კარანტინში თავშესაქცევი: რას ვუყუროთ, რა წავიკითხოთ და რას მოვუსმინოთ
მაშინ, როცა COVID-19-ის პანდემიის გამო ბევრ ჩვენგანს მთელი დღეები სახლში დარჩენა უწევს, მოწყენილობა იჩენს თავს. ამ სტატიაში შეიტყობთ კულტურის სფეროს იმ ნამუშევრებზე, რომლებიც განწყობის ამაღლებასა და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ.
კლასიკური ფილმი — ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთიდან (North By Northwest)
ალფრედ ჰიჩკოკმა თავისი კარიერის განმავლობაში მეტწილად დამზაფრავი თრილერები შექმნა, თუმცა მისი ეს მოულოდნელობებით სავსე მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, რომლის სცენარიც ერნესტ ლიმანს ეკუთვნის, შესანიშნავი გზაა დროის სასიამოვნოდ გასაყვანად და რეალობის დასავიწყებლად. როჯერ თორნჰილი, რომლის როლსაც ლეგენდარული კერი გრანტი ასრულებს, მანჰეტენის ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია — მისმა ელეგანტურმა კოსტიუმებმა და სადილზე ალკოჰოლის მიტანების ჩვევამ ცნობილ სერიალზე, Mad Men-ზეც კი იქონია გავლენა.
როცა თორნჰილი საიდუმლო აგენტში აერევათ, მის ცხოვრებაში მოულოდნელად დაუნდობელი მკვლელები, შეუპოვარი პოლიციელები და საბედისწერო ქალები ჩნდებიან. თუმცა იგი თავისი მაცდუნებელი მეწყვილის (ევა მარი სეინტი) და დახვეწილმანერებიანი მეტოქის (ჯეიმზ მეისონი) მსგავსად, გამჭრიახობასა და სიმშვიდეს ბოლომდე ინარჩუნებს.
ასე რომ, მოხერხებულად მოკალათდით, ხელში მოიმარჯვეთ ჭიქა მარტინით ან გიბსონის კოქტეილით ან შოტლანდიური ვისკით ან თუნდაც ბურბონით, — თორნჰილის საყვარელი სასმელების სია გრძელია, — და აიღეთ კურსი ჩრდილოეთისკენ ჩრდილო-დასავლეთიდან.
ახალი სერიალი — განორთოდოქსებული (Unorthodox)
დებორა ფელდმენის რეალურ ცხოვრებასა და იმავე სათაურის მქონე მემუარებზე დაყრდნობით გადაღებული განორთოდოქსებული მოგვითხრობს ესტიზე, ახალგაზრდა ქალზე ბრუკლინში მდებარე უილიამსბურგის ჰასიდური თემიდან. იგი საკუთარ თავს უიღბლო, გარიგებით შემდგარი ქორწინებიდან დაიხსნის და ბერლინში გაიქცევა დედის საპოვნელად (რომელმაც ზუსტად იგივე გააკეთა 15 წლით ადრე, როცა ესტი მიატოვა).
სერიალი შესანიშნავად ხატავს სატმარის ჰასიდური საზოგადოების პორტრეტს და კლიშეებს მიღმა და ზედმეტი ახსნის გარეშე გვაცნობს მათ რიტუალებსა და ტრადიციებს. მიუხედავად იმისა, რომ საუბარი მეტწილად იდიშზე მიმდინარეობს, ესტის (რომლის როლსაც საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი, შირა ჰაასი ასრულებს) ისტორიის არსი ბევრისთვის იქნება ნაცნობი.
თეატრი — ენდრიუ ლოიდ ვებერის მიუზიკლები
თუკი ენდრიუ ლოიდ ვებერის ყოვლად უჩვეულო მიუზიკლის, კატების, ექსცენტრული კინემატოგრაფიული გამოცდილებით თქვენც მოინუსხეთ, მაშინ იმ ამბით გაგახარებთ, რომ ლეგენდარული მიუზიკლების კომპოზიტორი უფასოდ გვაძლევს თავისი სხვა — სიმართლე ითქვას, ნაკლებად ახირებული — მიუზიკლების ონლაინ ყურების საშუალებას. ყოველ პარასკევს ის 48 საათით აქვეყნებს თავისი მიუზიკლების ვიდეოჩანაწერებს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ იუთუბის არხზე, The Shows Must Go On.
