#მომავალიშენზეა — სპორტული ტირი თელავში
"მთავარია, ადამიანს ჰქონდეს მიზანი, შემდეგ უნდა მოძებნოს მიზნამდე მისაღწევი სწორი საშუალება. სასურველი შედეგის დასადგომად მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი. დიდი შრომა და ბრძოლა დამჭირდა იმისათვის, რაც შევძელი..."
საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ტირი თელავში უკვე მეხუთე წელია ფუნქციონირებს. მანამდე მსგავსი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ტირი მხოლოდ ქუთაისსა და თბილისში ფუნქციონირებდა. თელავში ამ სიახლემ დიდი დაინტერესება ჰპოვა, გასული წლის განმავლობაში თელავის სასროლეთში 974 პირი იყო ჩართული სპორტულ აქტივობაში.
ლადო ჭინჭარაული — პარასპორტსმენი, პარაოლიმპიური კომიტეტის გამგეობის წევრი, ტირის გახსნის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი.
"ყოველთვის ძალიან მიყვარდა სროლა, ტრავმის შემდეგ გადავწყვიტე ჰობი საქმიანობად მექცია. 2013 წელს საკუთარ ავტოფარეხში მოვაწყვე ტირი და აქტიურად დავიწყე ვარჯიში. ჩემთან ერთად კიდევ ორი შშმ პირი, ალუდა ქეთელაური და გიორგი ათუაშვილი ვარჯიშობდნენ.
2014 წლის ბოლოს შშმ პირთა საერთაშორისო დღეს შეხვედრა გვქონდა თელავის საკრებულოს თავმჯდომარესთან და მერთან. როდესაც დაისვა კითხვა, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო შშმ პირებისთვის, გავაჟღერე ჩემი სურვილი, რომ გაგვეკეთებინა ასეთი სახის ტირი. იმის გათვალისწინებით, რომ ეს სპორტის ოლიმპიური სახეობაა, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობდა არამარტო შშმ პირებს, არამედ ამ სპორტით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.
ამ იდეას ყველა დადებითად შეხვდა, გაიტანეს საკრებულოს სხდომაზე და როგორც ვიცი, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც არც მთავრობას და არც ოპოზიციას უარი არ უთქვამს და ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი. ჩემი, ფედერაციისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი მუშაობის შედეგად სპორტული ტირის ლოკაციად შეირჩა თამაზ ანთაძის სახელობის სპორტული კომპლექსის პირველ სართულზე არსებული სივრცე, რომელიც მუნიციპალიტეტის დაფინანსებით გავარემონტეთ და აღვჭურვეთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად".
ნინო მაისურაძე — შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ლამპარი
"შშმ უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები შევხვდით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. მე, როგორც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გახლდით ამ შეხვედრის ორგანიზატორი. ჩვენი სურვილი იყო დაგვენახებინა საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებისთვის ის პრობლემები და ბარიერები, რასაც ყოველდღიურად აწყდებოდნენ შშმ პირები თელავში.
ამ შეხვედრამდე მე და ლადო შევხვდით ერთმანეთს. მე და ლადოს დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებდა, გადავწყვიტეთ, სპორტული ტირის იდეაც გაგვეჟღერებინა ამ შეხვედრაზე.
შევხვდით საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თხლაშიძეს. ამ შეხვედრაზე გაჟღერდა ბევრი ინიციატივა, აქედან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ლადოს იდეა სპორტული ტირის შესახებ. ჩვენ დავანახეთ, რომ ამ იდეის განხორციელება იქნებოდა მრავალმხრივ სიკეთის მომტანი, არა მხოლოდ ლადოსა და სხვა პარასპორტსმენების დასაქმების კუთხით, არამედ ზოგადად სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის".
