10 რჩევა სახლიდან ნაყოფიერად სამუშაოდ
სახლში პროდუქტიულად მუშაობა ბევრისთვის შეიძლება რთული გამოწვევა იყოს. შინ ხომ ათასი წვრილმანი გიფანტავს ყურადღებას და ოფისთან შედარებით ბევრად ნაკლები კომუნიკაციაა შენსა და თანამშომლებს შორის. მაგრამ, საბედნიეროდ, ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ ნაყოფიერად მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან შეძლო.
მნიშვნელობა არ აქვს, დისტანციურად ყოველდღე მუშაობ, კვირაში რამდენიმე დღე თუ დროებით გიწევს თვითიზოლაციაში ყოფნა — ეს რჩევები დაგეხმარება, ასეთ დროს შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენო. საღამოს კი ვერც დაიჯერებ, რამდენი რამის გაკეთება შეძელი სულ რაღაც ერთ დღეში.
1. მკაცრად განსაზღვრე სამუშაო საათები
ეს პროდუქტიული მუშაობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ძნელია, გაუძლო მუშაობის დაწყების, შესვენებისა და დასრულების საათების შერჩევაში საკუთარი თავისთვის სრული თავისუფლების მიცემის ცდუნებას. მაგრამ მკაცრი რუტინის არარსებობით პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებ. კონკრეტული საათების დაწესება პასუხისმგებლობას გმატებს შენი თავისა და უფროსის წინაშე. ასე მეტი შანსია, რომ ცალკეული დღისთვის განკუთვნილი სამუშაო ბოლომდე შეასრულო. ამასთან, სხვებისთვისაც გაცილებით მარტივი გახდება შენთან დაკავშირება.
ეს არის იმ ფაქტორების სია, რომელიც სახლის სამუშაო გრაფიკის შედგენისას უნდა გაითვალისწინო:
- პერიოდი, როცა ხელმისაწვდომი უნდა იყო უფროსისათვის;
- თანამშრომლებსა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის დრო;
- დღის ის მონაკვეთი, რომელშიც ყველაზე პროდუქტიული ხარ.
ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღე აუცილებლად დილის ცხრიდან საღამოს ხუთ საათამდე უნდა იმუშაო. სანაცვლოდ, სამუშაოდ დღის ის მონაკვეთი უნდა აარჩიო, რომელშიც ყველაზე ნაყოფიერი ხარ. თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინო, როდის უფრო სჭირდება შენს უფროსს, რომ სამსახურში იყო. მაგალითად, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, რომ ყოველ დილით მეილები შეამოწმო ან, იქნებ, შუადღეს უნდა იყო ხელმისაწვდომი სატელეფონი კავშირისათვის. სხვა შემთხვევაში, აირჩიე დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მეტი შანსია, რომ სამუშაოს ბოლომდე შეასრულებ. შეატყობინე ეს დრო ყველას, ვისაც შენთან დაკავშირება შეიძლება დასჭირდეს და ამ გზით შეძლებ, გქონდეს სტაბილური და ნაყოფიერი სამუშაო დღეები.
2. გაავლე ზღვარი პირად და სამუშაო დროს შორის
ზუსტად იმ საათებში დასვენება, რომელზეც თქვი, რომ შეისვენებდი, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც იმ საათებში მუშაობა, რომლებზეც თქვი, რომ იმუშავებდი. გადაწვის რისკად ნამდვილად არ ღირს, სამუშაო დღე დაგეგმილზე მეტად გააგრძელო.
პირადი და სამუშაო დროის ერთმანეთისგან გამოყოფა პროდუქტიულად მუშაობაშიც დაგეხმარება და — დასვენების დროს სტრესის შემცირებაშიც. ამიტომ სამუშო სააათების განსაზღვრის მსგავსად, დასვენების საათებიც უნდა შეარჩიო, დაგეგმო და სხვებსაც შეატყობინო ამის შესახებ. მაგალითად, თუ საღამოების ოჯახთან გატარება გსურს, თანამშრომლებს გააგებინე, რომ ამ დროს ვერ შეძლებენ შენთან დაკავშირებას. და შემდეგ მკაცრად მიჰყევი ამ განრიგს.
3. დაგეგმე სამუშაო პროცესი
პროდუქტიულობა გარანტირებული იქნება, თუ სამუშაო დღეს ჭკვიანურად დაგეგმავ. მუშაობის დაწყებამდე შესასრულებელ დავალებათაგან გამოყავი ყველაზე პრიორიტეტულები; დაახლოებით გამოითვალე, რამდენი ხანი დაგჭირდება მათ შესასრულებლად; და განსაზღვრე, რაზე იმუშავებ, თუ თავისუფალი დრო დაგრჩება.
