"ადამიანთა უმრავლესობა იმდენად არის ბედნიერი, რამდენადაც ეს თავის გონებაში წარმოუდგენია", — ასე ფიქრობდა ამერიკის რიგით მეთექვსმეტე პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი, ერთ-ერთი იმ მოაზროვნეთაგანი, რომელსაც გათავისებული ჰქონდა მენტალური განწყობის სასიცოცხლო მნიშვნელობა და სჯეროდა, რომ თითოეული ინდივიდის ცხოვრების ხარისხს მისივე გაბატონებული ემოციები და ფიქრები განსაზღვრავდა.

შესაძლოა, არასოდეს დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს განწყობა ადამიანთა ყოფაში; ან არასოდეს გაგივლიათ გონებაში ის აზრი, რომ თქვენი ამჟამინდელი ცხოვრება გარკვეულწილად წარსული ფიქრების ნაყოფი და ხორცშესხმაა. თუმცა ამ საკითხით სხვადასხვა ცნობილი მოაზროვნე თუ საზოგადო მოღვაწე საუკუნეებია, ინტერესდება. ამაზე მოწმობს განწყობის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული უამრავი საყურადღებო აზრი და ფრაგმენტი, რომლებიც მიმოფანტული და ჩამალულია როგორც ანტიკურ მსოფლიო ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში, ისე უძველეს რელიგიებში, ხელოვნებასა თუ ფილოსოფიაში.

მაგალითად, ისეთი გამორჩეული პოეტი, როგორიც უილიამ შექსპირია, ამ საკითხზე საკუთარ სონეტებში საუბრობდა; გენიოსი მუსიკოსი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, მასზე თავის მოსაზრებებს მუსიკით გადმოსცემდა; მრავალი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანი, ლეონარდო და ვინჩი კი განწყობის საკითხთან დაკავშირებულ ნააზრევს ნახატებზე აღბეჭდავდა; ამასთან, სხვა ისეთი მოაზროვნეებიც, როგორებიც არიან სოკრატე, პლატონი, პითაგორა, გოეთე თუ ჰიუგო, ამ თეორიას თავიანთ შემოქმედებაში აანალიზებდნენ.

ფოტო: Brigitte La

დღეისათვის განწყობის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან ამ ფენომენით მოაზროვნეების გარდა, რიგითი ადამიანებიც დაინტერესდნენ. ამაზე მეტყველებს იმ წიგნების პოპულარობა, რომელთა ავტორებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს დადებითი ემოციური მზაობის მთელი სიკეეთები და გადაწყვიტეს, რომ თავიანთი გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინათ. რონდა ბერნისა და ბრაიან თრეისის ბესტსელერი წიგნები ამის ნათელი მაგალითებია. ორივე ავტორი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი სახის წარმატების მთავარი გასაღები პოზიტიური აზროვნებაა.

ამ მოსაზრების დამაჯერებლობის შესაფასებლად თვალი შევავლოთ განწყობის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებულ გამორჩეულ ნამუშევრებს.

განწყობის თეორია ფსიქოლოგიაში და მისი ზოგადი განსაზღვრება


ჯერ კიდევ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის განვითარების ადრეულ ეტაპზე გამოითქვა შეხედულება, რომ ზოგიერთი მოვლენა ადამიანების ილუზიის შედეგია და გაჩნდა იდეა, რომ ინდივიდების მიზანმიმართულ ქცევებსა და განწყობას შორის არსებული კავშირი შესწავლილიყო.

დღეისათვის ტერმინი "განწყობა" ფსიქოლოგიაში უამრავი მნიშვნელობით გვხვდება. ის შეიძლება აღნიშნავდეს მოლოდინის მდგომარეობას; კონკრეტული აქტივობისადმი დისპოზიციას; სტერეოტიპიას; ინდივიდების ქმედებათა ორიენტაციას; ქცევების განუსაზღვრელობის საფუძველს და სხვა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ტერმინის განმარტებისას ამოსავალი წერტილი შემდეგია — განწყობა, ეს არის ადამიანის წინასწარი მზაობის მდგომარეობა.

დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგია


ფსიქოლოგიაში დიმიტრი უზნაძის წვლილი განუზომელია, ვინაიდან იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ინდივიდის ქცევების მიზანშეწონილობის საკითხი შეისწავლა და გამოააშკარავა, როგორ იმართება ყოველგვარი ქმედება ფსიქიკის მეშვეობით. განწყობის ფსიქოლოგია ორიგინალურ თეორიებს აერთიანებს. მათ შორის გამორჩეულია სიმძიმის, სმენითი, მხედველობითი ილუზიები, რომლებიც, წარმატებული ექსპერიმენტების საფუძველზე, განწყობის როგორც ფსიქიკური მექანიზმის უნივერსალურობას ამტკიცებს.

