ჯერჯერობით კვლავ არ ვიცით, თუ როგორ გამოიყურება PlayStation 5, თუმცა სონიმ მომდევნო კონსოლის ჯოისტიკი — DualSense უკვე წარმოგვიდგინა. სონის კონსოლების 25-წლიან ისტორიაში ეს ჯოისტიკის "სტანდარტული" დიზაინიდან ყველაზე დიდი გადახვევაა.

ჯოისტიკში განახლებულია ვიბრაციის მოდული, ასევე, დამატებულია ადაპტური ღილაკები, რაც ნიშნავს, რომ მათზე დაჭერისას "წინაღობის" სხვადასხვა დონეს მიღებას, თამაშის კონტექსტიდან გამომდინარე. პრიველად, კონტროლერში ჩამონტაჟებულია მიკროფონი, ასევე, შეხვდებით USB-C პორტს.

Share ღილაკი Create-ით ჩანაცვლდა, რაც მოთამაშეებს გეიმპლეის ჩაწერისა და შთამბეჭდავი მომენტების სხვებისთვის გაზიარებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

DualShock 4-ის გარკვეული მახასიათებლები კვლავ შენარჩუნებულია, მაგალითად, ცენტრალური ტაჩპედი და მანათობელი შტრიხი. ასევე, კვლავ დაცულია ღილაკების განლაგების სიმეტრიულობაც.

კონტროლერის შესახებ დამატებითი დეტალები, მაგალითად, ფასი, კვლავ უცნობია. ასევე გაურკვეველია თუ შემოგვთავაზებს სონი განსხვავებული ფერის ჯოისტიკებსაც. ამ და სხვა დეტალებს კომპანია ფარდას, სავარაუდოდ, PlayStation 5-ის წარდგენისას, შემოდგომაზე ახდის.