მიკროქირურგიულმა რობოტმა ადამიანზე პირველი ტესტირება წარმატებით ჩაატარა
ქირურგიულმა რობოტმა 0,3 მილიმეტრის დიამეტრის სისხლძარღვების დაკავშირება შეძლო —ტესტირება ადამიანთა პატარა ჯგუფზე წარმატებით ჩატარდა.
რობოტის შესახებ ახალი კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა. რობოტი MUSA სპეციალურად რეკონსტრუქციული მიკროქირურგიული ოპერაციების შესრულებისთვის არის შექმნილი. სისტემის გამოყენებით ქირურგებმა 0,3-დან 0,8 მილიმეტრამდე დიამეტრის სისხლძარღვების დაკავშირება შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს მასშტაბებზე მუშაობა ადამიანებსაც შეუძლიათ, ეს, როგორც წესი, ძალიან დიდ ნებისყოფასა და გამოცდილებას მოითხოვს. სისტემა ფეხის პედლების მეშვეობით აქტიურდება, ქირურგი კი ოპერაციისთვის საჭირო ინსტრუმენტებს პინცეტის ფორმის ჯოისტიკით აკონტროლებს.
MUSA მკერდის კიბოს მქონე პატარა ჯგუფზე გამოსცადეს, რომელიც სულ რაღაც 20 პაციენტისგან შედგებოდა. ლიმფედემის განკურნვა მიკროქირურგიული ტექნიკის (LVA) საშუალებით ხდება, მსგავსი ოპერაცია კი ადამიანის ხელის შესაძლებლობებით არის შეზღუდული და მისი შესრულება მსოფლიოში სულ რამდენიმე ქირურგს შეუძლია. სწორედ ამიტომ, მაასტრიხტის სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრმა ეინდჰოვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დამხმარე რობოტზე დაიწყო მუშაობა. ქირურგიული რობოტების სხვა პლატფორმებიც არსებობს, მაგალითად, "და ვინჩის" ქირურგიული რობოტების სისტემა, თუმცა მსგავსი ოპერაციის ჩატარება ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო.
20 პაციენტისგან შემდგარი ჯგუფის ნახევარს ოპერაცია ხელით გაუკეთდა, ნახევარს კი რობოტის დახმარებით. როდესაც მკვლევარებმა შედეგები შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ პაციენტები, რომლებსაც ოპერაცია MUSA-ს მეშვეობით ჩაუტარეს, შედარებით სწრაფად გამოჯანმრთელდნენ. თუმცა შედარების მიზანს არა რობოტის უპირატესობების გამომჟღავნება, არამედ მისი სისტემის უსაფრთხოების დამტკიცება წარმოადგენდა.
მკვლევარებს სამომავლოდ სისტემის ბევრად მეტ პაციენტზე გამოცდა სურთ. MUSA-ს დახმარებით ოპერაციის ჩატარება შედარებით მარტივია და იგი ბევრად მეტ პაციენტს აძლევს მიკროქირურგიული ოპერაციებით სარგებლობის შესაძლებლობას.
კომენტარები