მუსიკა — ლონდონის სიმფონიური ორკესტრი
მაშინ, როცა კლასიკური მუსიკის ცოცხლად შესრულება შეუძლებელია, ლონდონის სიმფონიური ორკესტრი ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით და კვირაობით აქვეყნებს თითო კონცერტს საკუთარი არქივიდან. უწყვეტი დაკვრის პროგრამა აგრეთვე მოიცავს შემსრულებლებთან ინტერვიუებს, სახლში მყოფთათვის შედგენილ მუსიკალურ სიებს და სხვადასხვა აქტივობას მუსიკის ახალგაზრდა გულშემატკივრებისათვის (მათ შორის, ფიზიკური დისტანცირებისთვის გამოსადეგ სიბელიუსის რჩევებს). ამ ვებგვერდზე კლასიკური მუსიკის თემატიკის ვიქტორინაც კი არის შექმნილი.
თქვენ უკვე შეგიძლიათ მოისმინოთ ვერდის რეკვიემი, სტრავინსკის საბალეტო მუსიკა სერ საიმონ რეტლის დირიჟორობით, რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტი და მალერის მეორე სიმფონია.
ხელოვნება — ტეიტი, ორსეის მუზეუმი და კორტოულდის გალერეა
გაერთიანებული სამეფოს ტეიტის გალერეამ უფასო ონლაინტურები ენდი უორჰოლის და ობრი ბერდსლეის გამოფენებით დაიწყო. ხელოვნებათმოყვარულებს კურატორის ხელმძღვანელობით შეუძლიათ დაათვალიერონ ექსპოზიციები, რომლებიც ვიდეოს სახით მანამდე ჩაიწერა, სანამ გალერეა დაიხურებოდა. ამასთანავე, ტეიტის ვებგვერდზე სტატიების წაკითხვაცაა შესაძლებელია, ხოლო იუთუბის არხზე განთავსებული გზამკვლევები სხვადასხვა ხელოვანივით ხატვას გვასწავლიან.
თუკი იმპრესიონიზმით ხართ დაინტერესებული, მაშინ შეგიძლიათ, ვირტუალურად ესტუმროთ ორსეის მუზეუმს პარიზში, სადაც მონეს, რენუარის და ვან გოგის შედევრებს აქვთ ბინა დადებული. ხოლო ლონდონის კორტოულდის გალერეაში შეგიძლიათ, თვალი შეავლოთ ისეთ შედევრებს, როგორებიცაა მანეს ბარი ფოლი-ბერჟერში ან დეგას ორი მოცეკვავე სცენაზე.
წიგნი — ბექა ადამაშვილის ბესტსელერი და ამ რომანში ყველა კვდება
წიგნის მოყვარულებისთვის საქართველოში ელექტრონული წიგნების სახლმა, საბამ პლატფორმაზე არსებულ 6 ათასამდე წიგნზე 16 მარტიდან 1 მაისამდე წვდომა უფასო გახადა. მაშინ, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ამჯობინებს, კარანტინში აპოკალიფსური ჟანრის ლიტერატურა იკითხოს და საყურებლადაც მოსიარულე მკვდრებზე აჩერებს არჩევანს, მკითხველების მეორე ნაწილი თავშესაქცევ საკითხავს ეძებს, რომლითაც დროის მხიარულად გატარებასა და სტრესის შემცირებას შეძლებს.