დაძინებამდე მომდევნო დღის დასაგეგმად რამდენიმე წუთის გამოყოფაც კარგი იდეა შეიძლება იყოს. ამ გზით ხვალინდელ სამუშაოზე გამუდმებულ ფიქრს გონებიდან გადაიგდებ, რაც კარგად გამოძინებაში დაგეხმარება. მაგრამ თუ შენიშნავ, რომ ძილისწინ მომავალი სამუშაოს დაგეგმვა პირიქით, ხელს შეგიშლის ძილში, მაშინ საქმის გადანაწილებაზე საუზმისას ან სამუშაომდე ვარჯიშისას იფიქრე.
დაგეგმვისას გაითვალისწინე, რომ:
- პირველად პრიორიტეტეული დავალებები უნდა შეასრულო;
- გეგმა შენს ბუნებრივ ციკლს უნდა მოარგო — ყველაზე რთული სამუშაო მაშინ უნდა შეასრულო, როდესაც ყველაზე მეტი ენერგია გექნება;
- აუცილებელია შენი თავისთვის ჯილდოების დაწესება და შესვენებებისთვის დროის გამოყოფა.
4. შეისვენე
თუ ბოლო რჩევა გაითვალისწინე, შენ უკვე დაგეგმილი გაქვს დღის განმავლობაში საჭირო შესვენებები. დროის ამ მონაკვეთებში აუცილებლად ადექი სამუშაო მაგიდიდან — გამოაღე ფანჯარა ან გადი აივანზე და ჩაისუნთქე სუფთა ჰაერი, მიირთვი რამე ჯანსაღი და თუ შესაძლებელია, ვინმეს გაესაუბრე. ეს ყველაფერი დაგეხმარება, განიტვირთო, განიახლო ენერგია და შემდეგ დავალებას მხნედ შეეჭიდო.
შეეცადე, წინასწარ დაგეგმო, როგორ გაატარებ შესვენებებს, რათა მათდამი დადებითი მოლოდინი შეიქმნა. უბრალოდ, მკაცრად განსაზღვრე, რა დროს დაუთმობ თითოეულ შესვენებას, რათა ზედმეტად არ გადაერთო საქმისგან. მცირე შესვენებებისთვის — ათიდან ოცდაათი წუთის, ლანჩისთვის კი ერთი-ორი საათის გამოყოფა მშვენიერი განრიგია.
5. ჩაიცვი ისე, თითქოს სამსახურში ხარ
მნიშვნელობა არ აქვს, გიწევს თუ არა ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტი დღის განმავლობაში — სამუშაო სამოსში გამოწყობა ყოველთვის კარგი იდეაა. ეს გულისხმობს შხაპის მიღებასა და კბილების გახეხვასაც. ამ გზით შენს ტვინს მიეწოდება სიგნალი, რომ მუშაობის დროა და არა — დასვენების, რაც ენერგიას შეგმატებს. კი, შესაძლოა, სპორტული შარვალი და მაისური უფრო კომფორტულია, მაგრამ ისინი თავს დუნედ, ძილმორეულად და არამოტივირებულად გაგრძნობინებს.
ეს ასევე არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, ახალ სამოსს სატესტო გამოცდა ყოველგვარი რისკის გარეშე მოუწყო.
თუ გიჭირს დილით თავის მოწესრიგება, სამუშაოსთვის განკუთვნილი სამოსის წინა ღამით გამზადება სცადე.
6. მოიწყე ოფისი სახლში
დივნიდან, სავარძლიდან ან თუნდაც საწოლიდან მუშაობის იდეა მაცდურად კი შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ეს შენს პროდუქტიულობას საგრძნობლად შეამცირებს. შეეცადე, მუდმივად ერთსა და იმავე ოთახში იმუშაო, იქონიო სამუშაო მაგიდა და სკამი, რომლებიც შენს ტვინს ეტყვიან, რომ მუშაობის დროა და არა — განტვირთვის.
დიდი ალბათობით, ასე უფრო ყურადღებით, თავდაჯერებული და ორგანიზებული იქნები. შეეცადე, გქონდეს სამუშაო კუთხე. შეარჩიე კომფორტული სკამი და ფართო მაგიდა, რომელზეც სამუშაოდ საჭირო ნივთებს განალაგებ. დარწმუნდი, რომ ეს სივრცე მაქსიმალურადაა შენს საჭიროებებზე მორგებული, რადგან მანდ ბევრი დროის გატარება მოგიწევს.