დიმიტრი უზნაძე (1886-1950 წლები).

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საილუსტრაციოდ, განვიხილოთ წონის ექსპერიმენტი: თუკი ცდისპირი ორივე ხელში განსხვავებული სიმძიმის საგანს დაიკავებს — უფრო კონკრეტულად კი, მარჯვენა ხელში მძიმე ნივთს, ხოლო მარცხენა ხელში შედარებით მსუბუქს — და ამასთან, ამ ამოცანას რამდენიმეჯერ გაიმეორებს, მაშინ მას ჩამოუყალიბდება ჩვევა: კერძოდ, მარჯვენა საგნის ასაწევად ბევრად ძლიერი კუნთური იმპულსი მობილიზდება, ვიდრე მარცხენასი.

თუკი ექსპერიმენტის მონაწილე ამ მოძრაობებს საკმარისი რაოდენობით გაიმეორებს და ამის შემდეგ ექსპერიმენტატორი მის ტვირთს თანაბარი წონის საგნებით შეცვლის, ცდისპირს, წინასწარ აღმოცენებული ილუზიის წყალობით, ნივთები მაინც არათანაბარი წონის მოეჩვენება. კერძოდ, მარცხენა ხელში უფრო მსუბუქად აღიქვამს ტვირთს, ვიდრე მარჯვენაში. მსგავსი შედეგის გამომწვევი მიზეზი ის გახლავთ, რომ ექსპერიმენტის მონაწილის მოქმედება შეესაბამა მისივე წინასწარ ჩამოყალიბებულ განწყობას, ეს კი ცხადყოფს, რომ სწორედ განწყობა უსწრებს წინ და გარკვეულწილად განსაზღვრავს ადამიანის ქცევებს. მსგავსი ტიპის შემთხვევები დღეს მეცნიერებაში უზნაძის ეფექტის სახელით არის ცნობილი.

რონდა ბერნის საიდუმლო


"რაც ზემოთაა, ისაა ქვემოთ; რაც შიგნითაა, ისაა გარეთ", — ეს სიტყვები ძველი წელთაღრიცხვით 3 ათასი წლით დათარიღებულ ქვის სვეტზე, მარგალიტის ფურცელზე არის ამოტვიფრული და რონდა ბერნის წიგნს, საიდუმლოს წინასიტყვაობად აქვს წამძღვარებული. საიდუმლო განსხვავებულ სფეროებში მოღვაწე 24 მენტორის მოსაზრებებს აერთიანებს. ეს ადამიანები პირადი გამოცდილების საფუძველზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ გაბატონებული ფიქრი ან აზრობრივი განწყობა მისი მსგავსი მოვლენების მიმზიდველი ერთგვარი მაგნიტია და რომ ჩვენს ცხოვრებაში რაიმე იქამდე არ მოხდება, სანამ მას მტკიცე ფიქრებით არ მოვიხმობთ.

ამ თეორიის თანახმად, განწყობის მატერიალიზების პროცესს სამყაროში მოქმედი უდიდესი ძალის, მიზიდულობის კანონის მსგავსი ფენომენი უზრუნველყოფს. პრინციპი მარტივია: თქვენი გაბატონებული ფიქრები კოსმოსში იგზავნება და ჯერ იმავე სიხშირის ფიქრებს იზიდავს, ხოლო შემდეგ — მოვლენებს. შესაბამისად, რაზეც ყველაზე ხშირად ხართ კონცენტრირებული, უკან სწორედ იმას იღებთ. "თუ რაიმეს ხედავთ წარმოსახვაში, მას მალე ხელში დაიჭერთ", — ამბობს ერთ-ერთ მენტორი, ბობ პროკტორი.

ფოტო: Banksy

ამავე თეორიის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არის ეს პრინციპი ყველა შემთხვევაში ერთნაირად წარმატებული, ისაა, რომ ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს არა იმაზე, თუ რა უნდა, არამედ, პირიქით — იმაზე, თუ რა არ სურს. მართლაც, ჩვენ ხშირად კონცეტრირებულები ვართ ისეთ შემთხვევებზე ფიქრზე, რომელთა ცხადში ახდენაც არ გვსურს; მაგალითად, საცობში მოხვედრაზე, შეხვედრებზე დაგვიანებაზე, გამოცდაში არასასურველი ქულის მიღებაზე, ურთიერთობების დანგრევაზე და სხვა. ეს კი, ბერნის თანახმად, ხდება იმ მოცემულობის ფონზე, როცა "მიზიდულობის კანონი" მიუკერძოებელია და ვერ მიჯნავს კარგსა და ცუდს. შესაბამისად, იგი ერთნაირად ასხამს ხორცს ნებისმიერი სიხშირის განწყობას — არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ გსურთ თუ არა ეს.

