ხელოვნური "ვარსკვლავები" ღამის ცის იერსახეს ცვლიან
ცაზე განფენილი თანავარსკვლავედები, რომლებსაც დაღამების შემდეგ ვხედავთ, ათასწლეულების განმავლობაში უწევდნენ დახმარებას ჩვენს წინაპრებს კანლენდრების შედგენასა თუ ნავიგაციაში. თუმცა ადამიანის ბოლოდროინდელი ქმედებები ცის იერსახეს მნიშვნელოვნად ასხვაფერებს.
დაახლოებით 40 ათასი წლის წინ პრეისტორიული ეპოქის ადამიანმა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარე გამოქვაბულის უსწორმასწორო კედელზე გარეული ჩლიქოსნების, ბიზონების, ცხენებისა და ჩიტების შთამბეჭდავი გამოსახულებები დატოვა. სწორედ აქ, ერთ-ერთი ხარის ზემოთ დატანილი შვიდი წერტილი ადამიანის მიერ შექმნილ უძველეს ხელოვნების ნიმუშში ჩაქსოვილ ვარსკვლავურ საიდუმლოზე მიანიშნებს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს წერტილები კუროს თანავარსკვლავედის ის ნაწილია, რომელიც ღამის ცაზე ევროპაში ზამთრის განმავლობაში მოჩანს. თუკი ეს ეჭვი სწორია, მაშინ ადრეულმა ევროპელმა მოსახლეებმა ვარსკვლავთა მდებარეობაზე იმაზე მეტი იცოდნენ, ვიდრე ჩვენ ვივარაუდებდით.
ათასწლეულების შემდეგ ძველმა რომაელებმა შორეული, მანათობელი ცეცხლოვანი ბურთულების მიერ შექმნილი სინათლის წერტილებისგან ასევე გამოაცალკევეს მოხაზულობები. კიდევ უფრო მოგვიანებით კი ვიკინგები და სხვა ევროპელი მოგზაურები იმავე ვარსკვლავებს ახალი მიწებისკენ მიმავალ გზაზე იყენებდნენ გზამკვლევად.
იმ 6 ათასამდე ვარსკვლავიდან, რომელიც დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალითაც მოჩანს, ცოტაა ისეთი, რომელსაც პრაქტიკული გამოყენება მოეძებნება. პოლარული, იგივე ჩრდილოეთის ვარსკვლავი ათასობის წლის განმავლობაში ეხმარებოდა მეზღვაურებს ნავიგაციაში, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან დანახულ ცაზე ის ადგილმდებარეობას არ იცვლის. მთვარე, როგორც ღამის სიბნელის გამფანტავი, ადამიანთათვის მუდამ იყო კომფორტის წყარო, ხოლო მისი მილევა-შევსების ციკლი თვეების მიმდინარეობის გამოთვლაში გვეხმარებოდა. უკანასკნელ საუკუნეებში ტელესკოპებმა შესაძლებლობა მოგვცეს, გავიხედოთ მზის სისტემის მიღმა და თვალი შევავლოთ გაცილებით მშფოთავ სამყაროს, სადაც ძლევამოსილი ზეახალი ვარსკვლავები და მთლიანი გალაქტიკების ჩაყლაპვის უნარის მქონე, უზარმაზარი შავი ხვრელები სუფევენ.
კოსმოსური ეპოქის დადგომა ამავდროულად გულისხმობს იმას, რომ ცის იერსახე ხელოვნურად გარდაიქმნება. ათასობით სატელიტი და ორიოდე კოსმოსური სადგური ორბიტაზე გადაადგილებისას — იმ მომენტებში, როცა მზის სინათლეს სწორი კუთხით აირეკლავენ — დედამიწიდან ვარსკვლავებივით მოჩანან ხოლმე. საერთაშორისო კოსმოსური ხომალდი (ISS) ჩვენს ცაზე სიკაშკაშით მესამე ადგილზეა. ის დედამიწას 400 კილომეტრის სიმაღლეზე უვლის წრეს და ორბიტაზე თითო გადაადგილებას 92 წუთს ანდომებს.
კაცობრიობის ისტორიაში პირველად ზეცა იმგვარი გარდაქმნის პირასაა, რომ ჩვენი წარმოდგენა ვარსკვლავთგანლაგების თაობაზე რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს. სატელიტების მთელი წყება და ორბიტაზე მოსიარულე ხელოვნების ნიმუშები შექმნიან ახალ, ხელოვნურ ცას, რომელიც მომდევნო თაობებისთვის ღამის ჩვეული ინსტალაცია გახდება.
