5 საუკეთესო რომანი საქართველოს უახლოესი წარსულის შესახებ
ლიტერატურა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომ ადამიანებმა, როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური გამოცდილება უკეთ გააანალიზონ, წარსული შეაფასონ და მომავალს მეტი ცოდნით შეხვდნენ.
სასკოლო განათლებიდან მოყოლებული აქტიურად ვეცნობით კლასიკურ ისტორიულ ნაწარმოებებს (რამდენად საფუძვლიანად, ეგ ცალკე საკითხია), თუმცა ქართველი მკითხველი იშვიათადაა დაინტერესებული თანამედროვე ქართული ლიტერატურით, რაც უახლეს წარსულზე რეფლექსიას ართულებს.
არადა არაერთი თანამედროვე ქართველი ავტორია, რომელიც წარსულის იმ პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ვითარებას, რომლითაც ჩვენი აწმყოა გამოძერწილი, სწორედ იმ საჭირო აქცენტებით მოგვითხრობს, რომლებიც ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსებისა თუ მეინსტრიმული მედიის დღის წესრიგიდან გამქრალია.
ახლა სწორედ ხუთი ასეთი რომანის შესახებ მოგითხრობთ:
1. მოგზაურობა ყარაბაღში — აკა მორჩილაძე
აკა მორჩილაძე ის გამორჩეული მწერალია, რომლის თითქმის ყველა ნაწარმოები სწორედ საქართველოზე მოგვითხრობს. მეტიც, მისი წიგნების ფურცლებზე ხშირად საქართველო თავად მეტყველებს და სხვადასხვა პერიოდში თავს გადახდენილ ამბებს თითქოს პირადად გვიყვება.
მათ შორის ერთი ეგეთი გამორჩეული რომანია მოგზაურობა ყარაბაღში, რომელსაც საკმაოდ უნიჭო ეკრანიზაციის გამო ხშირად აბრალებენ 90-იანი წლების რომანტიზაციას, არადა ეს წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრაციაა ჩვენი ქვეყნის ისტორიის იმ მძიმე მონაკვეთის, რომელიც თავს დღესაც გვახსენებს: როგორ ჩამოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რამდენად აბსურდული გახდა სოციალური ურთიერთობები და რისი გაკეთება უწევდათ ადამიანებს გადარჩენისთვის.
ამ წიგნის სიუჟეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებში — სომხეთსა და აზერბაიჯანში განვითარებულ მოვლენებსაც ასახავს, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს უფრო მასშტაბურად აღიქვას ის კრიზისული მდგომარეობა, რომელიც მთლიანად ჩვენს რეგიონს დაატყდა თავს და მისგან მიღებული ჭრილობები დღემდე არ მოშუშებულა.
2. გათვლა — თამთა მელაშვილი
ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ომზე ისტორიები ქართველ მკითხველს არ აკლია: ლიტერატურაში, სასკოლო სახელმძღვანელოებსა თუ რელიგიურ სწავლებებშიც კი ყველაზე ხშირად სწორედ საქართველს მრავალომგამოვლილ ისტორიაზე ვისმენთ სხვადასხვა ვარიაცებს. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს თამთა მელაშვილის მიერ გამოქვეყნებულ რომანში რთულია რომელიმე გეოგრაფიული არეალისა და დროის მონაკვეთის განსაზღვრა, მაინც მგონია, რომ ის საუკეთესო ამბავია ომზე, რომელიც ქართულ ლიტერატურაში აქამდე შექმნილა.
ლინგვისტური თავისებურებისა და სხვა კიდევ უამრავი ღირსების გვერდით ეს წიგნი იმითაა გამორჩეული, რომ ის იმათი პირით მოგვითხრობს ამბავს, ვისი ხმაც ყველაზე იშვიათად გვესმის, განსაკუთრებით ისეთ მამაკაცურ პრიორიტეტად განსაზღვრულ საკითხზე, როგორიც ომია: ამ ერთი ციდა წიგნში მუდმივად იგრძნობთ შეშინებული გოგოების, შვილმკვდარი დედებისა და დაქვრივებული ცოლების გულის ძგერას, რომელთაც ვერ გაუგიათ, რით ვერ მობეზრდათ ამდენი ხნის განმავლობაში ომობანას თამაში კაცებს.