ამგვარად, ინდივიდების მთავარი ამოცანა ის უნდა იყოს, რომ მხოლოდ იმაზე კონცენტრირდნენ, რისი რეალობად ქცევაც უნდათ. საბედნიეროდ, გვეუბნებიან თეორიის დამცველნი, "მიზიდულობის კანონი" მყისიერად არ მოქმედებს, ამისათვის მას გარკვეული პერიოდი სჭირდება, რაც კიდევ უფრო მეტ საშუალებს აძლევს ადამიანებს, ცხელ გულზე წარმოქმნილი მავნე ან სულაც ბუნდოვანი სურვილები სწორად გადააფასონ.

ფიქრების მატერიალიზების პროცესი სამი ძირითადი ნაბიჯისგან შედგება:

  • თხოვნა

პირველ რიგში, მენტორები გვირჩევენ, რომ მნიშვნელოვანია, საკუთარ სურვილებში გავერკვეთ და სამყაროს კონკრეტული თხოვნით მივმართოთ. თუკი საწადელი ბუნდოვანი იქნება, მაშინ "მიზიდულობის კანონიც" გაურკვეველ შედეგებს მოიზიდავს. ამგვარად, აუცილებელია, რომ კარგად აწონ-დაწონოთ და გადაახარისხოთ საკუთარი თხოვნები. შეგიძლიათ, მაგიდასთან მოკალათდეთ და სურვილების სია ჩამოწეროთ. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, ახლანდელ დროში წეროთ; მაგალითისთვის, ასე: "გამოცდა კარგად ჩავაბარე და ძალიან ბედნიერი ვარ..."

  • რწმენა

მეორე ნაბიჯია, რომ ურყევად ირწმუნოთ იმის მატერიალიზების, რაც გინდათ, რომ ცხადში ასრულდეს. ამისათვის საჭიროა, აბსოლუტურად გჯეროდეთ სასურველის მიღების და ერთი წამითაც კი არ შეიტანოთ ეჭვი მის განხორციელებაში. "თქვენად დაიგულედ ის, რაც გსურთ.... იფიქრეთ მასზე, როგორც თქვენსაზე, რომელიც უკვე თქვენს განკარგულებაშია", — ამას გვირჩევს ერთ-ერთი მენტორი, ლიზა ნიკოლსი. ფაქტობრივად, ამ ნაბიჯის მთავარი პრინციპია, რომ ისე მოიქცეთ, თითქოს საწადელი უკვე თქვენ ხელთაა.

  • მიღება

საბოლოო ნაბიჯი მოითხოვს, რომ მატერიალიზების პროცესში რწმენასთან ერთად პოზიტიური განწყობაც გქონდეთ და საკუთარ თავში სასურველის მიღებით გამოწვეული ემოციები წინასწარ გააღვიძოთ. ეს, მენტორთა რწმუნებით, დადებით სიხშირეზე გადაგრთავთ და "მიზიდულობის კანონის" დახმარებით, საწადელის ასრულებაში დაგეხმარებათ.

ფოტო: Alana Peters / WeWork

ბერნი გვირჩევს, რომ მას შემდეგ, რაც სამივე ნაბიჯს წარმატებით გავივლით, კარგი იქნება, თუკი ამ პრაქტიკას ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ვაქცევთ, რადგან ამ გზით პოზიტიურ აზროვნებასაც მივეჩვევით და სანაცვლოდ სასურველსაც მივიღებთ.

რონდა ბერნის ძალა


რონდა ბერნის ძალა, მისი პირველი წიგნის, საიდუმლოს გაგრძელებაა. მის შექმნაში ავტორს ახალი მენტორები, შესაბამისად კი, ახალი ცოდნა და გამოცდილებები დაეხმარა. ძალა უკეთ განავრცობს ფიქრების მატერიალიზების პროცესს და "მიზიდულობის კანონს" ადამიანების ფიქრების ხორცშესხმაზე პასუხისმგებელ მთავარ მექანიზმად განიხილავს.

თუმცა წინამდებარე ნამუშევრისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ავტორისთვის ცენტრალური ადგილი გრძნობებს უკავია. მიზეზი მარტივია: ბერნის ხედვით, სიტყვებსა და ფიქრებს არანაირი ძალა არ აქვს, თუკი მათ შესაბამისი გრძნობები არ ახლავს თან. მთელი დღის განმავლობაში ჩვენს გონებაში უამრავი აზრი წარმოიქმნება, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ისინი გვამახსოვრდება, რომლებმაც ძლიერი ემოციები გამოიწვია.

