როგორ შევინარჩუნოთ საღი გონება, როცა გვგონია, რომ სამყარო შეიშალა
ახალი ამბებისა და მათი მყვირალა სათაურების შეუსვენებლად კითხვა ჩვენში ლამის მუდმივად განცდილ შიშს იწვევს. იმის გამო, რომ შემაშფოთებელი ახალი ამბები განუწყვეტლივ ხვდება ჩვენი ტელეფონების, ლეპტოპებისა თუ ტელევიზორების ეკრანებზე, მარტივია, მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე ნერვიულობა მცირე დისკომფორტს გასცდეს და ყოვლისმომცველ გრძნობად იქცეს.
და ხშირად ბევრი ადამიანი სწორედ ასე გრძნობს თავს. ამერიკული ფსიქოლოგიის ასოციაციის 2019 წლის კვლევის, სტრესი ამერიკაში, თანახმად, ამერიკელების 50 პროცენტზე მეტს სურს, რომ ინფორმირებული იყოს მიმდინარე მოვლენების შესახებ, მაგრამ ამასთან ამბობს, რომ საქმის კურსში ყოფნა მისთვის სტრესის წყაროა. თუმცა სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელები მსოფლიოში ყველაზე დასტრესილ ადამიანებს შორის არიან: Gallup-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ში ზრდასრულების 55-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ინტერვიუს წინა დღის განმავლობაში სტრესს განიცდიდა.
დღეს ადვილია ახალი ამბებისთვის თვალის გადავლების მერე იმის დაჯერება, რომ სამყაროს აღსასრული დგება. როდესაც ახალი დიდმასშტაბიანი მოვლენა — ვთქვათ, პანდემია — გავლენას საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე ახდენს, ხალხს მისი ფართოდ და ხშირად განხილვის სურვილი უჩნდება, ამბობს დოქტორი კეტლინ სმიტი, თერაპევტი და წიგნის, ყველაფერი საშინლად არ არის, ავტორი.
ამ მუდმივმა საუბარმა შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური აზრების ზრდა. კატასტროფირება — აზროვნების ის მეთოდი, რომელიც მოვლენათა განვითარების ყველაზე ცუდ სცენარს წარმოიდგენს, არის ევოლუციურად გამომუშავებული პასუხი საფრთხეზე, ამბობს დოქტორი სმიტი: "ადამიანებს ყველაზე საშინელი სცენარის წარმოდგენა შეუძლიათ. ეს არის თვისება, რომელიც ცხოველების უმეტესობას არ გააჩნია. სწორედ ამის გაკეთების და წინასწარი დაგეგმვის უნარი დაგვეხმარა გადარჩენაში. ხელის შემშლელად კი ეს თვისება იმიტომ იქცა, რომ თანამედროვე ყოფაში ჩვენ ძალიან ბევრი რეალობაზე დაფუძნებული პრობლემა გვაქვს, რომელთა გადაჭრაც დაუყოვნებლად გვესაჭიროება".
თუმცა განსაკუთრებით სტრესული პერიოდის დროსაც კი არსებობს გამკლავების გზები და საშუალებები, რათა თავს შევახსენოთ, რომ დედამიწა ბრუნვას განაგრძობს.
რატომ ვახდენთ კატასტროფირებას
"როდესაც ადამიანები კატასტროფირებას იწყებენ, მრავალი თვალსაზრისით, ეს სიტუაციაზე კონტროლის აღდგენის არასათანადო საშუალება არის ხოლმე", — ამბობს დოქტორი დეივიდ როსმარინი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიის დეპარტამენტიდან.
როდესაც ცხოვრება უკონტროლო ხდება, ჩვენ ვცდილობთ ემოციების რეგულირებას. მაგრამ არაპროგნოზირებად პერიოდში კონტროლის მოსაპოვებლად საბოლოო მარცხისა და განწირულობის მოლოდინი არაეფექტიანია. ყველაზე ცუდი სცენარის წარმოდგენამ არაგონივრული გადაწყვეტილების მიღება შეიძლება გამოიწვიოს, გვიხსნის დოქტორი როსმარინი: "ხალხი 'რა აზრი აქვს რაიმეს ცდას' განწყობისკენაა მიდრეკილი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს უიმედობას და სასოწარკვეთას".
ზოგჯერ შესაძლოა ჩვენი კატასტროფული წინასწარმეტყველება მისი ახდენის საფუძვლადაც კი იქცეს. მაგალითად, ფართოდ გავრცელებულმა პანიკამ ტუალეტის ქაღალდის გაქრობის შესახებ შედეგად გამოიღო ის, რომ ხალხმა ამ პროდუქტის დიდი რაოდენობით შეძენა დაიწყო, რამაც შექმნა კიდეც დეფიციტი. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გადავწყვიტოთ პრობლემა, მიუხედავად იმისა, რეალურია ის თუ არა", — ამბობს დოქტორი სმიტი.