3. მსხლების მინდორი — ნანა ექვთიმიშვილი
ზემოთ აკა მორჩილაძის რომანზე საუბრისას უკვე ნახსენებ ჩამოშლილ სახელწიფო ინსტიტუტებზე ნანა ექვთიმიშვილმა საუკეთესოდ მოგვითხრო თავის რომანში მსხლების მინდორი: რა ბედი ეწევათ მძიმე დროებაში ყველაზე დაუცველებს, რომლებიც საზოგადოებრივი ნორმების გამო მარგინალებად არიან გამოცხადებული და მათ ბედ-იღბალზე არც არავინ დარდობს.
მწერალი ოსტატურად ახერხებს ქერჩის ქუჩაზე მდებარე "დებილების სკოლის" კედლებს მიღმა შეგვახედოს და ის სისასტიკე გვაჩვენოს, რაც იქ სუფევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნში არაერთ დამნაშავეს ვაწყდებით, რომელიც თავისი ქმედებით თავსაც კი გვაძულებს, ნანა ექვთიმიშვილი უფრო ღრმა და მასშტაბური პრობლემების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მხოლოდ პიროვნული შეცდომით არაა გამოწვეული: როგორ იქცევიან ადამიანები გაუსაძლის სოციალურ პირობებში და რისი გადატანა უწევთ ქალებს პატრიარქალურ სამყაროში.
მართალია, 2015 წელს გამოქვეყნებულმა ამ რომანმა თითქმის ყველა პრესტიჟული ქართული ლიტერატურული ჯილდო მიიღო, მაგრამ მაინც მგონია, რომ ის საკმარისად ჯერ კიდევ არ დაფასებულა და ქართველ მკითხველს სათანადოდ არ გაუცნია.
4. პატარა ქვეყანა — ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძემ იდეალურად მოახერხა, რომ ავტობიოგრაფიული დეტალების გულახდილ თხრობასთან ერთად ქვეყნის ისტორიაც გაეცოცხლებინა: ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან უახლოეს პერიოდამდე მწერალი ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენაზე მოგვითხრობს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადახდა თავს. თანაც თხრობის სტილი ტრადიციულად ირონიით, მეტიც — თვითირონიითაა შეზავებული, რაც კითხვის პროცესს ამ მწერლის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.
საქართველოს ისტორიის უკანასკნელი სამი ათწლეული ათასი ვნებათაღელვით იყო სავსე: საბჭოთა კავშირის დანგრევა, ომები, რევოლუცია, პრეზიდენტების შეცვლა თუ იდეოლოგიების დაპირისპირება. როგორი დაძაბულიც იყო უკანასკნელი პერიოდი ქვეყნისთვის, ისეთივეა ამ წიგნის თხრობის ტემპიც, რაც მთელ იმ აბსურდში სუნთქვაშეკრული ამოგზაურებს მკითხველს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა უკვე რა ხანია ჩაძირულა.
5. კანიბალიადა — მიშა ბახსოლიანი
ხშირად ვსაუბრობთ შავ-ბნელ 90-იანებზე, იმდროინდელ გაუსაძლის ყოფასა და სიდუხჭირეზე, რომელმაც ბოლო დროს კომიკური სახე უფრო შეიძინა. ამის მიუხედავად, ბოლომდე მაინც ვერ მოვახერხეთ იმ ყველაფრის სიღრმისეულად გააზრება, რამაც მთელ ერს თუ არა, უამრავ ადამიანს დღემდე დაუტოვა სხვადასხვა სახის ტრავმა. მიშა ბახსოლიანი მისთვის დამახასიათებელი თხრობის სტილით კი სწორედ ამ პერიოდსა და მის გმირებს, უფრო სწორად, ანტიგმირებს აცოცხლებს თავის ჯერჯერობით ბოლო რომანში კანიბალიადა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წარსულში ჩაბნელებულ ქუჩებსა და მიტოვებულ სახლებში მომხდარი არაერთი საშინელების შესახებ გვსმენია, ეს წიგნი მათზე უფრო შემზარავ დანაშაულზე მოგვითხრობს: გულგრილობაზე, თავის მოჩვენებაზე, რომ თითქოს შენ გარშემო არსებული ვითარება არ გეხება, რაც ყველა ავის მსურველს თამამად მოქმედებისკენ უბიძგებს, რისი თანამონაწილე ირიბად, თუმცა თავადაც ხდები.
მთავარი არხის გადაცემაში შუადღე ტელეწამყვანმა და მწერალმა ტორესა მოსიმ მიშა ბახსოლიანის რომანზე უფრო ვრცლად ისაუბრა.
კომენტარები