ახალი "ვარსკვლავები"
რაც უფრო დამოკიდებულნი ვხდებით კოსმოსურ ტექნოლოგიებზე, მით უფრო იტვირთება ცა ყოველწლიურად გაშვებული ასობით სატელიტით. მაშინ, როცა უმეტესობა ჩვენგანი სატელიტთა წამიერ გამობრწყინებას თუ მოვკრავთ ხოლმე თვალს, ასტრონომებისთვის ისინი უკვე იქცნენ დიდ დაბრკოლებად სამყაროზე დაკვირვების პროცესში.
"როგორც ქალაქებში არსებული სინათლით დაბინძურება ხდის შეუძლებელს, დავინახოთ შედარებით მკრთალი ვარსკვლავები, ასეთივე ტიპის პრობლემას აჩენს სატელიტები — ამ დაბრკოლების დაძლევა მძლავრი ტელესკოპის გამოყენების დროსაც კი რთულია", — ამბობს ჰანა ბეინარდი, გრინვინჩის სამეფო ობსერვატორიის ასტრონომი.
მაშინ, როცა სატელიტების მიერ გაწეული სამსახური, შესაძლოა, ღირდეს ზეცის გადასხვაფერებად, პარალელურად იგეგმება ისეთი ახალი ტიპის კოსმოსური ობიექტების გაშვება ორბიტაზე, რომლებიც წმინდა ესთეტიკურ მიზნებს მოემსახურებიან.
რუსულმა სტარტაპმა, StartRocket, საჯაროდ განაცხადა, რომ დედამიწის დაბალ ორბიტაზე 300-მდე პატარა სატელიტის გაშვება სურს. სატელიტებს დასაკეცი არეკვლადი აფრები ექნებათ და ისე განლაგდებიან ორბიტაზე, რომ მათზე მზის სხივების დაცემისას ცაზე კომპანიის ლოგოები თანავარსკვლავედებივით გამოისახება. ეს იმას ნიშნავს, რომ ღამით დაახლოებით ექვსი წუთის განმავლობაში ცაში ახედვისას ჩვენ პირველ სარეკლამო თანავარსკვლავედებს დავინახავთ.
კომპანიამ ახლახანს გაუშვა სტრატოსფეროში ზონდი ამრეკლავი გარსით, რომელიც სარკესავით მუშაობს. პროექტის ავტორები იუწყებიან, რომ მისი დედამიწიდან დანახვა შესაძლებელი იქნება. მაგრამ ორბიტაზე სატელიტთა მთლიანი ფლოტის გაშვება და მათი ფორმაციებში განთავსება ტექნიკური და ფინანსური თვალსაზრისითაც გაცილებით რთული გამოწვევაა. StartRocket იმედოვნებს, რომ ახალი სერვისის შეთავაზებას 2021 წლიდან დაიწყებს, როცა ცაში მშვიდობის ნიშანს გამოფენს.
კომპანია ირწმუნება, რომ სატელიტები არ იფრენენ ნაკრძალების თავზე და დიდი ქალაქების გარეთ უხილავნი იქნებიან, თუმცა ამ გეგმას ბევრი ისეთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რომლებისთვისაც ღამის ცაში ყურება პროფესია ან ჰობია. "კაპიტალიზმი სტრატოსფერულ სიმაღლეზე ავიდა. მე ასი პროცენტით ვეწინააღმდეგები კოსმოსის დაბინძურებისა და ღამის ცის კომოდიფიკაციის იდეას", — აცხადებს გინა ჰალაბი, ასტროფიზიკოსი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან.
ხაზგასასმელია, რომ მხოლოდ StartRocket-ს არ აქვს მსგავსი ამბიციები. ჩინურმა კომპანიამ გასულ წელს ხელოვნური მთვარის შექმნის გეგმა გააცხადა, რომელიც, ოფიციალური ვერსიით, 2020 წელს განხორციელდება. პროექტის ბევრი დეტალი ცნობილი არაა. მაგალითად, არ ვიცით, როგორი შესახედაობის იქნება ობიექტი ან როგორ იმუშავებს. მაგრამ გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ხელოვნური მთვარე 10-დან 80 კილომეტრამდე მანძილზე გაფანტულ მზის სინათლეს აირეკლავს და ის ნამდვილ მთვარეზე "რვაჯერ კაშკაშა" იქნება. თუმცა ამ პროექტის დაანონსების შემდეგ განახლებული ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.