შეეგუეთ გაურკვევლობას
მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი მოვლენები შემაძრწუნებელ სურათს ხატავს, ჩვენ შედარებით უსაფრთხო დროში ვცხოვრობთ. საუკუნეზე ნაკლები ხნის წინ გლობალური ომის მუდმივი საფრთხე ისეთი რეალური იყო, როგორ მდგომარეობასაც ჩვენ ახლა მიჩვეულნი არ ვართ. ამასთან, იმ დროს ყოველწამიერად განახლებადი ახალი ამბები არ იყო, რომ ხალხში გამუდმებით დაეთესა შიში.
უსაფრთხოების მსგავსი ზოგადი შეგრძნების გამო ჩვენ არ გვაქვს გამომუშავებული გაურკვევლობასთან გამკლავების უნარები. "იმისთვის, რომ უკეთ გავუსწოროთ თვალი არაპროგნოზირებად მომავალს, კონტროლის ქონის მოთხოვნილებას უნდა შეველიოთ", — ამბობს დოქტორი როსმარინი, — "და შევინარჩუნოთ რწმენა, რომ ზემოთ მდგომი ძალები ფართომასშტაბიანი საკითხების გადასაჭრელად მუშაობენ. ამას ჩვენ ქვეცნობიერად ყოველთვის ვაკეთებთ, მაგალითად მაშინ, როცა ვიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ვსხდებით თვითმფრინავებში. როდესაც პილოტის კაბინის კარი იხურება, მე პილოტის ხელში ვათავსებ ჩემს უსაფრთხოებას და მიხარია, რომ თვითმფრინავს თავად არ ვმართავ, რადგან ამის უნარი არ შემწევს და არც სხვა მგზავრები მანდობდნენ ამ როლს".
ჩაეჭიდეთ ფაქტებს
"შფოთვა თავს უძლურად გვაგრძნობინებს", — ამბობს დოქტორი სტივენ სტოსნი, თერაპევტი, რომელმაც შემოიღო ტერმინი სათაურის სტრესული აშლილობა, რაც ახალი ამბებით დაბადებულ სტრესის გრძნობას მიემართება. უძლურების გრძნობა, თავის მხრივ, იმის შიშს აჩენს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ საშინელი მოვლენის შედეგებთან გამკლავებას — იქნება ეს უმუშევრობა თუ ავადმყოფობა. ამასთან, ჩვენ ვაზვიადებთ საფრთხის სიმძიმეს და ვაკნინებთ მასთან გამკლავების ჩვენს უნარს. "ჩვენ იმაზე უკეთესად შეგვიძლია რთულ სიტუაციებთან გამკლავება, ვიდრე გვგონია", — გვეუბნება დოქტორი სტოსნი, — "სწორედ ამ დაუფასებელ უნართა მეშვეობით ვახერხებთ გადარჩენას".
იმის მაგივრად, რომ თავი უძლურად იგრძნოთ, გაუზვიადებლად გაიაზრეთ, მოცემულ მომენტში რა შეესაბამება სიმართლეს — ეს დამშვიდებაში დაგეხმარებათ. გაუმეორეთ საკუთარ თავს: მე ჯანმრთელი ვარ, მყავს ოჯახი, ჯერ კიდევ შემიძლია გემრიელი საჭმელების კეთება.
"რეალობისთვის თვალის გასასწორებლად საკუთარ თავს დაუსვით ისეთი კითხვები, როგორიცაა რა პასუხისმგებლობები მაკისრია საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების მიმართ? და რა რეალური პრობლემების მოგვარება მჭირდება დღეს?", — გვირჩევს დოქტორი სმიტი, — "ჩემთვის მსგავსი მიდგომა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების მაჩვენებელია, რადგან თქვენ რეაგირებას ახდენთ რეალობაზე და არა — ტვინში დაბადებულ კოშმარზე, რომელზე აყოლაც ძალიან მარტივია. თუ დაიჯერებთ, რომ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება, ამით საკუთარ თავს სიტუაციასთან გამკლავების შესაძლებლობას მოუსპობთ. თქვენ ადგილზე გაიყინებით, რადგან პრობლემა თქვენს თვალში გადაულახავი გახდება".
