ქართული სერიალის ჩემი ცოლის დაქალების გადაღებები კორონავირუსის გავრცელების გამო შეჩერებულია. ინფორმაცია სატელევიზიო შოუს ფეისბუქ გვერდზე ქვეყნდება:

"ამ დრომდე 3 გადამღები ჯგუფი მუშაობდა ყოველდღე, რათა ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას თქვენამდე მოგვეტანა ის, რაც ასე ძალიან გვიყვარს. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გვაიძულებს, შევწყვიტოთ სამუშაო პროცესი. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და მაქსიმალურად შევზღუდოთ ვირუსის გავრცელების რისკი".

როგორც სერიალის პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ On.ge-ს უთხრა, გადაღებების შეჩერებასთან ერთად, ახალი სერიები ამ პარასკევიდან უკვე აღარ გავა ეთერში:

"გადაღების სპეციფიკა არის ასეთი, რომ ერთდროულად წარმოებაში რამდენიმე, მაგალითად რვა სერიაა ჩაშვებული. სერიებს წინასწარ არ ვაგროვებთ, ვაგროვებთ სცენების რაოდენობას. არცერთი სერია არაა დასრულებული".

უცნობია, როდის აღდგება სერიალის გადაღებები. ჩემი ცოლის დაქალები მაყურებელს ურჩევს, რომ ძველ სეზონებს და სერიებს ოფიციალურ საიტზე, dakalebi.ge მიადევნონ თვალი.