მენტორებისა და ავტორისთვის გრძნობათა შორის განსაკუთრებით სიყვარულის განცდაა მნიშვნელოვანი. მეტიც, ეს უკანასკნელი "მიზიდულობის კანონთანაა" გაიგივებული და სამყაროში მოქმედ იმ უდიდეს ძალად არის აღიარებული, რომელსაც ადამიანების ცხოვრებაში ყველანაირი პოზიტივის შეტანა ექოს სიზუსტითა და აბსოლუტური ავტომატიზმით შეუძლია. "გიყვარდეთ, რამეთუ როცა გიყვართ, იყენებთ უდიდეს ძალას, რომელიც კი არსებობს სამყაროში", — ამტკიცებს ბერნი და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი საქმის დაგეგმვა-კეთებისას მთავარ ორიენტირს სწორედ გრძნობები და საკუთრივ სიყვარული უნდა წარმოადგენდეს.

მოგვიანებით რონდა ბერნიმ დასკვნითი წიგნი, გმირი გამოსცა და ის ადამიანთა გამოცდილებების გაზიარებას დაუთმო. ამ ისტორიებიდან ჩანს, რომ ყველაზე წარმატებული ადამიანების წარსული ცხოვრებაც კი სავსეა იმედგაცრუებებით და რომ ნებისმიერ ადამიანში იმალება შინაგანი გმირი, რომელსაც დაბრკოლებების შესაძლებლობებად გადაქცევის უნარი შესწევს. "მე ყველანაირი დაბრკოლება მქონდა, რაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად", — ამბობს წიგნში ერთ-ერთი მენტორი, ცნობილი სერფერი ლერდ ჰამილტონი, რომლის წარმატებულ კარიერას მუდმივად გასდევდა ფონად რასობრივი დისკრიმინაცია.

ბრაიან თრეისის აკოცე ბაყაყს

ფოტო: The Lost Stock

"ამქვეყნად იმიტომ ცხოვრობთ, რომ რაღაც შესანიშნავი გააკეთოთ, ბედნიერება და სიხარული გამოსცადოთ, საუკეთესო ურთიერთობას, საუცხოო ჯანმრთელობას, სრულ კეთილდღეობასა და ყველა სურვილის ასრულებას მიაღწიოთ..." — ასე იწყება ამერიკელი გაყიდვების ექსპერტის, ბრაიან თრეისის ნაშრომი, აკოცე ბაყაყს. წიგნი იმ 12 ძირითად ხერხს გვაცნობს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი ცხოვრების უარყოფითი მოვლენების დადებითებად გადაქცევას შევძლებთ.

ამის ფონზე ჩნდება შეკითხვა, თუკი თითოეული ინდივიდის დანიშნულება ბედნიერების მოპოვებაა, მაშინ რატომ ხდება, რომ ადამიანთა უმრავლესობა ამ მიზანს ვერ აღწევს? ავტორს თუ დავუჯერებთ, ამის მიზეზი გაბატონებული ნეგატიური განწყობა და პრობლემებისგან გაქცევის მცდელობებია. საილუსტრაციოდ თრეისი ერთ-ერთ ცნობილ ზღაპარს იშველიებს, რომლის მიხედვითაც, მას შემდეგ, რაც პრინცესა მოჯადოებულ ბაყაყს კოცნის, ეს უკანასკნელი უმშვენიერეს პრინცად გადაიქცევა. ავტორის ხედვით, ბაყაყი ცხოვრებისეული დაბრკოლებაა, კოცნა კი პრობლემებისთვის თვალის გასწორების სიმბოლო. "თავისთავად არაფერია კარგი ან ცუდი, ის მხოლოდ თქვენს ფიქრებში გადაიქცევა ასეთად", — ბრაიან თრეისი შექსპირის ამ ცნობილ სიტყვებს იშველიებს, რითაც გვეუბნება, რომ მხოლოდ პოზიტიურ განწყობასა და პრობლემებთან შეჭიდებას შეუძლია ჩვენი მთავარი ცხოვრებისეული მიზნის, ბედნიერების ცხადში ახდენა.

თუ ზემოთ მოხმობილ ავტორებს დავუჯერებთ, ადამიანის ფიქრები ერთგვარი თესლია, მოსავალი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი მარცვლები ითესება ნიადაგში. შესაბამისად, დადებით სიხშირეზე ყოფნაში შეიძლება იყოს ყველანაირი კეთილდღეობის, ბედნიერებისა თუ წარმატების საიდუმლო. ამ აზრს ისეთი გენიოსები იზიარებდნენ, როგორებიც არიან აინშტაინი, შექსპირი, ბეთჰოვენი, პლატონი, ემერსონი თუ ჰიუგო. ისინი საკუთარ შემოქმედებაში ხშირად საუბრობდნენ პოზიტიური განწყობის აუცილებლობაზე და ამ გზით ცდილობდნენ წარმატების ეს საიდუმლო საზოგადოებისთვისთვისაც გაენდოთ.