NASA პანდემიის პირობებში ISS-ზე ასტრონავტების გასაშვებად ემზადება
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი აშშ-ში გავრცელებას განაგრძობს, NASA სამომავლო პროექტებზე სამუშაოების შეჩერებას არ გეგმავს.
სააგენტო პანდემიას საკუთარი მეთოდებით უმკლავდება — მას ოთხი განსხვავებული ეტაპისგან შემდგარი გეგმა აქვს, სადაც თითოეული დისტანციურად მომუშავე პერსონალის რაოდენობას, აღჭურვილობასთან წვდომასა და მოგზაურობის შესაძლებლობას განსაზღვრავს. ამჟამად, NASA-ს ორი, ეიმსის კვლევითი და მარშალის კოსმოსური ფრენის ცენტრი მესამე ეტაპზე იმყოფება, რაც გულისხმობს, რომ თანამშრომლები დისტანციურად მუშაობენ, ცენტრში ვიზიტი კი მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებების შემთხვევაშია დაშვებული.
NASA-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრი (JSC), რომელიც საეკიპაჟო ფრენებსა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) აკონტროლებს, მეორე ეტაპზეა. ეს ნიშნავს, რომ დისტანციურად მუშაობა მისასალმებელია, თუმცა არა სავალდებულო.
მიუხედავად იმისა, რომ JSC-ის თანამშრომლების უმეტესობა სახლიდან მუშაობს, ISS-ზე ეკიპაჟის გაგზავნა არ გადადებულა. გაშვება 9 აპრილს, ყაზახეთიდან, რუსული ხომალდის Soyuz-ის მეშვეობით იგეგმება.
ყაზახეთში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, საზღვრები ჩაიკეტა. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ დიპლომატებს და უკან დაბრუნებულ მოქალაქეებს შეუძლიათ. NASA ჯერ კიდევ იძიებს, საჭირო იქნება თუ არა სატრანსპორტო გეგმის შეცვლა ასტრონავტების ყაზახეთში ჩასაყვანად.
იმისთვის, რომ ასტრონავტებმა კორონავირუსი სადგურამდე არ მიიტანონ, ეკიპაჟის წევრები გამგზავრებამდე ორკვირიან კარანტინს გაივლიან.
თუმცა, გამგზავრების შემდეგ კიდევ ერთი მთავარი მისია საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ეკიპაჟის სხვა წევრების უკან დაბრუნებაა. ენდრიუ მორგანი, ჯესიკა მეიერი და ოლეგ სკრიპოჩკა Soyuz-ის კაფსულით აპრილის შუა რიცხვებში დაბრუნდებიან. მსგავს დაშვებებს, როგორც წესი, ადგილზე პერსონალის დიდი რაოდენობა სჭირდება, კარანტინის პირობებში კი ეს რთული იქნება.
ამჟამად უცნობია შეიცვლება თუ არა დაშვების პროცედურა პანდემიის გამო, NASA-ს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
კიდევ ერთი მოახლოებული მისია მაისში იგეგმება. ნასას პარტნიორი SpaceX კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟის გაგზავნას ხომალდ Crew Dragon-ით გეგმავს. NASA-ს მიხედვით, ასტრონავტების მომზადება არ შეჩერებულა და SpaceX-იც მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძნობს.
რა თქმა უნდა, სიტუაცია ვირუსის გავრცელებასთან ერთად, შესაძლოა, შეიცვალოს და აღნიშნული გაშვებები გადაიდოს. ამ შემთხვევაში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ კომპანიები.
კომენტარები