ეს შემთხვევები არ ყოფილა ვარსკვლავისებრი ხელოვნების ნიმუშების ცაში განთავსების პირველი მცდელობები. 2018 წელს ბრილიანტის ფორმის მქონე ამრეკლავი სკულპტურის ორბიტაზე გაშვების პროექტმა წარუმატებლობა განიცადა. მის ფარგლებში ნევადის ხელოვნების მუზეუმი ხელოვან ტრევორ პაგლენთან თანამშრომლობდა, რათა კოსმოსში ორბიტული რეფლექტორი გაეშვათ. გეგმა წარმატებით რომ დასრულებულიყო, ობიექტი დედამიწიდან ახალი ვარსკვლავივით გამოჩნდებოდა. პროექტი მიზნად ისახავდა კოსმოსის პოლიტიკაზე საუბრის დაწყებას, რათა გარკვეულიყო, ვის აქვს კოსმოსის კომერციალიზაციისა და მილიტარიზაციის უფლება.
მაგრამ რეფლექტორის კოსმოსში გაშვების შემდეგ აშშ-ს მთავრობამ ინიციატივა შეაჩერა, რის გამოც ამრეკლავი ფარი ვეღარ გახსნეს და პროექტზე მომუშავე გუნდმა 35 დღის შემდეგ ობიექტთან კავშირი დაკარგა.
ამის მიუხედავად, პაგლენი იმედოვნებს, რომ დედამიწის ორბიტაზე გასულ სკულპტურას ჯერ კიდევ აქვს შანსი, ხილული გახდეს, თუკი მისი ელექტრონული სისტემა მოშლის პროცესში წარმოქმნის ისეთ მოკლე ჩართვებს, რომელიც ფარის გაშლის ოპერაციას შემთხვევით გაააქტიურებს.
"ვფიქრობ, ორბიტული რეფლექტორის ახლანდელი მდგომარეობა განუსაზღვრელ შესაძლებლობებს იტევს. ის ღამის ცაში მოგზაურ გაუხსნელ საჩუქარს ჰგავს", — ამბობს პაგლენი, — "თქვენი არ ვიცი და მე ნამდვილად მეჭირება თვალი ცაზე იმის მოლოდინში, რომ უცებ სრულიად ახალი ვარსკვლავი აკაშკაშდება".
მაგრამ იქამდე ორბიტული რეფლექტორი უბრალო ნაწილია სულ უფრო მზარდი კოსმოსური ნაგვის, რომელიც ჩვენი პლანეტის გარშემო მფრინავი ძველი ხომალდების, ვადაგასული სატელიტებისა და გაყინული საკანალიზაციო ნარჩენებისგანაც კი შედგება.
ჰალაბი ქედმაღლობად და ამპარტავნობად ნათლავს ჩანაფიქრს, რომლის მიზანიც ხელოვნური ინსტალაციებით ცის კამარის "გალამაზებაა".
ნევადის ხელოვნების მუზეუმის ხელოვნებისა და გარემოს ცენტრის დირექტორი, უილიამ ფოქსი კი მიიჩნევს, რომ ზეცის იმ ტილოსავით გამოყენება, რომელზეც ადამიანი თავის ხელოვნების ნიმუშებს გამოსახავს, ერთობ ღირებულია. "კოსმოსური ხელოვნება აფართოებს იმ სივრცის საზღვრებს, რომელიც ადამიანის სასუფევლად აღიქმება", — ამბობს ის. მართლაც, პრეისტორიული გამოქვაბულის ნახატებიც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი გარემოცვის ხელოვნების გამოყენებით შეცნობა ადამიანური ბუნების ნაწილია.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი პროექტები სხვა, ორბიტაზე მომუშავე კოსმოსური ობიექტებისთვის საფრთხის შემცველნი არიან. დედამიწის გარშემო არსებული კოსმოსური სივრცე კი უკვე მეტისმეტად გადატვირთულია.
ჩინეთი გეგმავს, რომ შექმნას საკუთარი კოსმოსური სადგური, რომელიც, თუ მართლაც ბოლომდე აშენდება, დედამიწიდან ასევე შეუიარაღებელი თვალით იქნება ხილული. ამასთან, SpaceX-საც მიეცა უფლება, გაუშვას 12 ათასი სატელიტი, რათა ძნელად მისადგომ ადგილებში ინტერნეტზე წვდომა უზრუნველყოს. მაისში 60 მათგანი უკვე გაეშვა 440 კილომეტრ სიმაღლეზე და ცაში მომზირალმა ადამიანებმა ისინი მაშინვე შენიშნეს. თუმცა, პროექტის მესვეურთა თქმით, სატელიტები ნელ-ნელა ზედა ორბიტებზე გადაინაცვლებენ და დედამიწიდანაც ნაკლებად შესამჩნევები გახდებიან.