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე — არჩილ თხლაშიძე
"ჩვენ თავიდანვე დავინტერესდით ამ თემით, რადგან რეგიონს სპორტული აქტივობების დივერსიფიცირება სჭირდება, ამასთანავე ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი შშმ ადამიანების უფლებები და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაა. დავიწყეთ მარტივი პრობლემის მოგვარებით. ორი ახალგაზრდისათვის, რომლებიც ლადოსთან ერთად ვარჯიშობდნენ პნევმატური იარაღები შევიძინეთ, შემდეგ მერიასთან ერთობლივი შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება ტირის აშენებასთან დაკავშირებით.
საბოლოო ჯამში ინვენტარისა და დარბაზის მოწყობაში 60 000 ლარამდე დაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ქალბატონი ნინო სალუქვაძე იყო ჩამოსული გახსნაზე და აღფრთოვანებული დარჩა. ამის მერე ძალიან ხშირად გვსტუმრობს ხოლმე. იმართება ტურნირები, გააცოცხლეს აქაურობა ლადომ და ბიჭებმა.
ჩვენთვის ეს ორმაგად საამაყოა, რომ ამ ადამიანებს გვერდში დავუდექით და ხელი შევუწყეთ, პარალელურად კი მოხდა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციაც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა იჩენს მსგავს ინიციატივებს, ჩვენამდე მოაქვთ და გვარწმუნებენ თავიანთი იდეის სისწორეში. შემდეგ კი ყველანი ერთად ვმუშაობთ საერთო ძალებით და ვქმნით საზოგადოებრივ სიკეთეს".
ალუდა ქეთელაური — პარასპორტსმენი, მწვრთნელის დამხმარე
"თავიდან ლადოს მოწყობილ ტირში ვვარჯიშობდით, ავტოფარეხში. შემდეგ ეს ტირი რომ გაიხსნა, აქ გადმოვედით სავარჯიშოდ და თან დამასაქმეს, როგორც მწვრთნელის დამხმარე. შეჯიბრებებშიც ვიღებ ხოლმე მონაწილეობას. ამ დარბაზის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის დასაქმებისა და თვითრეალიზების კუთხით. ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის".
ლადო ჭინჭარაული — პარასპორტსმენი, პარაოლიმპიური კომიტეტის გამგეობის წევრი, ტირის გახსნის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი
"ჩვენთან 12 წლის ასაკიდან ვიღებთ ბავშვებს. დღეისათვის 15 მოსწავლე გვყავს, მათ გარდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და პოლიციელები ვარჯიშობენ ჩვენთან. ასევე, სავარჯიშოდ ძალიან ხშირად გვსტუმრობს ოლიმპიური ნაკრები, ხშირი სტუმარია თავად ნინო სალუქვაძეც.
ასეთი რამ კახეთში ჯერ არ ყოფილა, ახალი ხილი იყო ამ რეგიონისთვის, თუმცა თავიდანვე დიდი დაინტერესება მოიპოვა. ერთი წელია ფედერაციამ პროფესიონალი მწვრთნელი გამოგვიგზავნა.
გასულ წელს კარგი შედეგები გვქონდა, თბილისის ღია პირველობაზე პატარებში ვერცხლი და ბრინჯაო ავიღეთ, ქველიაშვილის საერთაშორისო თასზე თელაველმა ბავშვებმა ორი ოქრო აიღეს, ბიჭებშიც და გოგოებშიც პირველობა არავის დაუთმეს. მე პირადად საქართველო მაქვს ერთხელ მოგებული და 2019 წელს აშშ-ის ვიცე-ჩემპიონი გავხდი ჯორჯიის შტატში ჩატარებულ შეჯიბრში, ვერცხლის მედალი ჩამოვიტანე საქართველოში.
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა აქტიურობამ და მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობამ შედეგი გამოიღო. ყველა მოქალაქემ აუცილებლად უნდა იაქტიუროს საკუთარი მიზნის მისაღწევად და ჩაერთოს თავისი ქალაქის გადაწყვეტილების მიღების პროცესში".
ეს ფოტო/სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ASB საქართველო და არ ნიშნავს, რომ გამოხატავს ევროკავშირის შეხედულებებს.
This photo/article is produced with the assistance of the European Union its content is the sole responsibility of ASB Georgia and does not reflect the views of the European Union.
კომენტარები