მართალია, სხვა უამრავი კინოსტუდიისა თუ სტრიმინგ სერვისის მსგავსად საყოველთაო იზოლაციის გამო ვერც ნეტფლიქსი ახერხებს ახალ თუ მიმდინარე პროექტებზე აქტიურ მუშაობას, თუმცა ეს ხელს სულაც არ უშლის, რომ სამომავლო გეგმები უკვე დასახოს.

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სტრიმინგ სერვისის მომავალ პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი ცნობილი წიგნების სერიის The Enola Holmes Mysteries მიხედვით გადაღებული ფილმი იქნება, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარული ლიტერატურული გმირის, შერლოკ ჰოლმსის უმცროსი დის ისტორიას მოგვითხრობს.

რაც ყველაზე მთავარია, ფილმში მთავარ როლს ახლგაზრდა მსახიობი მილი ბობი ბრაუნი მოირგებს, რომელიც მაყურებლების უმეტესობამ სწორედ ნეტფლიქსის ცნობილ სერიალში Stranger Things შესრულებული როლით შეიყვარა.

ფილმის სიუჟეტი 16 წლის ენოლა ჰოლმსის ირგვლივ განვითარდება, რომლის დედაც მოულოდნელად გაუჩინარდება. მიუხედავად იმისა, რომ ის თავდაპირველად თავისი უფროსი ძმისგან, შერლოკ ჰოლმსისგან ელოდება სათანადო დახმარებას, საბოლოოდ მაინც თავად შეძლებს ამ იდუმალებით მოცულ ამბავს ფარდა ახადოს.

აღსანიშნავია, რომ ფილმში მილი ბობი ბრაუნთან ერთად ვიხილავთ ისეთ ცნობილ მსახიობებსაც, როგორებიც არიან ჰენრი კავილი და ჰელენა ბონემ კარტერი: კავილი შერლოკ ჰოლმსის როლს შეასრულებს, კარტერი კი მათი საერთო დედის.

ამ ახალი ფილმის რეჟისორი ჰარი ბრედბირია, რომელსაც აქამდე ისეთი ცნობილი სერიალები გადაუღია, როგორებიცაა Fleabag და Killing Eve. პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა მასზე მუშაობის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.