მოერიდეთ "ყველაფერი ან არაფერი" ტიპის ფიქრებს
როდესაც ახალი ამბები და ფაქტები მუდმივად იცვლება, ადვილია დაუსაბუთებელი დასკვნების გამოტანა და ინფრომაციის ჩვენი ვარაუდებით შევსება, გვაფრთხილებს დოქტორი სმიტი. თუმცა ჩვენ მიმდინარე მოვლენებს შავ-თეთრად არ უნდა შევხედოთ. აბსოლუტისტური, იმავე "ყველაფერი ან არაფერი" ტიპის აზროვნება არ წარმოადგენს სიტუაციასთან გამკლავების ჯანსაღ გზას. 2018 წელს მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ფიქრთა მსგავსი წყობა დეპრესიით დაავადებულებს შორისაა გავრცელებული.
მსგავსი აზროვნების თავიდან ასაცილებლად კონცენტრირდით მოვლენების დეტალებსა და მათ გამომწვევ მიზეზებსა თუ შედეგებზე. მაგალითად, როცა რაიმე ღონისძიების გაუქმების შესახებ გაიგებთ, ამის გამო არ უნდა ჩათვალოთ, რომ სამუდამო იზოლაციისთვის ვართ განწირულები — ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოთა და ჯანდაცვის სისტემათა მესვეურები ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. დოქტორი სმიტი გვთავაზობს, მსგავსი დამსტრესავი აზრები ჩამოვწეროთ ან დავარქვათ შფოთვას სახელი. "მე მას კარლს ვეძახი", — დასძენს ის, — "კარლი ამბობს, რომ, შესაძლოა, სამყაროს აღსასრული დადგეს — და ეს მაფიქრებინებს, რომ კარლი ალბათ აზრზე არ არის, რას ლაპარაკობს. ზოგჯერ ცოტაოდენი იუმორის მოხმობა დაგეხმარებათ".
იზრუნეთ საკუთარ თავზე
კვლევებმა აჩვენა, რომ შფოთვა გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღების უნარზეც. ისეთ სტრესულ პერიოდში კი, როგორშიც ახლა ვიმყოფებით, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ერთიორად მნიშვნელოვანია. იზრუნეთ საკუთარ თავზე, რათა საუკეთესო ფორმაში იყოთ. ამისათვის თავის მოვლის ისეთ ელემენტარულ წესებს უნდა მისდიოთ, როგორიცაა ვარჯიში, ღრმა ძილი და სოციალური ურთიერთობები — თუნდაც ტელეფონით და ვიდეოზარით. ასევე, შეიძლება დაგჭირდეთ სოციალური მედიის ცოტა ხნით გვერდით გადადება ან გზების პოვნა, რათა ეს გამოცდილება ნაკლებად სტრესული გახადოთ.
და ალბათ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ზედმეტად მკაცრად ნუ განსაჯით საკუთარ თავს.
"ნუ გადაჰყვებით დარდს", — გვაფრთხილებს დოქტორი სტოსნი, — "ეს კარგს არავის არაფერს მოუტანს".
მაშინაც კი, როდესაც ჯგუფური შეხვედრები შეუძლებელია, გამოიყენეთ ვიდეოზარები და ტექსტური შეტყობინებები, გვთავაზობს დოქტორი როსმარინი: "რადგან ფიზიკურად იზოლირებულნი ვართ, არ ნიშნავს იმას, რომ სოციალურადაც იზოლირებულნი უნდა გავხდეთ".
მაგრამ გახსოვდეთ, რომ რაღაც ეტაპზე ტექნოლოგიას უნდა მოვშორდეთ ხოლმე. დოქტორი როსმარინი მსგავსი კრიზისის დროს გვთავაზობს, ტელეფონებს და ახალი ამბების სხვა წყაროებს დაძინებამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე მოვერიდოთ.
ჩაერთეთ ქველმოქმედებაში
გაეცით თანხა იმ საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის, რომელიც თქვენი აზრით საჭირო საქმეს აკეთებს ან დაეხმარეთ კონკრეტულ ინდივიდებს, რომლებსაც თქვენზე მეტად უჭირთ. მსგავსი საქველმოქმედო ან მოხალისეობრივი ჩართულობა არა მხოლოდ ამცირებს დეპრესიის რისკს და გვაძლევს მიზანს, არამედ მას სტრესის დონის შემცირებაც შეუძლია.
"ყველა შედეგის მომცემი ქმედება თავს უკეთ გაგრძნობინებთ", — ამბობს დოქტორი სტოსნი, — "ეს დაგეხმარებათ, უკუაგდოთ უძლურების შეგრძნება ან შფოთვა — რაც უნდა უმნიშვნელო იყოს ის".
და არაფერი უშავს, თუ ამ საქველმოქმედო საქმიანობას მეგობრებთან ვირტუალური შეხვედრით აღნიშნავთ ან თავს დესერტით დააჯილდოებთ.
კომენტარები