რვა სხვა კომპანიას ასევე გეგმად აქვს სატელიტური ინტერნეტსერვისის შექმნა. მათ შორისაა ამაზონის შვილობილი კომპანია Kuiper Systems, რომელმაც ახლახანს მოითხოვა 3,236 ფართოხაზოვანი სატელიტის გაშვების ნებართვა. სფეისიქსიცა და ამაზონიც ირწმუნება, რომ ითვალისწინებენ სატელიტების მიერ შესაძლო დაბინძურების საფრთხეებს. თუმცა ცაში სულ უფრო მეტი ობიექტის გამოკიდებით უბედურ შემთხვევათა რისკი აშკარად იზრდება.
დღეისათვის დედამიწას გარს 8,400 ტონა ნაგავი უვლის მაქსიმუმ 28,800 კილომეტრი საათში სიჩქარით. კონტაქტის შემთხვევაში მათ სატელიტების დაზიანება ან განადგურებაც კი შეუძლიათ. მაგალითისთვის, 2009 წელს ფუნცქიადაკარგული რუსული სატელიტი შეეჯახა მოქმედ ამერიკულ კომერციულ სატელიტს, რის შედეგადაც ორივე ობიექტი 2 ათასამდე ნაწილად დაიშალა, რამაც კოსმოსური ნაგვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
ნასა ბოლო ხანებში ზედმიწევნით ადევნებს თვალს უმცირესი ნარჩენების გადაადგილებასაც კი და რეგულარულად აწარმოებს შეტაკების ასაცილებელ მანევრებს საკუთარი სატელიტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე იქცევა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიც. ჰალაბი გვაფრთხილებს, რომ შეტაკებათა საფრთხე სამეთვალყურეო, საკომუნიკაციო თუ სადაზვერვო ობიექტებით ცის მეტად გადატვირთვის კვალდაკვალ სულ უფრო გაიზრდება.
დღეისათვის არსებობს საერთაშორისო რეგულაციები, რომლის მიზანი კოსმოსური დაბინძურების შეზღუდვაა. ზოგიც მიიჩნევს, რომ ნარჩენების სპეციალურ ბადეებში მომწყვდევაა საჭირო. თუმცა, ამავდროულად, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ნარჩენების ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნაში ხედავენ გამოსავალს.
ჰოლანდიელი არტისტი და გამომგონებელი, დაან როუზგარდი ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობს, რათა მიაგნოს კოსმოსური ნარჩენების პრობლემის გადაჭრის ეფექტურ გზებს, რომელთა შორისაცაა ნაგვის გარდაქმნა ხელოვნურ ვარსკვლავთცვენად, რომელიც ღამის ცას ფეიერვერკივით გაანათებს. გეგმა გულისხმობს კოსმოსში გაბნეული ფრაგმენტებისთვის ბიძგის მიცემას, რათა მათ შერჩეულ დროს ატმოსფეროში ჩამოინაცვლონ და აალდნენ.
როუზგარდი გვთავაზობს, რომ შევცვალოთ დისკუსიის მიმართულება და კოსმოსურ ნარჩენებს შევხედოთ როგორც გამოყენების პოტენციალის მქონე რესურსს და არა — თავიდან მოსაშორებელ პრობლემას. მისი მტკიცებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება სამ წელიწადშია შესაძლებელი.
წარმატების შემთხვევაში კითხვა, რომელიც კაცობრიობას ჩვენი წინაპრების მიერ საფრანგეთის გამოქვაბულის კედლების მოხატვიდან აწუხებს, თვისობრივად ახალ საფეხურზე ავა. ცხოველთა და ხელოვნურ ვარსკვლავთა გამოსახულებები მხოლოდ ესთეტიკური ღირებულების მქონე დეკორაციად უნდა მივიჩნიოთ თუ ისინი რაიმე ღრმა სიბრძნეზე მიგვანიშნებენ? არიან ისინი ჩვენი შემოქმედებითობის კვალი თუ იმ ხელთუქმნელი გარემოს შერყვნას ემსახურებიან, რომელიც გარს გვახვევია?
ახლა ისე, როგორც არასდროს, სილამაზე მაყურებლის აღქმაზეა დამოკიდებული.
კომენტარები