში მქონდა ნასწავლი და პირველი ვიყავი, ვინც სამაგისტრო დაამთავრა, საბერძნეთში მთლიანი კურსი გავიარე და ასევე მქონდა ნასწავლი შვეიცარიაში, ამერიკაში, დავდიოდი კონფერენციებზე და ა.შ., არანაირად არ მომცეს საშუალება, არც სემინარიას გამაკარეს. მიზეზი კი ის იყო, რომ გამოვხატავდი საკუთარ აზრს, სიტყვის თვისუფლებას ვინარჩუნებდი და ეს მათთვის ცოტა სკანდალური იყო.

როცა მივედი და ვთხოვე, დამნიშნეთ სადმე-მეთქი, დამნიშნეს ტაძარში, სადაც ვიყავი მესამე მღვდელი. ტაძარი იყო ერთი ოთახი. მე იქ მივედი ჩემი ინდივიდუალობით, ვქადაგებდი დემოკრატიაზე. წინამძღვარმა ჩათვალა, რომ მის ძალაუფლებას, სოციალურ მდგომარეობას ვუქმნიდი საფრთხეს, იძლებული გავხდი წამოვსულიყავი. ამას დაემთხვა ის, რომ ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტში ვიყავი პროფესორი და პროგრამის ხელმძღვანელი. იმ დროს ილიას უნივერსიტეტის სახელი გახსოვთ ხომ? სოროსიო, რაღაცებიო... ეს უკვე მიქმნიდა მათთვის საეჭვო პიროვნების იმიჯს.

ამავე პერიოდში კათოლიკურ, ბაპტისტურ ეკლესიასთან და ლუთერანებთან ერთად გავმართეთ ორი საერთაშორისო კონფერენცია, ძალიან წარმატებული. მომივარდა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ), მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია პატრიარქთან შეთანხმებული იყო. შეურაცხყოფა მომაყენეს მე, ჩემს ძმას, სტუმრებს. ამას მოჰყვა მერე შენიშვნები, რატომ ატეხე ამბავი, კათოლიკეებთან ერთად ლოცვა რატომ ჩაატარე და ა.შ.

პატრიარქისადმი წერილის ხელმომწერი როგორ აღმოჩნდით?

ერთხელ შევესწარი, თეა თუთბერიძეს მისდევდნენ, მოკვლით ემუქრებოდნენ. ჩავერიე, რას აკეთებთ-მეთქი. ეკლესია ამ დროს ხმას არ იღებს, ორაზროვანი განცხადებებით ამბობს: "ძალადობას ვგმობთ, მაგრამ დაუშვებლად მიგვაჩნია...". არც ვიცნობდი თეა თუთბერიძეს, ილიას უნივერსიტეტში მესალმებოდა ხოლმე და სტუდენტი მეგონა.

მერე დაიწერა ის წერილი, რომლის ხელმოწერასაც დავთანხმდი, რადგან ვნახე, რომ საცემრად მიუვარდნენ, გაჭირვებაში იყო. ამის შემდეგ იძულებული გავხდი წამოვსულიყავი. მე რომ ეკლესიაში დამეწყო სიარული, მამა ალექსანდრეს მოსთხოვდნენ პასუხს. საყვედური არ უთქვამთ, არც მღვდლობიდან გავუყენებივარ, მაგრამ არავის უნდოდა ასეთ ადამიანთან ასოცირება... თან პროფესორის ხელფასზე ვიყავი, რომელიც ოჯახს ათი დღე გვყოფნიდა. ამიტომ მივწერე წერილი ამერიკაში და წამოვედი აქ.

თქვენამდე On.ge-ს ინტერვიუ ჰქონდა ყოფილ მღვდელთან, ბასილ კობახიძესთან, რომელიც ამბობს, რომ ქართული ეკლესიის ღმერთი არა იესო, არამედ ილია მეორეა. ეთანხმებით მას? ფეტიშიზმი თქვენც ახსენეთ და როგორ გგონიათ, ეს ხდება თავისთავად თუ პატრიარქის ხელშეწყობით?

რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ხდება, პატრიარქის შექმნილია. მაგრამ მოდით, ნუ მოვთხოვთ მას უზენაეს სიბრძნეს. ილია მეორე ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება. მახსოვს, მას სურდა რეფორმებიც. მაგრამ საბოლოოდ მაინც ძალაუფლება გამოვიდა უმთავრესი. თუმცა ძალაუფლების გარეშე რა რეფორმებზე შეიძლება ლაპარაკი?! ფუფუნება უყვარს ძალიან, რუსებისგან გადმოიღო ალბათ. მცირე ესთეტიკური მომენტები აქვს — უყვარს ხატვა, დაკვრა, არისტოკრატობს.

მას ხომ ირაკლი ჰქვია და ერთხელ მეც იქ ვიყავი, როცა თქვა: მე ჰერაკლეს მიწიერი ძალა და ილიას ღვთაებრივი ცეცხლი მაქვს, ეს ორი გაერთიანდაო. ამასთან, ის არის ბაგრატიონთა შთამომავალი და ასევე, შიოლაშვილები თურმე მონათლა ვახტანგ გორგასალმა, რომლის არსებობის ისტორიული საბუთი არ გვაქვს, მაგრამ შიოლაშვილები მოუნათლავს...

ის დაიბადა სოფელში, გაიზარდა მკერავის ოჯახში. ჩვეულებრივი ქართული ოჯახიდან იყო. უცებ ხვდება ზაგორსკში, ეს არის ადგილი, სადაც არიან ჯერ კიდევ ცოცხალი რუსი ეპისკოპოსები, არისტოკრატები, პატრიარქები, არქიმანდრიტები. დააკვირდით, როგორია მისი წვერები, შეადარეთ ალექსი პირველის წვერებს, ნახავთ, რომ ზუსტად ისე აქვს. ძალიან კოხტად იცვამს ხოლმე და გემოვნებით, ამბობდნენ, თეფშები აქვს ნაპოლეონის ნაქონიო და ა.შ. უცებ შენ ეუბნები, რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი შეიძლება დაკარგოს, თან ხომ იცის, რომ მისი სახელი, დიდება, ბაგრატიონობა ამის დამსახურებაა.

ფიქრობთ, რომ ამის დაკარგვის ეშინია?

პატრიარქი ყოველთვის ქმნიდა ისეთ გარემოს, სადაც თავის უსაფრთხოებას ამყარებდა. როცა ამას საფრთხე შეექმნებოდა, ის შესაბამის ღონეს ხმარობდა. ახლა მისი რჩეულობის იდეა საქმეშია და ვხედავთ კიდეც. ძალიან კარგი გათვლაა, ვერავინ ვერაფერს დაუმტკიცებს, ყოველთვის დარჩება მცირე სამწყსო, რომელიც მას გააფეტიშებს, ყოველთვის გამოჩნდებიან პოლიტიკური ავანტიურისტები, რომლები მის ქება-დიდებას დაიწყებენ და მისი სახელით მოინდომებენ პოლიტიკაში შემოსვლას, შეძახილებით — "ქართველობას გვართმევენ". ამას მოჰყვება რუსეთისგან დახმარებაც და ასე. როგორ ამბობდნენ კორონავირუსზე? — ცხიმის მასა აქვს გარშემო შემოვლებული და იმას თუ მოშლი, ვირუსიც მოიშლებაო. პატრიარქს ყოველთვის ეყოლება ცხიმი გარშემო, რომელსაც ვერანაირად ვერ მოშლი.

ის წინასწარ გამარჯვებულ თამაშს თამაშობს, საკმაოდ მახვილგონიერი კაცია. ბრძენი კი არა, მახვილგონიერი. თუმცა მისი დამარცხება შესაძლებელია, გარკვეული რაოდენობის ხალხია საჭირო, ვინც ამას მოისურვებს და მორჩა.


კახაბერ კურტანიძესთან ინტერვიუს შემდეგ On.ge დაუკავშირდა დეკანოზ ალექსანდრე გალდავას, რომელიც ასევე ამბობს, სასულიერო პირი უზნაძის ქუჩაზე მდებარე ეკლესიაში თავად აღარ მივიდა.

"არც მოსულა ეკლესიაში იმის შემდეგ, რაც ხელი მოაწერა პატრიარქზე რაღაცა უცნაური, დამამცირებელი შეკითხვების დასმას. მაშინ აწერდა ხელს ბევრი ე.წ. ეკლესიის მოწინააღმდეგე", — აღნიშნა გალდავამ.