ქართველი ავტორის, ბექა ადამაშვილის წიგნები ბესტსელერი (2014) და ამ რომანში ყველა კვდება (2018) სატირულ-იუმორისტული ლიტერატურისა და ფენტეზის ჟანრის ნაზავია და ორივე არაორდინალური სიუჟეტითა და ორიგინალური თხრობის მანერით გამოირჩევა. ბესტსელერში აღწერილია მოგზაურობა ლიტერატურულ ჯოჯოხეთში, სადაც ბევრ ნაცნობ სახელს წააწყდებით — ისინი ისევე იტანჯებიან იქ, როგორც მათი დაწერილი წიგნები ტანჯავდნენ და ტანჯავენ მკითხველებს. ამ წიგნით ავტორი საბას და წინანდლის პრემიის ნომინანტი გახდა. ამ რომანში ყველა კვდება ავტორის მეორე წიგნია, რომელიც ასევე გამოირჩევა უჩვეულო სიუჟეტით და წიგნის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საინტერესო — ბესტსელერის არ იყოს — ლიტერატურული ალუზიების სიმრავლის გამო არის. წიგნის გამოქვეყნების შემდეგ ბექა ადამაშვილი პირველი ქართველი ავტორი გახდა, რომელმაც ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი მიიღო.
კომედიური ფილმი — ბეწვიანების შურისძიება (Furry Vengeance)
ვენეციის არხებში თევზების დაბრუნება და ქალაქების დაცარიელებულ ქუჩებში გარეული ცხოველების გამოჩენა კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად ვერ ვცხოვრობთ ჰარმონიაში ბუნებასთან და იმ გარემოსთან, რომელსაც კაცობრიობის მომხმარებლური კულტურა, განზრახ თუ უნებლიეთ, თანდათანობით ანადგურებს. ამასთან, COVID-19-ის გამოჩენისთანავე განვითარდა თეორიები ცხოველებსა და ვირუსს შორის შესაძლო კავშირზე — მათ შორის, ეგრეთ წოდებული სველი ბაზრების როლზე ახალი დაავადებების მასობრივად გავრცელებაში.
ის, თუ რამდენად არ ვუფრთხილდებით გარემოს და ცხოველებს, იუმორის საშუალებით არის გადმოცემული 2010 წლის ფილმში, ბეწვიანების შურისძიება, რომელშიც მთავარ როლს ბრენდან ფრეიზერი თამაშობს. როცა ფრეიზერის პერსონაჟი, უძრავი ქონების დეველოპერი დენ სენდერსი, როკ-სპრინგსის ტყეში ახალ პროექტს წამოიწყებს, ცხოველები გადაწყვეტენ, რომ თავიანთ საცხოვრებელს უბრძოლველად არ დათმობენ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის შემოსავალი დიდად არ აღემატებოდა მის ბიუჯეტს, იგი დროის სასიამოვნოდ გატარებაში ნამდვილად დაგეხმარებათ და იმაზეც დაგაფიქრებთ, თუ სად გადის ზღვარი ადამიანის დაუსრულებელ მოთხოვნებსა და პლანეტის მომავალს შორის.
პოპ-მუსიკა — OneRepublic-ის Better Days
ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ადამიანებს მოუწიათ, თავიანთი ყოველდღიურობა სახლის კედლებში გადაეტანათ, რამაც ბევრ მათგანში მნიშვნელოვნად გაზარდა სტრესის დონე. თუმცა ხელოვანების ნაწილისთვის არსებული სიტუაცია შთაგონების წყაროდაც იქცა. ამერიკული პოპ-როკ ჯგუფის, OneRepublic-ის ახალი სიმღერა, უკეთესი დღეები (Better Days), რომელიც 25 მარტს გამოვიდა, სწორედ კარანტინის დროს შეიქმნა, რომელშიც ჯგუფის სოლისტი და რამდენიმე წევრი ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მართალია, სიმღერის მისამღერი ცხრა თვით ადრე დაიწერა, თუმცა დროისთვის ყველაზე შესაფერისად ეს სიტყვები სწორედ მსოფლიოსთვის განსაკუთრებით რთულ პერიოდში იქცა:
"ყოველი დღე კიდევ ერთ ქარიშხალს ჰგავს,
მხოლოდ იმას ვცდილობ, არ გავგიჟდე[...]
მე მჯერა, რომ უკეთესი დღეებიც იქნება".