7. აკრძალე მუშაობისას ოჯახის წევრებთან კავშირი
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეფექტიანი დისტანციური მუშაობა გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. ეს ასევე ნიშნავს, რომ საზღვრები უნდა დაწესდეს ბავშვებისთვის, შინაური ცხოველებისთვის, მეუღლისა თუ ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის, ვისთანაც საცხოვრებელს იყოფ. სთხოვე მათ, მუშაობისას დაგტოვონ მარტო, რათა ყურადღება არ გაგეფანტოს.
შეეცადე, საზღვრების დადგენისას ზედმეტი სიმკაცრე არ გამოიჩინო და იუმორიც მოიშველიო — თუმცა ერთხელ დადგენილი წესები აუცილებლად დაიცავი. მაგალითისთვის, კარზე მიამაგრე ფურცელი, რომელზეც სამუშაო და შესვენების დროებს მიუთითებ.
8. თავად დაალაგე საკუთარი სამუშაო სივრცე
ოფისისგან განსხვავებით, სახლში არ გყავს დამლაგებელი, რომელიც სამუშაო სივრცეს მოგისუფთავებს. ამიტომ ამის გაკეთება თავად მოგიწევს. სახლის ოფისის სისუფთავის შენარჩუნება დაგეხმარება, მოიკრიბო ყურადღება და იყო ორგანიზებული და პროდუქტიული. მაშინაც კი, თუ თავად დიდად არ გაწუხებს არეულობა, გარკვეული წესრიგის დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ რამე არ გამოგეპაროს ან თუნდაც მნიშვნელოვანი საბუთი არ ჩაგეკარგოს ფურცლების გროვაში.
თუმცა ეს რჩევა არ ეხება მხოლოდ სახლის ოფისს. ზოგადად არეული სახლის ქონა პროკრასტინაციისკენ გიბიძგებს, რადგან მუშაობის ნაცვლად დალაგებას შეიძლება მიჰყო ხელი — რაც, რა თქმა უნდა, საქმეზე ცუდად აისახება.
დალაგების ყოველკვირეული განრიგის შედგენა დაგეხმარება, სამუშაო საათების განმავლობაში დასუფთავების ცდუნებას არ აჰყვე.
9. ეკონტაქტე თანამშრომლებს
ოფისში მუშაობის ერთ-ერთი დადებითი მხარე სოციალიზაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობაა. თუმცა არაა აუცილებელი, რომ სახლიდან მუშაობის გამო ეს უპირატესობა დაიკარგოს. შეეცადე, კვირაში რამდენჯერმე შეეხმიანო თანაშრომლებს ინტერნეტით ან ტელეფონით.
დარწმუნდი, რომ მათთან სამუშაო კონტაქტის გარდა პირად კავშირსაც ამყარებ. ამის გაკეთება ბევრი დროის დახარჯვის გარეშე შეგიძლია — უბრალოდ, მოუყევი თანამშრომლებს, ყველაზე მნიშვნელოვანი რა გადაგხდა და მათაც უბიძგე იმავეს გაკეთებისკენ.
10. მოუსმინე მუსიკას ინსპირაციისთვის
მეორე მხრივ, სახლიდან მუშაობის უდიდესი უპირატესობა ისაა, რომ თანამშრომლებს ყურადღებას ვერ გაუფანტავ. თუ ეს მუშაობაში გეხმარება, ახლა უკვე თამამად შეგიძლია, საყვარელ ენერგიულ სიმღერებს ბოლომდე აუწიო ხმა. ან მოუსმინე უფრო მშვიდ ჩანაწერებს, ბუნების ხმებს, ან თუნდაც ფანჯარა დატოვე ღია და გარედან შემოუშვი ხმაური. თუ რუტინულ დავალებას ასრულებ, შესაძლოა, აუდიოწიგნი ან პოდკასტიც კი დაგეხაროს.
გამოსცადე სხვადასხვა ტიპის მელოდია და ხმა, რათა იპოვო შენთვის შესაფერისი ვარიანტი.
თუ ამ 10 რჩევას გაითვალისწინებ, უმოკლეს დროში სახლიდან მუშაობის პროფესიონალი გახდები. ვინ იცის, იქნებ, ისიც კი აღმოჩინო, რომ ყველაზე პროდუქტიული სწორედ ამ დროს ხარ.
კომენტარები