შავ ხვრელთან "მოცეკვავე" ვარსკვლავი — აინშტაინის თეორია კიდევ ერთხელ დასაბუთდა
ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა Sagittarius A*-ს გარშემო მბრუნავი ვარსკვლავის, S2-ის შესწავლა მოახერხეს. ვარსკვლავს 27 წლის განმავლობაში ჩილეში მდებარე მაღალი სიზუსტის ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ტელესკოპით აკვირდებოდნენ.
შავი ხვრელის გარშემო S2 ერთ სრულ ბრუნს 16 წელს ანდომებს და იგი ერთ-ერთია იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებიც Sagittarius A*-თან ყველაზე ახლოს მდებარეობენ.
Sagittarius A*-ს მასა ოთხი მილიონი მზის მასის ტოლია, მის გარშემო მბრუნავი S2 კი, აინშტაინის მიხედვით, გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევა. ერთ-ერთი თავისებურების თანახმად, ვარსკვლავის კვერცხის ფორმის ორბიტა კოსმოსში ფიქსირებული არ რჩება — იგი პარალელურად შავი ხვრელის გარშემო მოძრაობს.
შავ ხვრელთან ვარსკვლავის ყველაზე ახლო წერტილი, იგივე პერიჰელიუმი, წრეში წინ დაახლოებით 12 მინუტით მიიწევს, ასეთი სიჩქარით კი ორბიტა სრულ მარყუჟს 28 800 წელიწადში შეასრულებს.
ეს აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიისთვის კიდევ ერთი მიღწევაა. შავი ხვრელები კი, რომლებიც იმდენად მკვრივები არიან, რომ სინათლესაც ისრუტავენ, ამ თეორიის ერთ-ერთი დასკვნაა. კიდევ ერთი დასკვნა ისაა, რომ ორბიტები განსაკუთრებულად მკვრივი ობიექტების გარშემო უმოძრაო მდგომარეობაში არ იმყოფებიან — ისინი ამ ობიექტების გარშემო "დაცურავენ".
ასტრონომებმა დიდი ხანია იციან, რომ ჩვენს მზის სისტემაში მდებარე პლანეტა მერკურიც სწორედ ასე იქცევა. მისი პერიჰელიუმი წინ მიკროსკოპული რაოდენობით, საუკუნეში 43 სეკუნდით მიიწევს. ასტრონომები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხსნიდნენ თუ რატომ. 1915 წელს აინშტაინმა თავისი თეორია გამოთვლებით მერკურიზე გამოსცადა და სწორი შედეგები მიიღო.
ხოლო აინშტაინის გამოთვლებიდან საუკუნეზე დიდი ხნის შემდეგ, მაქს პლანკის ინსტიტუტის ასტრონომმა რეინარდ გენზელმა განაცხადა, რომ მათ მსგავსი მოვლენა ირმის ნახტომის ცენტრშიც დააფიქსირეს. გენზელის მიხედვით, S2, შესაძლოა, ზონდად გამოიყენონ, რათა შავი ხვრელის შესახებ ბევრად მეტი რამ გაიგონ, მაგალითად, როგორ ტრიალებს იგი და ა.შ.
გენზელმა და მისმა კოლეგებმა კვლევა 16 აპრილს, ჟურნალ Astronomy and Astrophysics-ში გამოაქვეყნეს.
კომენტარები