Microsoft თავისი მომავალი კონსოლის შესახებ ნელ-ნელა მეტ ინფორმაციას გვაწვდის.

ყველაზე დიდი სიახლე ისაა, რომ Xbox Series X-ს 12-ტერაფლოპიანი ვიდეობარათი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის Xbox One X-ზე ორჯერ, ხოლო Xbox One-ზე რვაჯერ სწრაფი იქნება. ასეთი წარმადობით Xbox Series X უკან ჩამოიტოვებს AMD-სა და Nvidia-ს ვიდეობარათების საკმაოდ დიდ ნაწილს, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი თაობის კონსოლები, როგორც იქსბოქსი, ასევე PS5, საგრძნობლად ჩამოიტოვებენ მათ წინამორბედ Xbox One X-სა და PS4 Pro-ს.

""Xbox Series X — ესაა ნამდვილი ნახტომი თაობებს შორის. მისი წარმადობის დამსახურებით მივიღებთ გაცილებით მაღალ FPS-ს (კადრი წამში). მწარმოებლები შეძლებენ თამაშებში შექმნან გაცილებით ვრცელი პეიზაჟები — ახალი თაობის Xbox-ით ჩვენ მივიღებთ ისეთ გამოცდილებას, როგორიც კონსოლებზე აქამდე არასდროს გვინახავს" — განაცხადა Xbox-ის დანაყოფის დირექტორმა ფილ სპენსერმა.

Xbox Series X-ს სპეციალურად ამ კონსოლისთვის შექმნილი პროცესორი ექნება, რომელიც AMD-ის Zen 2 და Radeon RDNA არქიტექტურაზე იქნება დაფუძნებული.

მაიკროსოფტი ასევე გეგმავს NVMe SSD მეხსიერების გამოყენებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშებისა და კონსოლის ჩატვირთვის სისწრაფე საგრძნობლად გაიზრდება.

Xbox Series X თამაშების 8K გარჩევადობით გაშვებასაც შეძლებს, თანაც წამში 120 კადრით.

გარდა სისტემური ნაწილისა ახალი იქსბოქსი "სწრაფი გაგრძელების" ფუნქციასაც მიიღებს. ასეთი რამ Xbox One-ში უკვე ვნახეთ, თუმცა მაიკროსოფტი გვპირდება, რომ კონსოლის ახალი თაობა რამდენიმე თამაშის ინფორმაციის ერთდროულად შენახვასაც შეძლებს და ნებისმიერ თამაშს იმ ადგილიდან განაგრძობთ, სადაც გაჩერდით.

Microsoft-ის თქმით, Xbox Series X-ზე უკუთავსებადობაც ხელმისაწვდომი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე პირველი Xbox-ისა და Xbox 360-ის თამაშების თამაშსაც თავისუფლად შეძლებთ.

Microsoft გვპირდება, რომ მომდევნო თვეებში Xbox Series X-ის შესახებ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის, ეს კი ალბათ Game Developers Conference-ზე მოხდება, რომელიც შემდეგ თვეს გაიმართება, ხოლო კიდევ უფრო მეტ დეტალს, სავარაუდოდ E3-ზე ივნისში გავიგებთ.

ის, რაც ალბათ ყველას აინტერესებს, ახალი თაობის კონსოლის ფასი და მისი გამოსვლის რეალური თარიღია.