აღსანიშნავია, რომ სიმღერის შემოსავლის ნაწილი 2020 წლის სექტემბერში იმ არტისტებისთვის შექმნილ ფონდში გადაირიცხება, რომელთა საქმიანობაც ყველაზე მეტად დააზარალა პანდემიამ.
ახალი ფილმი — დანები მოიმარჯვეთ (Knives Out)
ჯეიმს ბონდის მომდევნო ფილმისთვის კი მოგვიწევს დიდხნიანი ლოდინი, თუმცა მანამდე დენიელ კრეიგის ხილვა 2019 წელს გამოსულ ფილმში, დანები მოიმარჯვეთ, შეგვიძლია. ეს რაიან ჯონსონის საოცრად ჩახლართული თრილერი გახლავთ: მას შემდეგ, რაც დეტექტივების მწერალს მოკლულს იპოვიან, კრეიგის პერსონაჟი, ფილოსოფიით დაინტერესებული დეტექტივი იმის გარკვევას იწყებს, მსხვერპლის რომელ ხარბ შვილს, შვილიშვილს თუ სხვა ახლობელს მიუძღვის ბრალი ამ დანაშაულში.
ისეთი ვარსკვლავებით დახუნძლული ფილმი, როგორებიც არიან კრის ევანსი, ჯეიმი ლი კერტისი, დონ ჯონსონი და ტონი კოლეტი, აგათა კრისტისეული კლასიკური კრიმინალური საგამოძიებო ისტორიისა და თანამედროვე პოლიტიკური დრამის შესანიშნავი ნაზავია. დანები მოიმარჯვეთ განსაკუთრებით ჩამთრევი მაშინაა, თუკი დამნაშავის ამოცნობას სიუჟეტის განვითარებასთან ერთად თავადაც შეეცდებით. თუმცა ფილმის თავიდან, ყოვლისმცოდნე მაყურებლის პერსპექტივიდან ხილვაც არანაკლებ თავშესაქცევია.
სოციალური მედია
ცნობილი სახეები კარანტინის ჟამს ახალი ამპლუით გვევლინებიან და ცდილობენ, სოციალურ მედიაში თავიანთი გვერდების გამომწერებს საინტერესო თავშესაქცევი შესთავაზონ. მსახიობმა სემ ნილმა გართობის განსაკუთრებით მრავალფეროვანი საშუალებები მოიგონა — იქნება ეს უკულელეზე ცნობილი სიმღერების შესრულება, სტივენ ვებერთან ერთად ექსპერიმენტული ფილმის შექმნა თუ პოეზიის კითხვა. პარალელურად, პატრიკ სტიუარტი ყოველდღიურად გვთავაზობს ციტატებს შექსპირის სონეტებიდან. სადილობისას კი შეგიძლიათ, მასიმო ბოტურას კარანტინის კულინარიას ადევნოთ თვალი ინსტაგრამზე, სადაც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი იტალიელი შეფ-მზარეული კერძების მომზადების პანდემიისას გასათვალისიწინებელ რჩევებს გვიზიარებს; მაგალითად, გვასწავლის, როგორ შეიძლება ნარჩენებისგან რაგუს გაკეთება.
თუ სტრესის მოხსნა სხეულის გავარჯიშებით გსურთ, ქორეოგრაფი და მოცეკვავე დები ალენი თავის ცეკვის გაკვეთილებზე ისეთ მოძრაობებს გვასწავლის, რომ ჩვენ შორის ყველაზე ზარმაცებიც კი ვერ გაუძლებენ აყოლის ცდუნებას. ხოლო თუკი თქვენში მცხოვრები შინაგანი ბავშვის განებივრებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ, ჰოლივუდის წამყვანი მსახიობების მიერ წაკითხულ ძილისპირულ ამბებს მოუსმინოთ ინსტაგრამის ანგარიშზე, Save with Stories. ჯენიფერ გარნერისა და ემი ადამსის თაოსნობით შექმნილი ამ ინიციატივის მეშვეობით შეგროვებული თანხა Save the Children-ისა და No Kid Hungry-ის საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადაირიცხება.
კომენტარები